ირაკლი მელაშვილი - “კაბინეტებში გადაწყვეტილება მიიღეს და თქვეს, ახლა დაველაპარაკებით საზოგადოებასო - ეს მიუღებელია!..”
აკადემიური საბჭოს შეკრება - სტუ მთავრობის გადაწყვეტილებას მკვეთრად უპირისპირდება
მირიან მირიანაშვილი - “თუ ამერიკას მოუნდება საქართველოში შიდაპოლიტიკური დასაყრდენის მოძებნა, ლიდერს მომენტალურად იპოვის”
რატომ გადაწყვიტა ზელენსკიმ საქართველოში ახალი ელჩის გამოგზავნა
* * *
ირაკლი მელაშვილი - “კაბინეტებში გადაწყვეტილება მიიღეს და თქვეს, ახლა დაველაპარაკებით საზოგადოებასო - ეს მიუღებელია!..”
“რთული სათქმელია, ამ ე.წ. რეფორმის უკან რა იდეები და ინტერესები დგას. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ქვეყნის მოქალაქეებს და საკუთარ ვალდებულებებს. ხელისუფლებაში არიან პირები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ არა აქვთ არანაირი ანგარიშვალდებულება მოსახლეობას გააცნონ თავიანთი გეგმები, გაიარონ კონსულტაციები, შეათანხმონ გადაწყვეტილებები, ბოლოს და ბოლოს, გაიგონ მათი აზრი, ვისაც შეეხება მათი ე.წ. რეფორმები. კლასიკური ავტორიტარული რეჟიმის ნიშანია, როდესაც ძალაუფლების მქონე პირთა ჯგუფი ფიქრობს, რომ მხოლოდ მან იცის, რა არის გასაკეთებელი, რომ არა აქვთ არანაირი ვალდებულება საზოგადოების ინფორმირების, მასთან კონსულტაციისა და შეთანხმების... ხელისუფლება ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე და როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, ის ელაპარაკება საზოგადოებას, უხსნის თავის ნაბიჯებს და რეფორმებს პროფესიონალების მონაწილეობით ახორციელებს”, - აცხადებს ექსპერტი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კაბინეტებში გადაწყვეტილება მიიღეს და თქვეს, ახლა დაველაპარაკებით საზოგადოებასო - ეს მიუღებელია!..”
“არავინ ვიცით, ვის თავში მომწიფდა ეს ყველაფერი. კობახიძე ამბობს, განათლების სისტემა მუდმივად იყო კრიტიკის საგანი, აი, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები და ახლა აღმოჩნდა, რომ თსუ ჰარვარდი ყოფილა, სტუ კიდევ კემბრიჯიო. ვერ გაუგია, რომ ცვლილების წინააღმდეგი კი არ არის საზოგადოება, არამედ სჭირდება პასუხები კითხვებზე. ვინ, როგორ გააანალიზა და დაასკვნა, რომ ის, რასაც გვთავაზობენ, არის გზა, რომელიც გააუმჯობესებს განათლების სისტემას?! ადგნენ და ტელეეთერში უტიფრად გამოგვიცხადეს, რომ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება ამ ორი უძველესი და ავტორიტეტული სასწავლო დაწესებულების გაერთიანების, მაგრამ არავის დაუსაბუთებია და აუხსნია, რატომ არის გაერთიანება ოპტიმალური გზა... გვითხრეს, რომ რამდენიმე კაცი კაბინეტებში დაჯდა, ასე გადაწყვიტა და ჩვენ კეთილი უნდა ვინებოთ და მივიღოთ. გვიმტკიცებენ, რომ ისინი არიან გურუები, მხოლოდ მათ იციან, რა უნდა გაკეთდეს და არავის აქვს უფლება, რომ ამას შეეწინააღმდეგოს. გადაწყვეტილება მიიღეს და ამის მერე თქვეს, რომ დაელაპარაკებიან უნივერსიტეტებს და საზოგადოებასაც, თუ როგორ აპირებენ ამ გადაწყვეტილების ხორცშესხმას. აი, ეს მიდგომაა აბსოლუტურად მიუღებელი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“ასე ექცეოდა წინა ხელისუფლებაც განათლების რეფორმას და რა მივიღეთ ამის შედეგად, ბევრად ავამაღლეთ განათლების დონე? ეჭვი მეპარება. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლებები ასე არ იქცევიან. არავინ ამბობს, რომ უმაღლესი განათლების სფეროში ცვლილებები არ არის საჭირო, უამრავი რამ არის მოსაწესრიგებელი, დიახ, გვჭირდება თანამედროვე განათლების სისტემა, გვაკლია ინჟინრები, მაღალტექნოლოგიური კადრები, რის გარეშეც ქვეყანა ვერ განვითარდება. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება რეფორმები, მაგრამ მთავარი პრობლემა ისევ და ისევ ის არის, ვინ და როგორ გეგმავს და გაატარებს ამ რეფორმებს? ვინ იქნება პასუხისმგებელი მის შედეგებზე? ვინმემ აგო პასუხი წინა რეფორმების ჩავარდნაზე? მაღალი დონის უმაღლესი განათლება მივიღეთ ამის შედეგად? არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს კორუფცია ნამდვილად გავიდა უნივერსიტეტებიდან ეროვნული გამოცდების სისტემის შემოღებით. მე ვამბობ სხვა რამეს - როდესაც სახელმწიფო გეგმავს რეფორმას, მან უნდა თქვას მკაფიოდ, სად ვართ ახლა, რა კონკრეტული პრობლემები გვაქვს, რა არის რეფორმის ამოცანა, რა საკითხები უნდა გადაიჭრას, რა გზებით, უნდა გვითხრან, 5 თუ 10 წლის შემდეგ რა შედეგი გვექნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება “ოცნების” ახალ შემზღუდავ ცვლილებებს, ამგვარი კანონები არათუ ცივილიზებულ ქვეყნებში არ არსებობს, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ავტოკრატიულ რეჟიმებსაც კი არა აქვთ. მაგალითად, მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს ბელარუსსა და რუსეთშიც კი! ძალიან დიდ უცნაურობასთან გვაქვს საქმე. მარტივი მაგალითი: მოგეხსენებათ, “ფეისბუქს” აქვს მონეტიზაციის ფუნქცია, ანუ შენ თუ აქვეყნებ პოსტს და მას მოჰყვება აუდიტორიის ინტერესი, ბევრი ადამიანი ნახავს და გამოეხმაურება, შენ შესაძლოა რამდენიმე ცენტი ჩაგერიცხოს ანგარიშზე, თუ მონეტიზაცია ჩართული გაქვს, მაგრამ თუ ეს პოლიტიკური შინაარსის პოსტი იქნება და ეს რამდენიმე ცენტი ჩაგერიცხა, ხელისუფლების აზრით, შეიძლება ეს მიჩნეულ იქნეს გრანტად ახლებური განმარტებით და პოსტის ავტორი ციხეში აღმოჩნდეს. ეს აბსურდია და ამას ყველა ხვდება. კობახიძე და პაპუაშვილი რაც არ უნდა არ მოგვწონდეს, ისეთი უვიცები არ არიან, რომ ვერ ხვდებოდნენ ამ აბსურდს, არ იცოდნენ, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ., მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი გარკვეულწილად წყობიდან არიან გამოსული”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“რატომღაც იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოაგვარებდნენ ურთიერთობას, ბოლო პერიოდში აშკარად ცდილობენ დასავლეთისკენ დაახლოებით ამ შინაარსის მესიჯები გაუშვან, მზად ვართ თქვენთან ურთიერთობისთვის, ოღონდ ერთი პირობა გვაქვს, ამ ავტოკრატიული მეთოდებით კიდევ კარგა ხანს უნდა ვმართოთ ქვეყანაო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სჯეროდათ, თუ ამერიკელების ინტერესებს დააკმაყოფილებდნენ, ტრამპი იყო ის პრეზიდენტი, რომელიც საქართველოში დემოკრატიის საკითხს ფეხზე დაიკიდებდა და თვალს დახუჭავდა ყველაფერზე, რაც ხდებოდა და ხდება საქართველოში. ჩანს, ფიქრობდნენ, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის რიტორიკას თუ გაიმეორებდნენ ევროპის შესახებ, ამით აჩვენებდნენ ტრამპს, რომ მის გვერდით იდგნენ და ამით მოიპოვებდნენ მის კეთილგანწყობას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არ მუშაობს. “ოცნებამ~ დაიჯერა ზღაპრები, რომ დასავლეთს ფეხზე ჰკიდია დემოკრატიის ბედი ამა თუ იმ ქვეყანაში. მათ არ ესმით ერთი რამ - დასავლეთმა შეიძლება პრაგმატული მოტივებით თვალი დახუჭოს რესურსებით სავსე ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე, მაგრამ საქართველო ასეთი ქვეყნების რიგს არ მიეკუთვნება”, - დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.
“არანაირი მოტივაცია არც ტრამპს და არც ევროპელებს არა აქვთ, რომ ამ ანტიდემოკრატიულ სიურპრიზებს და “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ რიტორიკას შეეგუონ. დღეს მათ არავინ ელაპარაკება, არავინ ევაჭრება. ისინი კიდევ ჯიბრზე იღებენ ამ საშინელ კანონებს, ცდილობენ მაქსიმალურად შეზღუდონ სამოქალაქო საზოგადოება, პარტიები, დააკავონ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რადგან იმედი აქვთ, როგორც ლუკაშენკოს დაელაპარაკნენ, იქნებ ამათაც დაელაპარაკოს ვინმე და ამათაც ბარტყების გადაყრა დაიწყონ, მაგრამ არავინ შემოდის ამათთან დიალოგში. საქმე ისაა, რომ “ქართულ ოცნებას” არა აქვს რაიმე წონა, მეტიც, ძალიან კომიკურად გამოიყურება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობენ ითამაშონ ტრამპისა და ევროპელების ურთიერთწინააღმდეგობაზე. ვერ ხვდებიან რომ ევროპა და აშშ-ს ერთი ცივილიზაციის ნაწილები არიან... მეტიც, კვლავ სჯერათ საბჭოთა ზღაპრების, რომ დასავლეთი იმდენად ცინიკოსია, თუ მის ინტერესებს დააკმაყოფილებ, ყველაფერზე დახუჭავს თვალს”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თუ გავიხსენებთ, რა შემთხვევაში ამოქმედდა აქამდე “მოსკოვის მექანიზმი”, დავინახავთ, რა ურთულეს მდგომარეობაშია საქართველო” - პასუხობს:
“როგორ განვითარდება პროცესები, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის უკრაინაში ომზე, ირანში მიმდინარე მოვლენებზე და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რეგიონისთვის ა.წ. ივნისში სომხეთში ჩასატარებელი არჩევნები. თუ გაიმარჯვებს ნიკოლ ფაშინიანი, ეს ნიშნავს, რომ რეგიონიდან რუსეთის გასვლის პროექტი ჩართულია და ამერიკელების შემოსვლა იწყება ე.წ. ტრამპის გზით, რაც კიდევ უფრო მოსალოდნელს ხდის იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი გახდება. სულ ცოტა, ძალიან მკაცრად მოითხოვენ დემოკრატიზაციას, თავისუფალ არჩევნებს და ყველაფერ იმას, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლას ნიშნავს. იქნება სანქციების მუქარაც...”
“მოგეხსენებათ, უნგრეთშიც არჩევნებია და, დიდი ალბათობით, ორბანის ხელისუფლება შეიცვლება, რაც ევროპას ხელ-ფეხს გაუხსნის, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აამოქმედოს ერთიანი სანქციების სისტემა, რასაც მანამდე უნგრეთის ვეტოს გამო ვერ ახერხებდა. “ოცნებას” დიდი პერსპექტივა არ უჩანს, თუმცა ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა ქვეყანაში და დასავლეთის სიფრთხილეც ჩვენთან დაკავშირებით გამომდინარეობს იქიდან, რომ არ ჩანს პოლიტიკური ალტერნატივა, რომელსაც ექნება საზოგადოების მხარდაჭერა. დღეს ქართველი საზოგადოების ამოცანაა ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენა. პოლიტიკური ალტერნატივის ჩანასახს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. რაღაც პროცესები მიდის, თუმცა ამ ეტაპზე უმნიშვნელო. რატომღაც ახლა აჩემებული აქვთ გაერთიანების იდეა, არადა, გაერთიანება არ არის პანაცეა. თუ სისულელეში გაერთიანდებიან, ყველა ერთად გადაიჩეხება”, - თვლის ექსპერტი.
“როდესაც ამ ტიპის რეჟიმს ებრძვი, შენ უნდა შექმნა მისი ალტერნატივა, ანუ ადამიანებს დაანახო, რატომ ხარ მასზე უკეთესი. ჯერჯერობით ოპოზიცია ალტერნატივას კი არ ქმნის, ხელისუფლების სარკისებრ ეფექტს გვთავაზობს - “ქართულ ოცნებას” რა დამოკიდებულებაც აქვს განსხვავებული აზრის მიმართ, იმავეს ვხედავთ ოპოზიციაშიც, რა აგრესიული რიტორიკაც აქვს ხელისუფლებას, იმნაირადვე ლაპარაკობს ოპოზიციაც და ა.შ. საზოგადოება უპირველესად ამ გარეგნული ნიშნებით აფასებს პოლიტიკურ ძალებს. ხელისუფლება და ოპოზიცია კიდევ ამ ნიშნებით იმდენად სარკისებურად ჰგვანან ერთმანეთს, ეს საზოგადოების უკურეაქციას იწვევს. ყველა გამოკითხვით ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა არსებული ხელისუფლებით, მაგრამ ოპოზიცია ამ უკმაყოფილების კაპიტალიზაციას ვერ ახდენს, რადგან ვერ ახერხებს საზოგადოებას შესთავაზოს პროგრამა, იდეა, ლიდერები... ვერ არწმუნებს მოქალაქეებს, რომ რეალურად შეუძლია ხელისუფლების შეცვლა, რასაც უკეთესობა მოჰყვება”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი.
აკადემიური საბჭოს შეკრება - სტუ მთავრობის გადაწყვეტილებას მკვეთრად უპირისპირდება
“ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებაზე ტექნიკურ უნივერსიტეტში სერიოზული პროტესტი გამოიწვია. ლექტორები და სტუდენტები მთავრობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ღია წერილით “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავენ. ასევე ჩანიშნულია სტუ-ს აკადემიური საბჭოს საგანგებო შეკრება, სადაც საკითხს განიხილავენ, რომელიც, ორშაბათს ან სამშაბათს გაიმართება. სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ კი განაცხადა, რომ მომავალ კვირას განათლების მინისტრთან კონსულტაციები ექნება, თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს და გეგმავს, აკადემიური საბჭო შეკრიბოს და ღია მსჯელობა გამართოს. “ამის პოლიტიკისკენ წაყვანის უფლებას არავის მივცემთ. აქ ადამიანების დათვლის უფლება არ აქვს. პროფესორები თავებით არ ითვლებიან. მე არსად გადადგომას არ ვაპირებ. სანამ მაქვს ეს უფლება სახელმწიფოსგან, ვარ თქვენი არჩეული და ლეგიტიმაცია მაქვს, თქვენთან ერთად ვარ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული. ამიტომ თითოეული სტუდენტის და ლექტორის აზრი მაინტერესებს, ამიტომ ვიმსჯელოთ. იქნება ღია შეხვედრა და იქნება მსჯელობა. ვაცნობებ განათლების მინისტრს, ის საქართველოში არ არის, თუმცა მასთან კონტაქტი მაქვს”, - განაცხადა რექტორმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი" სტატიაში სათაურით აკადემიური საბჭოს შეკრება და მინისტრთან კონსულტაციები - სტუ მთავრობის გადაწყვეტილებას მკვეთრად უპირისპირდება.
“ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ჰუმანიტარული მიმართულებებისა და დუბლირებული ფაკულტეტების დათმობის შეთავაზება, გურგენიძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ერთი წელია მიმდინარეობდა და ფაქტობრივად შეჯერებული იყვნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, იშუამდგომლოს განათლების რეფორმის შემმუშავებელ კომისიასთან, რათა აკადემიურ საზოგადოებას მიეწოდოს “სრული და ამომწურავი ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შინაარსის, მიზნების, განხორციელების მექანიზმებისა და ვადების შესახებ”. როგორც სტუ-ს წერილშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების მოთხოვნაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე, პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მოხდეს საჯარო განხილვა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვერ განიხილება როგორც რომელიმე სხვა ინსტიტუციის სტრუქტურული დანაყოფი ან “სკოლა”. ჩვენი თითოეული საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი წარმოადგენს დამოუკიდებელ სამეცნიერო-აკადემიურ სკოლას, რომელმაც ჩამოაყალიბა და განავითარა საინჟინრო აზროვნება და პრაქტიკა საქართველოში. ჩვენი ქვეყნის განვითარება იყო, არის და, რწმენა გვაქვს, იქნება დაფუძნებული ქართველი ინჟინრების ცოდნასა პროფესიულ პასუხისმგებლობაზე. ეს არ არის მხოლოდ ემოციური სტუ-ს აკადემიური საზოგადოების მოთხოვნაა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე, პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მოხდეს საჯარო განხილვა ჩვენს საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან. ან მოხდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების დასწრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვაზე”, - ნათქვამია განცხადებაში”, - განაგრძობს გამოცემა.
“ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 31 იანვარს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია გაიმართა. აკადემიური და სამეცნიერო წრეები, ასევე სტუდენტები, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. ისინი მზად არიან შეხვდნენ მინისტრსა და პარლამენტის განათლების კომიტეტის წარმომადგენლებს და არგუმენტირებულად დაუსაბუთონ, რა მიზეზით არის გაუმართლებელი ორი უნივერსიტეტის გაერთიანება. მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ საპროტესტო ბანერები წარწერით :”სტუ-ს ისტორია არ წაიშლება”; “ნუ კლავთ ტექნიკურ განათლებას”. როგორც უნივერსიტეტის პროფესორმა მაია ბენიამ განაცხადა, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება თავად უნივერსიტეტთან შეთანხმებული არ ყოფილა, რაც მათი ლეგიტიმაციისა და იურიდიული უფლებების დარღვევაა, აქვთ უსამართლობის განცდა”, - დასძენს გამოცემა.
“დაირღვა ჩვენი იურიდიული უფლებები, რადგან უნივერსიტეტი არის ავტონომიური ორგანო, არავითარი შეთავაზება და განხილვა არ ყოფილა. 16 იანვარს უნივერსიტეტის იუბილე გვქონდა, ღონისძიებაზე მოვიდა მინისტრი, მთავრობა, გვაქეს, გვადიდეს, ბოლოს კი ამით დასრულდა ყოველივე. ეს რა ფარისევლობაა! სად მიიღეს ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილება და რატომ არის პანაცეა თსუ-ის და სტუ-ის შერწყმა, იქნებ აგვიხსნან ჩვენ, უვიცებს, რომლებმაც არაფერი ვიცით თურმე და ჩვენთან თურმე განხილვას არ აქვს აზრი. თუ “გეპეი” და თსუ ჰარვარდი და ოქსფორდი არ არის, როგორც ქვეყანა ვითარდება, ისე ვართ ჩვენც. ეს არის ჩვენი დედა უნივერსიტეტი და დავუშვათ, შენი დედა რომ მოხუცდეს, ავად გახდეს და დახმარება სჭირდებოდეს, ამ დედას გადააგდებ და ახალს მოიყვან? ჩვენ დედას უნდა ვუმკურნალოთ, ვუწამლოთ, სისხლი გადავუსხათ. ამის ნაცვლად ავდგეთ და ვიღაცას შევერწყათ? ოჯახში რომ სატკივარი გქონდეს, სხვის ოჯახს შეერწყმები თუ რას იზამს?” - განაცხადა მაია ბენიამ, რომლის აზრით, “ან რა გაუმჯობესებაზეა საუბარი - თსუ-მ რა უნდა გაგვიუმჯობესოს, იმათ სხვა ნიშა აქვთ საერთოდ, ის არის ჰუმანიტარული სპეციალობების, ჩვენ - ტექნოლოგიური”, - წერს სტატიის ავტორი.
მირიან მირიანაშვილი - “თუ ამერიკას მოუნდება საქართველოში შიდაპოლიტიკური დასაყრდენის მოძებნა, ლიდერს მომენტალურად იპოვის”
“როდესაც ვაანალიზებთ დასავლური ელიტების დამოკიდებულებას და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათ ჩართულობას საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში, უნდა ვიხელმძღვანელოთ მათი ლოგიკით, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი ლიდერების ლოგიკით კი საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშაა. შესაბამისად, ისინი რეალურად რუსეთს ებრძვიან საქართველოსთვის. მათთვის შიდაპოლიტიკური პროცესები და ადამიანის უფლებების საკითხები ინსტრუმენტებად გამოიყენება, მთავარი მიზანი კი რუსეთის გადაჭარბებული გავლენის შემცირებაა საქართველოში. დასავლელი ელიტების აზრით, საბოლოოდ საქართველო რუსეთს მაინც ჩამოშორდება და სწორედ ამიტომ ცდილობენ აქ საკუთარი პოლიტიკური წონა წინასწარ გაიმყარონ. მათ ეს მცდელობა არ ექნებოდათ, რომ არ სჯეროდეთ, რომ ამერიკის ზეწოლა რუსეთზე საქართველოსა და მთლიანად კავკასიის გამო, მზარდი ტენდენციის ნაწილია და საბოლოოდ რუსეთის უკან დახევით დასრულდება. დასავლეთ ევროპას არა აქვს საკმარისი ძალისმიერი ბერკეტები რეგიონში, თუმცა იციან, რომ ამერიკული ფაქტორი ამ დეფიციტს ავსებს”, - აცხადებს ექსპერტი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “როდის ყოფილა საქართველოში პროცესები ქვეყნის შიგნიდან მართული?”
“ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესების დინამიკას. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ქცევასა და რეჟიმის გამკაცრებისკენ მისწრაფებას, ამის ლოგიკაც საგარეო კონტექსტიდან გამომდინარეობს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ირანის მოვლენების შემდეგ ამერიკის პოლიტიკური და სამხედრო ჩართულობა რეგიონში გარდაუვალია და, ადრე თუ გვიან, ზეწოლა საქართველოზეც გადმოვა. სწორედ ამიტომ ცდილობენ მაქსიმალურად გამყარებული პოზიციები ჰქონდეთ, რათა ამერიკელებს არ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ “ქართული ოცნება” ადვილად დასამხობია. რეჟიმის გამკაცრება ამ ლოგიკის ნაწილია...ამერიკელებისა და ირანელების მოლაპარაკების მაგიდა უკვე არსებობს და ის ომანშია, კონკრეტულად, დედაქალაქ მასკატში. ირანის ელიტისთვის ომანი უნიკალური და სანდო შუამავალია, ისინი არ ენდობიან სხვა არც ერთ მხარეს. ამის ისტორიული მიზეზიც არსებობს: ჰორმუზგანის რეგიონსა და ომანს შორის ძლიერი ნათესაური კავშირებია, რაც მე პირადად კარგად ვიცი, ბენდერ-აბასში სამი წელი ვიცხოვრე. რეალურად დღეს ამერიკისა და ირანის დავის ერთადერთი სერიოზული საკითხი გამდიდრებული ურანია. საუბარია დაახლოებით ორ ტონაზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“ამერიკელებს სურთ 20-60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის გატანა ირანიდან. ირანი მზად არის ეს არაოფიციალურად გააკეთოს, უხმაუროდ, სახის დაკარგვის გარეშე, ტრამპის ადმინისტრაციას კი სურს, ეს საჯარო იყოს პოლიტიკური ეფექტისა და შიდა პიარისთვის. ირანელებისთვის ურანის გადაცემა, ფაქტობრივად, კაპიტულაციის ტოლფასია. აქ არის მთავარი ჩიხი - თუ შეთანხმება ვერ შედგა, ყველაფერი მზად არის სამხედრო ესკალაციისთვის, რასაც ირანისთვის უკიდურესად მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ქვეყანა ისედაც შიდაეთნიკური დაძაბულობის ზღვარზეა... ირანის დესტაბილიზაცია საქართველოსთვის სერიოზული მაგალითია და სწორედ ამიტომ ცდილობს პრემიერი კობახიძე შიდაპოლიტიკური სივრცის მაქსიმალურად გამკაცრებას, ივანიშვილს არ სურს გახდეს რეგიონში `მეორე ნომერი~ ირანის შემდეგ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“თუ ამერიკა რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ფორმით შევა - ავიამზიდებით, სარაკეტო კრეისერებითა და საჰაერო კომპონენტით (ეს, მინიმუმ, 6-8-თვიან პერიოდს მოიცავს), ავტომატურად ნიშნავს ზეწოლას რეგიონის ყველა სახელმწიფოზე, მათ შორის საქართველოზეც. საქართველო მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბია და სამხედრო-პოლიტიკური ოპერაციის კონტექსტში მასზე ყურადღება გარდაუვალია. თუ რეგიონში ანტიამერიკული რეჟიმი დაეცემა, საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ხელისუფლებას ასევე ანტიამერიკულად აღიქვამს, ეს შესაძლოა ძლიერ ემოციურ სტიმულად ექცეს. ასეთ ვითარებაში, ამერიკული ზეწოლის პარალელურად, საზოგადოებრივი ენერგეტიკა ხელისუფლების წინააღმდეგ მაღალ დონეზე ავა და პოლიტიკური მანიფესტაციების განახლების წინაპირობაც შეიქმნება. ხელისუფლება ამ ლოგიკიდან გამომდინარე ცდილობს მაქსიმალური სიმკაცრით გააკონტროლოს შიდაპოლიტიკური მუხტი, რათა პროცესები არ გავიდეს მისი კონტროლის ფარგლებს გარეთ”, - განმარტავს ექსპერტი.
“წარმოიდგინეთ, ირანის ცენტრალური ხელისუფლების დეზინტეგრაციამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მთლიან რეგიონზე. ქურთები, დრუზები და სხვა ჯგუფები სრულიად სხვა მოტივაციით იმოქმედებენ. ყველა დაიწყებს საკუთარი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროექტების გააქტიურებას. მათ შორის იქნებიან აზერბაიჯანელებიც, რომლებიც ეცდებიან “ორი აზერბაიჯანის” გაერთიანების პერსპექტივა წამოსწიონ. ამით რეგიონი ერთიანად “დაიქოქება” უფრო ინტენსიურად, ვიდრე დღეს არის. და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ქართველი საზოგადოების შიდაპოლიტიკურ კონტექსტს არ შეეხება? შეეხება და დიდი დოზებითაც. ამ დროს კი ოპოზიცია რეალურად მხოლოდ სახელწოდებით არის ოპოზიცია. ამ პოლიტიკურ ჯგუფს არ გააჩნია არც ენერგეტიკა და არც ლიდერი ჰყავს. სხვა შემთხვევაში ამ მანიფესტაციების შედეგები შეიძლება თვისებრივად განსხვავებული ყოფილიყო. საუბარია იმაზე, რომ რეგიონში საზოგადოებრივი ენერგეტიკა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს და ეს საქართველოზეც გადმოვიდეს, და, დიდი ალბათობით, ასეც იქნება”, - ამტკიცებს მირიან მირიანაშვილი და შეკითხვაზე - “კი, მაგრამ ეს “დაქოქილი” ენერგეტიკა ვიღაცამ ხომ უნდა მართოს?” - პასუხობს:
“როცა ამბობთ, ვიღაცამ უნდა მართოსო, ქვეყნის შიგნიდან მართვას გულისხმობთ? როგორ გეკადრებათ! როდის ყოფილა საქართველოში პროცესები ქვეყნის შიგნიდან მართული? სწორედ ამიტომ ღელავს ხელისუფლება, რომ გარედან არ მოადგეს სერიოზული რისკები. ბიძინა ივანიშვილს ადგილობრივი ლიდერების არ ეშინია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, არ არსებობენ. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ივანიშვილს ჯაფარიძე ან გვარამია აღელვებს? პრობლემა სხვა რამეშია: თუ ამერიკას მოუნდება საქართველოში შიდაპოლიტიკური დასაყრდენის მოძებნა, ლიდერს მომენტალურად იპოვის და ზუსტად ისე, როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ძალიან სწრაფად შექმნის დასაყრდენს. შემდეგ ცენტრალურ ხელისუფლებას ამ დასაყრდენით დააშანტაჟებს, ხელი არ დაადოო, თორემ…სხვანაირად პროტესტი არსად არ “იქოქება”...
“რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება ამერიკის დამოკიდებულება. ამ ეტაპზე ამერიკელებს საქართველოს საკითხზე პოლიტიკური პაუზა აქვთ აღებული. მიამიტი უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ ამერიკელები საქართველოსთან დაკავშირებულ რაღაც გადაწყვეტილებას ამზადებენ. ქრონოლოგიაც მეტ-ნაკლებად ცნობილია: ირანის საკითხის მოგვარების შემდეგ. ერთადერთი ინტრიგა ის იყო, ამერიკელები საქართველოს თემას უკრაინის კონტექსტში განიხილავდნენ... ირანის საკითხის დასრულების შემდეგ გადმოინაცვლებდნენ ამიერკავკასიაზე. მაგრამ განიხილავენ საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცის ჭრილში თუ წინა აზიის კონტექსტით, აი, ეს იყო მთავარი კითხვა. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს საკითხში პოლიტიკური აქტუალიზაციის ეტაპი დაიწყება ამერიკის მცდელობით, ბიძინა ივანიშვილის “გადაბირებით”, - დაასკვნის ექსპერტი.
“ივანიშვილი მიამიტი ნამდვილად არ არის. ენჯეოების ფულით რომელ ქვეყანაში მომხდარა სახელმწიფო გადატრიალება? ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. რა ენჯეოები, რა გიგაური - ამაზე საუბარიც კი უხერხულია. ხელისუფლების ცვლილების მექანიზმი ყველამ იცის: ასეთ პროცესებს ან თავად ამერიკული ელიტა ხელმძღვანელობს, ან ყველაფერი მასთან შეთანხმებით მიმდინარეობს. ხელისუფლების დაწესებული შეზღუდვები უფრო სიგნალია ამერიკისთვის, ვიდრე რეალური ინსტრუმენტი. ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს, რომ აკონტროლებს ვითარებას. ამერიკის მთავარი მოთხოვნა უცვლელია - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დატოვოს ანტიამერიკული პლატფორმა. მთავარი ინტრიგა ის არი, აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს რესურსი ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ამ ეტაპზე ამერიკელებს არ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის ჩანაცვლება პრიორიტეტია. მათი მიზანია, საქართველო ჩამოშორდეს ანტიამერიკულ პოლიტიკურ კურსს. თუ ეს ნაბიჯი არ გადაიდგა, პრობლემები გარდაუვალია. თუმცა, თუ ამერიკული ზეწოლით მოხერხდება ქვეყნის რუსული ორბიტიდან გამოყვანა, თანამდევი პრობლემებიც ეტაპობრივად მოგვარდება”, - დასძენს მირიანაშვილი.
რატომ გადაწყვიტა ზელენსკიმ საქართველოში ახალი ელჩის გამოგზავნა
“თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ უკრაინას საქართველოში ელჩი ეყოლება - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ბროდოვიჩის დანიშვნაზე განკაგურებას ხელი უკვე მოაწერა. თუმცა, უკრაინული მედიის ცნობით, ეს საკითხი პრეზიდენტის ოფისსა და უკრაინის საგარეო უწყებას შორის უთანხმოების მიზეზი გახდა. გარდა ამისა, გაირკვა სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ოფიციალურმა კიევმა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინული გამოცემა “ევროპეისკაია პრავდა” ოფიციალურ სტრუქტურებში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ელჩის დანიშვნის რეალური მიზეზი იყო უკრაინის მოქალაქეების გახშირებული დეპორტაცია რუსეთიდან საქართველოში. იდეა პრეზიდენტის ოფისისგან მოდიოდა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამის წინააღმდეგი იყო და ალტერნატიული ვარიანტების განხილვას ემხრობოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შიდა დაპირისპირება ელჩის დანიშვნაზე და სხვა დეტალები - რატომ გადაწყვიტა ზელენსკიმ საქართველოში ახალი ელჩის გამოგზავნა.
“გასული წლის ივლისში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ანდრეი სიბიგა ამბობდა, რომ “რუსეთი ახდენს უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციის ინსტრუმენტალიზაციას” და მათი შეთავაზება იყო, რომ “ამის ნაცვლად რუსეთმა მათი ტრანსპორტირება განახორციელოს პირდაპირ უკრაინის საზღვართან”. მან განაცხადა, რომ 2025 წლის ივნისიდან დაწყებული “რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოსთან საზღვართან უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციის რაოდენობა, უმეტესწილად - ყოფილი მსჯავრდებულებისა”, რის შედეგადაც ათობით ადამიანი “ჩარჩენილი” იყო რუსეთ-საქართველოს საზღვართან ტრანზიტულ ზონაში. მათ საბუთები არ ჰქონდათ წესრიგში, რის გამოც არც რუსი მესაზღვრეები აძლევდნენ მათ უკან რუსეთში დაბრუნების უფლებას და ვერც ქართველი მესაზღვრეები უშვებდნენ საქართველოში. “ევროპეისკაია პრავდა” თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი პაუზის შემდეგ საქართველოში ელჩი რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეების საქართველოში გახშირებული დეპორტაციების გამო დანიშნა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ელჩის დანიშვნის გადაწყვეტილებამ ზელენსკის ადმინისტრაციისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის უთახმოება გამოიწვია. ანდრეი სიბიგას უწყება ასეთ ნაბიჯის გადადგმის წინააღმდეგი იყო, რადგან ელჩის დანიშვნა შეიძლება აღქმულიყო, როგორც კიევის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისა და კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობის აღიარება, რადგანაც ახალმა ელჩმა სწორედ მას უნდა გადასცეს ოფიციალურად რწმუნებათა სიგელები. ამიტომაც განიხილებოდა ალტერნატიული ვარიანტები - უკრაინის დროებითი რწმუნებული, ან სპეციალური წარმომადგენელის დანიშვნა პრეზიდენტის ბრძანებულებით. “ევროპეისკაია პრავდა” დასძენს, რომ ელჩის დანიშვნა ზელენსკის მხრიდან თბილისთან დიალოგის დაწყების მზაობას მიანიშნებს, თუმცა “საქართველოს რეაქცია ყოველთვის მეგობრული არაა”. სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ უკრაინის მოქალაქეთა გახშირებულ დეპორტაცია მართლაც ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, თუმცა, სავარაუდოდ, იყო სხვა მნიშვნელოვანი მიზეზებიც”, - განაგრძობს გამოცემა.
„გახშირებულ დეპორტაციასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ მე მგონი მთლად ასე არ იყო საქმე, რადგან უკრაინის საელჩოს აქ ვინც ჰყავდა, დროებითი რწუნებული, ისიც საკმაოდ კარგად არეგულირებდა ამ საკითხს. როგორც ვიცი, ჩვენები რეალურად პრობლემებს უქმნიდნენ უკრაინის იმ ტერიტორიებიდან წამოსულ ადამიანებს, რომლებიც რუსული ოკუპაციის ქვეშაა და აიღეს რუსული ტიპის დოკუმენტაცია, მაგალითად დონეცკი, ლუგანსკი... საქართველო ტერიტორიული მთლიანობის თემას იცავდა და ბუნებრივია, რომ სეპარატისტული რეგიონიდან შემოსული მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა, თორემ უშუალოდ უკრაინის მოქალაქეებთან ერთი-ორჯერ იყო გასულ წელს ასეთი პრობლემა და ესეც მოგვარდა. საქართველოში მოქმედებს სპეციალური სამსახური, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება. ჩვენები უკრაინელ მოქალაქეებს საზღვარზე პრობლემებს არ უქმნიან, პირიქით, ეხმარებიან, რაც მართალია უნდა ვთქვათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“საქართველომ ბოლო პერიოდში უკრაინას საერთაშორისო ორგანიზაციებში საკმაოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დაუჭირა მხარი, მათ შორის მეორე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებით. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა უკრაინასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებსაც, რამაც კრემლიც კი გააკვირვა. ჩემი აზრით, ზელენსკი ალბათ შეეცადა, რომ ამის საპირწონედ ელჩი დაენიშნა, რომ რაღაც დიალოგი მაინც დაწყებულიყო. უკრაინისთვის საქართველო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა როგორც საზღვაო თვალსაზრისით, ისე არაღიარებული ტერიტორიების მიმართ პოზიციით. ალბათ ეს ჟესტი იყო, რომ ელემენტარულად გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე რაღაც საერთო კოორდინაცია მაინც ყოფილიყო, რომ საქართველო მთლად არ ჩაეფლოს პრორუსული ორბიტის ქვიშაში და არ იქნას გამოყენებული რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების ერთგვარ ზონად. ახლა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული როგორ განავითარებს ურთიერთობებს. კობახიძის ხელისუფლება მანევრირებას ცდილობს. როგორც ჩანს, მათ კრემლთან პირდაპირი დიალოგის პოლიტიკა ჩაუვარდათ. შესაძლოა უკრაინას ეს არ გამორჩა და ეს ნაბიჯი გადადგა”, - დასძენს მაისაია.