ნანა სანდერი - ცდილობენ, ჩემი ტკივილები ფსიქიატრიულთან დააკავშირონ, შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა და ცდილობდა, მისთვის, ძალით ემკურნალა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მარიამ მეყანწიშვილის, ნანა სანდერისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

სხდომას ბრალდებულთა ნაწილი ესწრება.

სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა ხორციელდება.

„მადლობა მათ, ვინც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გულთან მიიტანა. ჩემი განცხადების შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების მხრიდან რაღაც საკითხების გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა კვლავ არ მაქვს ორთოპედიული მატრასი. ცდილობენ, რომ ტკივილები, რომლებიც მაწუხებს ფსიქიატრიულთან დააკავშირონ. შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა და ცდილობდა, მისთვის ძალით ემკურნალა. ახლა კი ჩემს მიმართ ხორციელდება მუქარა. ასევე, საჭმელი 2 „სმენაა“ არ მომეწოდება. ბადრაგმა კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა.

სასამართლომ უნდა მომისმინოს, ვეგანი ვარ და ვეგანური საკვები უნდა მომეწოდოს. ჩემი განცხადებების შემდეგ ჩემს მიმართ განწყობები შეცვლილია. მეუბნებიან, რომ ჩემთვის საჭმელი არ არის, ეს არაადამიანური მოპყრობაა. ბადრაგმა მითხრა, რომ უზრდელი და ქუჩიდან მოყვანილი ვარ",- განაცხადა ნანა სანდერმა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!