გიორგი სიორიძე - „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება რუსული გზის გამეორებაა

ფარისევლობაა, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები: კობახიძე, პაპუაშვილი, სამხარაძე, მოდიან არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორიდან, არამედ მათივე გაგებით, გაცილებით უფრო დიდი საფრთხიდან, როგორიც არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორები - ალბათ, ამან მაინც უნდა გამოაფხიზლოს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არ არის რუსული გზა, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

სიორიძის თქმით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება რუსული გზის გამეორებაა.

„გრანტების შესახებ კანონმდებლობის ცვლილება სწორედ ის შედეგია, რომელზეც ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებოდით 2-3 წლის წინ, რომ ეს იყო რუსული გზის გამეორება. იმ გზის, რომელიც პუტინის რუსეთმა 2012 წლიდან გაიარა ივანიშვილის საქართველოში. ეს ყველაფერი დაჩქარებული წესით გხვდება. მოქალაქეების იმ ნაწილს, რომლებიც პროპაგანდით იკვებებიან და პროპაგანდით იქმნიან წარმოდგენას რეალობაზე, მათ თუ ადრე სჯეროდათ, რომ ამას მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ექნებოდა მავნე შედეგი, ახლა ალბათ, უნდა დარწმუნდნენ, რომ ის თითოეულ მოქალაქეს შეეხება. ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ოჯახის წევრი უცხოეთში ჰყავს, საიდანაც ისინი უგზავნიან სარჩოს, თანხას. ყოველწლიურად, საქართველოში საზღვარგარეთიდან გზავნილები 3.3 მილიარდია. ყველა ადამიანი შეიძლება გახდეს ახლა ამ ფინანსური რეპრესიების მსხვერპლი. ყველას შეიძლება შეეზღუდოს ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა პოლიტიკური საქმიანობის უფლება, გამოხატვის, სიტყვის თავისუფლება.

ამავდროულად, ფარისევლობაა, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები, როგორებიც არიან კობახიძე, პაპუაშვილი, სამხარაძე, მოდიან არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორიდან, არამედ მათივე გაგებით, გაცილებით უფრო დიდი საფრთხიდან, როგორიც არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორები. დონორები, რომლებიც თურმე მაშინ კარგ საქმეს აკეთებდნენ. ახლა გამოჩნდა, რომ ყოფილან საქართველოს შიდა საქმეებში ჩამრევი მავნებლური ორგანიზაციები. ალბათ, ამან მაინც უნდა გამოაფხიზლოს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არ არის რუსული გზა“, - განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება „გრანტის“ განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება“ განმარტავს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად საქართველოს მთავრობას მიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის წესით დაეკისრება.

გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. როგორც „ქართული ოცნება“ აცხადებს, თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება და ამ გრანტის გაცემას საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა დასჭირდება.

თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას - ჯარიმის სახით უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!