ირაკლი კობახიძე - ინვესტორთა ნდობა იზრდება - Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული ინვესტიცია იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს ლოგისტიკისა და ინოვაციების გრძელვადიან პარტნიორადაც აღიქვამს

ინვესტორთა ნდობა იზრდება, Eagle Hills-ის მიერ ახლახან განხორციელებული 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არამხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ ლოგისტიკის, განვითარებისა და ინოვაციების გრძელვადიან პარტნიორადაც აღიქვამს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის ბიზნესისთვის მზაობის რეიტინგში საქართველო 101 ქვეყნიდან საუკეთესო ოთხეულშია 2025 წლის მონაცემებით კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად.

„ასევე, ეფექტურობისა და დავების ოპერატიული გადაწყვეტის მხრივ, მეორე ადგილზე ვართ მსოფლიოში, ხოლო ბიზნესის ადგილმდებარეობის მხრივ - მეოთხე. Fraser Institute-ის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის ინდექსით, მსოფლიოს 165 ქვეყნიდან 25-ე ადგილზე ვართ. დანაშაულის მსოფლიო სტატისტიკის 2025 წლის ინდექსში NUMBEO საქართველოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ოცეულში ასახელებს. ეს ყველაფერი ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინვესტიციებისთვის, ბიზნესის ზრდისა და საერთო ეკონომიკური სტაბილურობისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო, რომელიც აკავშირებს კონტინენტებს და წარმოადგენს კავკასიის, კასპიის ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის შვიდი ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნისთვის სატრანსპორტო და დამაკავშირებელი მთავარი ცენტრის როლს, მოუწოდებს მთავრობებს, ინვესტორებს და ბიზნესლიდერებს, ითანამშრომლონ მდგრადი მიწოდების ჯაჭვების შექმნაში - ისეთების, რომლებიც შეამცირებენ რისკებს, გააფართოებენ შესაძლებლობებს და ფრაგმენტაციას დაძლევენ კავშირების შექმნით.

„არსებობს დერეფანი, სადაც ტვირთი, მონაცემები, ენერგია და კაპიტალი პროგნოზირებად რეჟიმში მოძრაობს კონტინენტებზე - სადაც ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფილია თანამშრომლობით და არაა პოლიტიკით შეზღუდული და სადაც მშვიდობა არა მხოლოდ პრინციპია, არამედ გააზრებული ეკონომიკური სტრატეგიაც. ამ ფრაგმენტირებულ სამყაროში კეთილდღეობა გამყოფი კედლებიდან კი არა, ხიდებიდან იქმნება. დღეს, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ერების სიმდიდრე ამ ხიდების მშენებლებზეა დამოკიდებული.საქართველო მზადაა, ერთ-ერთი ასეთი ხიდი თავად იყოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც.

„ვავითარებთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს - სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას, რომელიც შექმნილია დიდი კონტეინერმზიდი გემების მისაღებად და შავი ზღვის პორტების სიმძლავრეების გასაზრდელად. ანაკლია არა მხოლოდ პორტია; ის პლატფორმაა ტრანზიტის მაჩვენებლების ზრდის, გლობალური გადაზიდვის ხაზების მოზიდვისა და შავი ზღვის, როგორც ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი კარიბჭის როლის გასაძლიერებლად.

გვჯერა, რომ ვაჭრობის ხელშეწყობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ამიტომ საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს ეფექტურ სასაზღვრო პროცედურებს, პროგნოზირებად ტრანზიტს და საერთაშორისო გადაზიდვების გამარტივებას.

ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, ეფექტურ მარეგულირებელ ჩარჩოსთან და რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, ქმნის ინტეგრირებულ ეკოსისტემას, რომელიც არა მოკლევადიანი სარგებლის, არამედ გრძელვადიანი მდგრადობისთვის არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!