„ძაღლი ყეფს - ქარავანი მიდისო“, - როგორც იტყვიან - ჩვენი მიზანი არ არის ვიღაცის გულის მოგება, ჩვენი მიზანია საქართველოში კანონმდებლობის იმგვარად მოწესრიგება, რომ პოლიტიკაში უკანონო ფულის ბრუნვა თავიდან ავირიდოთ, - ასე უპასუხა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გრანტებთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მაიკლ ო’ფლაერტის კრიტიკას.
ამასთან როგორც მახაშვილმა განმარტა, თითოეული საკანონმდებლო ცვლილება ნაკარნახევია წინა გამოცდილებით, როდესაც ორგანიზაციები ყველანაირად ცდილობდნენ „საკანონმდებლო ხვრელის“ პოვნა და ქართლი პოლიტიკაში „უკანონო ფულის“ შეტანას.
„თითოეული ეს ცვლილება არის ნაკარნახევი იმ წინარე კონტექსტით, რაც იყო ჩვენს ქვეყანაში, როდესაც კანონმდებლობის მიღების კვალდაკვალ, ჩვენ ვხედავდით მცდელობებს, რომ თავიდან აერიდებინათ ამ კანონის გატარება. ვიღებდით ერთ კანონს, ეძებდნენ მისი შემოვლის გზებს, ვიღებდით შემდეგ კანონმდებლობას, რომ ეს პროცესი მოგვეწესრიგებინა, მაგრამ კვლავ ახალ საკანონმდებლო ხვრელებს პოულობდნენ. ეს კანონმდებლობა სწორედ ამას ემსახურება, რომ თუკი რამე არის დარჩენილი ამ მიმართულებით, რომ კანონმდებლობას გვერდი აუარონ, შეეცადონ მაინც საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით ქართულ პოლიტიკაში ფული შემოიტანონ უკანონოდ, სწორედ ამ პროცესების გადაზღვევას ემსახურება ეს კანონმდებლობა.
„ძაღლი ყეფს- ქარავანი მიდისო“,- როგორც იტყვიან - ჩვენი მიზანი არ არის ვიღაცის გულის მოგება, ჩვენი მიზანია საქართველოში კანონმდებლობის იმგვარად მოწესრიგება, რომ პოლიტიკაში უკანონო ფულის ბრუნვა თავიდან ავირიდოთ. ჩვენ ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველასთან მზად ვართ დავსხდეთ და ვისაუბროთ, ოღონდ არა უბრალოდ საუბრისთვის, არა უბრალოდ დაჟინებული მუშტების რტყმისთვის, რომ გააუქმეთ ესა თუ ის კანონიო, არამედ იმ მიზნით, რომ კონკრეტული პრობლემა მოგვარდეს. თუ მზად არიან, განსაკუთრებით დონორები, რომლებიც ამ ფულს აგზავნიან სხვადასხვა მეთოდით, რომ კონკრეტულ პრობლემაზე ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, აღარ გახდება საჭირო ახალი კანონმდებლობის შექმნა. კრიტიკა კრიტიკად, მაგრამ ვისურვებდი, რომ კონკრეტული გამოსავალი შემოგვთავაზონ ამ ადამიანებმა, თორემ ყველაზე მარტივი კრიტიკაა და ათას რამეს იპოვი კონკრეტულ კანონმდებლობაში, მაგრამ აქ მთავარია, რომ კონკრეტული პრობლემა მოგვარდეს. ჯერ მხოლოდ ცარიელი სიტყვები გვესმის და არა პრობლემის მოგვარების კონკრეტული გზები.
დონორების მაქსიმალური მიზანია, რომ ფული დამალონ, არ გამოაჩინონ საკუთარი თავი. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რომელიმე ერთი დონორის პრობლემაა, დონორი თავისთავად არ არის წყარო, დონორი არის ბერკეტი სხვა უფრო ფართო არაფორმალური გავლენების ხელში, რომ საქართველოში ფული შემოიტანონ. ამიტომ პრობლემა არის არა აქ, სახელმწიფოში, არამედ გარედან, საიდანაც ეს ფული შემოდის და რატომაც ცდილობენ, რომ ამ ფულის შემოსვლა დამალონ, საზოგადოებას არ გაუმჟღავნონ. კარგი პროგრამების შემთხვევაში ეს მით უფრო გასაკვირია, იმიტომ, რომ სახელმწიფო ყოველთვის მზად იყო არა უბრალოდ თანხმობა გასცეს, არამედ მხარი დაუჭიროს და მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს ამ ორგანიზაციებს, რომ კარგი საქმე გაკეთდეს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტმა შეშფოთება გამოთქვა შვიდ სხვადასხვა კანონში შეთავაზებული ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მიღების შემთხვევაში, ეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს დაუწესებს.