უკრაინამ Starlink-თან ერთად, პირველი ნაბიჯები გადადგა, რასაც რუსული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში სწრაფი შედეგები მოჰყვა , - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი სოციალურ ქსელში წერს.
„შემდეგი ნაბიჯი ისეთი სისტემის დანერგვაა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ ნებართვის მქონე ტერმინალების მუშაობას დაუშვებს. უახლოეს დღეებში უკრაინელი მომხმარებლებისთვის ინსტრუქციებს გავაზიარებთ, თუ როგორ დაარეგისტრირონ Starlink-ის ტერმინალები ვერიფიკაციისთვის. არავერიფიცირებული ტერმინალები გაითიშება“, - წერს ფედოროვი X-ზე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ში დაფუძნებულმა „ომის შესწავლის ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ რუსეთის არმია Starlink-ის თანამგზავრებს უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმების განსახორციელებლად იყენებს.
ხუთშაბათს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინა SpaceX-თან ერთად მუშაობდა, რათა რუსეთის მიერ დრონებისთვის Starlink-ის ინტერნეტ სისტემის გამოყენება შეეჩერებინა.
დღეს, SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა მიხაილ ფედოროვს უპასუხა, რომ „რუსეთის მიერ Starlink-ის უნებართვოდ გამოყენების შესაჩერებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა იმუშავა“.
„როგორც ჩანს, რუსეთის მიერ Starlink-ის უნებართვოდ გამოყენების შესაჩერებლად ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა იმუშავა. შეგვატყობინეთ, თუ კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო“, - დაწერა მასკმა X-ზე.