ვალერი ჩეჩელაშვილი - რეგიონში რუსეთის გავლენები სუსტდება, სომხეთი და აზერბაიჯანი ხელიდან ეცლება, რჩება მარტო საქართველო, ამიტომ ჩვენზე შემოტევისთვის მოსკოვის მოტივაცია იზრდება - რუსეთს ამისთვის ბევრი რესურსი არ დასჭირდება

ვფიქრობ, ამერიკელებს „ქართული ოცნების“ ის ნარატივიც აღიზიანებთ, როცა ამბობენ, „აი, ჩვენ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა“. ამაში გამაღიზიანებელია ის, რომ აშშ-ს მილიარდობით დოლარი აქვს ინვესტირებული საქართველოს სახელმწიფოებრიობაში და „ახალი ფურცლიდან“ დაწყება რას ნიშნავს? ევროპასთან კი საერთოდ ჩაჩეხილია ყველანაირი კომუნიკაციის არხი. „ქართული ოცნების“ ლიდერები ისეთი ლექსიკონით მიმართავენ ევროპელებს, რომ ამ ენას დიპლომატიურს ნამდვილად ვერ დაარქმევ, - ამის შესახებ დიპლომატმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან ისაუბრა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯე დი ვენსის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტზე, რომლის ფარგლებში ის სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. დიპლომატის შეფასებით, თავისდათავად ძალიან საგანგაშოა ის, რომ რეგიონში ჩამოდის ვიცე-პრეზიდენტი და თბილისს არ ეწვევა. მისი თქმით, ამას ხელი შეუწყო იმ წერილებმა, რომელიც ჯი დი ვენსს და პრეზიდენტ ტრამპს „ქართული ოცნებიდან“ მისწერეს, წერილი კი იყო „ჭკუის სწავლების ტონში“.

„ჩვენ გვახსოვს, თბილისში ვიცე-პრეზიდენტის, პრეზიდენტ ჯორ ბუშის ვიზიტი. ჩამოვიდა მარტო თბილისში და სხვა ქვეყნებისკენ არც კი გაუხედავს. პენსი ჩამოვიდა ჩვენთან და არ წასულა ჩვენ ორ მეზობელთან. ერთი იყო დიკ ჩეინის ვიზიტი, რომელიც აზერბაიჯანს ეწვია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯეი დი ვესნი, ალბათ, თვლის, რომ დღეს-დღეობით „ქართულ ოცნებასთან“ სალაპარაკო არაფერი არ არის. მე ვფიქრობ, ამას ხელი შეუწყო იმ წერილებმა, რომელიც მისწერეს ჯეი დი ვენსს და პრეზიდენტ ტრამპს „ქართული ოცნებიდან“. წარმოიდგინეთ, დიპლომატების ჯგუფი, რომელიც მუშაობდა სომხეთ-აზერბაიჯანის ამ სამშვიდობო გარიგებაზე და ამზადებდა შეხვედრას ვაშინგტონში, რა თქმა უნდა, მათ ხედვაში ასევე საქართველო იყო წარმოდგენილი იმიტომ, რომ საქართველოს გარეშე სამხრეთ კავკასია არ არსებობს, მაგრამ ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ დიალოგი ჯეი დი ვენსის კაბინეტში - ბატონო ვიცე- პრეზიდენტო, ხომ არ განიხილავთ საქართველოს... და მერე, რა თქმა უნდა, ის წერილი გაახსენდება, სადაც დიდაქტიკური, ჭკუის სწავლების ტონში მიმართავდა მას ბატონო ირაკლი კობახიძე და ეუბნებოდა, „ასე უნდა მოიცეს, ისე უნდა მოიქცეს“. უნდა იცოდე, რა ემოციური სურათია, ემოციურად, რა პიროვნებები არიან ტრამპი და ჯეი დი ვესნი. მაგათთან ურთიერთობაში ყველაფერი შეიძლება მოიფიქრო, მაგრამ ჭკუის სწავლება და დიდაქტიკა ნამდვილად არ არის ის ტონი, რომლითაც შეიძლება მათი გულის მოგება. ვფიქრობ, ამერიკელებს „ქართული ოცნების“ ის ნარატივიც აღიზიანებთ, რომ „აი, ჩვენ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა“. ამაში გამაღიზიანებელია ის, რომ აშშ-ს მილიარდობით დოლარი აქვს ინვესტირებული საქართველოს სახელმწიფოებრიობაში, სამხედრო პოლიტიკური პოტენციალის განვითარებაში, ჰუმანიტარულ დახმარებაში, განათლების პროგრამებში და ა.შ. და „ახალი ფურცლიდან“ დაწყება რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ, ეს ყველაფერი ჩვენ დავივიწყეთ, აღარ გვახსოვს არაფერი? C ჰეპატიტთან ბრძოლის რამდენიმე ასეული მილიონით დაფინანსებული პროგრამა მაინც არ უნდა გვახსოვდეს? ამიტომ, რატომ უნდა დავიწყოთ ურთიერთობა ახალი ფურცლიდან? ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის უნიკალური ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში, რომელიც გვქონდა“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

მისი თქმით, საერთაშორისო იზოლაციის ფონზე საქართველოს წინაშე იზრდება საფრთხეები, რადგანაც საქართველოს სიძლიერე მდგომარეობდა იმაში, რომ ქვეყანას ჰყავდა სერიოზული დასაყრდენები, გეოპოლიტიკური ძალები - აშშ, ნატო და ევროკავშირი. მისი თქმით, ის, რომ ამ გეოპოლიტიკურi მოთამაშეებისთვის საქართველო იყო რეგიონში ყველაზე სანდო პარტნიორი, ეს იყო საქართველოს რეგიონული რეპუტაციის ძალიან სერიოზული საფუძველი. ჩეჩელაშვილის შეფასებით, დღეს საქართველო ამ ყველაფრის გარეშე დარჩა.

„ახლა, ჩვენ დავრჩით პრაქტიკულად ამის გარეშე. ევროპასთან საერთოდ ჩაჩეხილია ყველანაირი კომუნიკაციის არხი. „ქართული ოცნების“ ლიდერები ისეთი ლექსიკონით მიმართავენ ევროპელებს, რომ ამ ენას დიპლომატიურს ნამდვილად ვერ დაარქმევ. რაც შეეხება საფრთხეს, რა თქმა უნდა, საფრთხე ჩვენს მიმართ არის მხოლოდ რუსეთიდან, სხვა მხრიდან ჩვენ საფრთხე არ გვაქვს და რა საფრთხეს ვხედავ მე - რუსეთის გავლენები რეგიონში სუსტდება, ხელიდან ეცლება აზერბაიჯანი და სომხეთი. სომხეთთან დაკავშირებით კიდევ აქვს რაღაც ბოლო გაფართხალება რუსეთს, რაც უკავშირდება ივნისში არჩევნებს. არიან ვიღაც ფიგურები, რომლებსაც სერიოზულად უჭერს მხარს, სომხური წარმოშობის რუსი ოლიგარქი კარაპეტიანი, რითაც რუსეთი ცდილობს, რომ ფაშინიანს დაუპირისპიროს პრორუსული ძალები და შეიყვანოს პარლამენტში. თუ ეს ასე მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვეცემა რაღაც ამოსუნთქვის საშუალება. თუ ეს ასე არ მოხდა, შესაბამისად, დარჩება მარტო საქართველო, როგორც გავლენის შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიაში. ახლა ამას ისიც დაუმატეთ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე სუსტი რგოლი, რუსეთის ფედერაციის საზღვრების მთელ პერიმეტრს რომ გაჰყვეთ - ცენტრალური აზია, იქ ჩინეთს ძალიან მკაცრად აქვს გაცხადებული, რომ ამ ქვეყნების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი ვარ მე, ჩინეთი! შესაბამისად, ამას გაუწევს ანგარიშს რუსეთი. ბალტიის ქვეყნები ნატო-ს წევრი ქვეყნებია, დარჩა უკრაინა, სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანთან ხუმრობა ახლა რთულია იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი, კარგად გაწვრთნილი არმია ჰყავს, შესაბამისად, თურქეთი და პაკისტანი, ამიტომ რჩება საქართველო, როგორც სუსტი რგოლი. რა შეიძლება გააკეთოს მოსკოვმა? ჯერ ერთი მოსკოვის მოტივაცია ჩვენზე შემოტევის შესახებ გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ დაიდო ზავი უკრაინასთან იმიტომ, რომ ეს იქნება შიგნით რუსეთში, კრიტიკის საგანი და პუტინს დასჭირდება საგარეო არეალში რაღაც სწრაფი გამარჯვება. აქ კი ყველაზე სუსტი წერტილი ჩვენ ვართ. რა შეიძლება რუსეთმა გააკეთოს? მაგალითად ულტიმატუმის ენით მოგვთხოვოს რკინიგზის გახსნა აფხაზეთზე, ან თქვას: „ჩვენ ძირეულ ინტერესებში შედის ანაკლიის გრძელვადიანი არენდა და ვთხოვთ, საქართველოს ხელისუფლებას, რომ გრძელვადიან არენდაში მოგვცეს ანაკლია. თუკი ეს ულტიმატუმები არ შესრულდება, მაშინ იტყვის, როგორც არაერთხელ უთქვამს - „ეს ჩვენ ძირეულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“ ან ძალიან ბანალურად, უფრო აქტიურად გააგრძელებს ე.წ. მცოცავ ოკუპაციას და გადაკეტავს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანს. ეს საფრთხეებს წარმოადგენს იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ჩვენ ვართ იზოლაციაში და მორე მხრივ, ჩვენი პოტენციალი რეალურად არ გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენ რამდენიმე ჯერზე, სამწუხაროდ, შევამცირეთ სამხედრო ბიუჯეტი. რუსეთს კი [მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან ომი აქვს] არ დასჭირდება ბევრი რესურსი იმისთვის, რომ ეს განახორციელოს. თუ დასჭირდა ამის ერთადერთი შემაკავებელი იქნება მხოლოდ ის, თუ რუსეთს ექნება შეგრძნება, რომ ეს შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, მაგრამ ეს შეგრძნება არ აქვს, ვინაიდან ჩვენ ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობები ნამდვილად არ გვაქვს“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!