საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქცია იმართება.
სტუ-ის პროფესორები და სტუდენტები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაერთიანდეს.
მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საპროტესტო ბანერები წარწერით: „ჩვენ არ დავთმობთ სტუ-ის“; „სტუ-ის ისტორია არ წაიშლება“; „ნუ კლავთ ტექნიკურ განათლებას“.
როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა მაია ბენიამ განაცხადა, ორი უნივერსიტეტი გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება თავად უნივერსიტეტთან შეთანხმებული არ ყოფილა, რაც მათი ლეგიტიმაციისა და იურიდიული უფლებების დარღვევაა.
„მთავრობის გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი იყო, გვაქვს უსამართლობის განცდა. დაირღვა ჩვენი ლეგიტიმაცია, ჩვენი იურიდიული უფლებები, რადგან უნივერსიტეტი არის ავტონომიური ორგანო, არავითარი შეთავაზება და განხილვა არ ყოფილა. 16 იანვარს უნივერსიტეტის იუბილე გვქონდა, ღონისძიებაზე მოვიდა მინისტრი, მთავრობა, გვაქეს, გვადიდეს, ბოლოს კი ამით დასრულდა ყოველივე. არ ვიცი, ეს რა ფარისევლობაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ იმ ადამიანებმაც არ იცოდნენ, რომ ეს მზადდებოდა, როცა აქ მოვიდნენ. სად მიიღეს ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილება და რატომ არის პანაცეა თსუ-ის და სტუ-ის შერწყმა, იქნებ აგვიხსნან ჩვენ, უვიცებს, რომლებმაც არაფერი ვიცით თურმე და ჩვენთან, თურმე განხილვას არ აქვს აზრი. თუ „გეპეი“ და თსუ ჰარვარდი და ოქსფორდი არ არის, როგორც ქვეყანა ვითარდება, ისე ვართ ჩვენც. ეს არის ჩვენი დედა უნივერსიტეტი და დავუშვათ, შენი დედა რომ მოხუცდეს, ავად გახდეს და დახმარება სჭირდებოდეს, ამ დედას გადააგდებ და ახალს მოიყვან? ჩვენ იმ დედას უნდა ვუმკურნალოთ, ვუწამლოთ, სისხლი გადავუსხათ. ამის ნაცვლად ავდგეთ და ვიღაცას შევერწყათ? ოჯახში რომ სატკივარი გქონდეს, სხვის ოჯახს შეერწყმები თუ რას იზამს? ან რა გაუმჯობესებაზეა საუბარი - თსუ-მა რა უნდა გაგვიუმჯობესოს, იმათ სხვა ნიშა აქვთ საერთოდ, ის არის ჰუმანიტარული სპეციალობების, ჩვენ - ტექნოლოგიური“,- განაცხადა მაია ბენიამ.