თავისთავად, ჩვენ ყველა ვიღებდით მონაწილეობას „ენჯეოებთან“ ერთად როგორც მუშაობაში, ისე კონსულტაციაში და ა.შ. - ყველა ტრენინგზე მივიღე ის საჭირო და აუცილებელი ცოდნა, რაც უნდა მიმეღო, მაგრამ მათგან განსხვავებით, სისხლი არ გადამისხამს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, უარი არ უთქვამს „ქართველობაზე, ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე და ინტერესებზე იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვისაც ნამდვილად სჭირდება გაგრილების პერიოდი“.
მისივე თქმით, ახალი არაფერია იმაში, რომ ოდესღაც შესაძლოა, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდნენ.
„გრანტების შესახებ“ კანონის მიღების მოტივაცია არ შეცვლილა - ქართველმა ხალხმა უცხოეთიდან შემოსული თანხებისა და მისი მიზნობრიობის თაობაზე უნდა იცოდეს. თუ ამ მიზანზე ვთანხმდებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულებაა, რომ კანონი სრულყოფილი გავხადოთ. ვიცი, რომ ამ კანონის გვერდის ავლის არაერთი შემთხვევა იყო, მათ შორის მუქარაც, რომ ყველანაირ გზებს მოძებნიდნენ, რათა კანონის გვერდის ავლით „ენჯეოები“ დაეფინანსებინათ. არ ვიცი, კანონის გვერდის ავლა რატომ იყო საჭირო, რა საქმიანობა უნდა ეწარმოებინათ. კანონის გვერდის ავლის შესაძლებლობა უცხოეთში ფილიალების გახსნა გახდა. თუ მიზანზე ვთანხმდებით, რა თქმა უნდა, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ კანონს დამატებითი მექანიზმი სჭირდება, რათა დაფინანსება, რომელიც უცხოეთიდან შემოდის და არავინ ვიცით, რა მიზნებს ისახავს, უფრო გამჭვირვალე გახდეს.
ვფიქრობ, ყველასთვის ძალიან კარგად არის გასაგები, რომ ეს თანხების გადმორიცხვა, რა თქმა უნდა, არ ეხება არც ემიგრანტებს, არც სასწავლოდ მიღებულ თანხებს, არაფერს. აქ მნიშვნელობა აქვს მიზნობრიობას და ვფიქრობ, კანონის მიზნებიდან გამომიდინარე, მისი აღმასრულებელი სწორად განმარტავს ამ ყველაფერს.
თქვენ ახლა, ახალს ვერაფერს ამბობთ იმითი, რომ ოდესღაც შესაძლოა, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი მუშაობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში. აქ არ არის საუბარი „ენჯეოებზე“. თავისთავად, ჩვენ ყველა ვიღებდით მონაწილეობას მათთან [„ენჯეოებთან“] ერთად როგორც მუშაობაში, ისე კონსულტაციაში და ა.შ. ერთ-ერთი „ენჯეო“ წარმომადგენლის მნიშვნელოვანი კომენტარი მახსენდება, რომელმაც დამიკომენტარა, რამდენ ჩვენს ტრენინგზე ხარ ნამყოფიო. ჩემი პასუხი არის ასეთი: ყველა ამ ტრენინგზე, რა თქმა უნდა, მივიღე ის საჭირო და აუცილებელი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ცოდნა, რაც უნდა მიმეღო, მაგრამ სისხლი არ გადამისხამს მათგან განსხვავებით. ანუ, ჩემს ქართველობაზე, ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე და ინტერესებზე უარი არ მითქვამს იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვისაც ნამდვილად სჭირდება „გაგრილების პერიოდი,“ - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება „გრანტის“ განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.