კომპანია „არემჯის“ და „ქართულ-გერმანული ღვინის სახლის“ მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული არქივის კინო-თეატრში თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის - „დაკარგული ფოტოების ამბავი“ წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართა. ინფორმაციას კომპანია „არემჯი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე, ასევე, გასული საუკუნის 20-ან წლებში, ბოლნისში გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყო, რომლის სავარაუდო ავტორიც ამ დრომდე უცნობი ადგილობრივი ფოტოგრაფი ერვანდ ხანგულიანცია.
„2025 წლის შემოდგომას თომა ჩაგელიშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოგვითხრობს XIX-XX სს.-ის კატარინენფელდსა (ახლანდელი ბოლნისი) და თანამედროვე ბოლნისის ერთ-ერთი უძველესი სახლის სხვენში აღმოჩენილი ფოტო-არქივის შესახებ. ფოტოები გერმანელი კოლონისტების და ქართველების ყოფას, მათ ადათ-წესებს, საქმიანობასა და რიტუალებს ასახავს.
შემთხვევით აღმოჩენილი რამდენიმე ასეული ნეგატივი, აცოცხლებს ეპოქას და საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში არსებული გერმანული კოლონიებისა და მათი ცხოვრების ხელახლა შეფასებისა და გააზრების საშუალებას იძლევა.
ფილმი, მაყურებელს აცნობს თანამედროვე ბოლნისსაც - ქალაქში შემორჩენილ უნიკალურ არქიტექტორულ ნიმუშებს, აღდგენილ მეღვინეობის ტრადიციას, ბოლნისელ მეღვინეებსა და მათ ნაწარმს. დოკუმენტურ ფილმში ყურადღება ეთმობა ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს, როგორც ერთის მხრივ, უნიკალური ქართულ-გერმანული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს, ხოლო მეორეს მხრივ, ამ რეგიონში ღვინის წარმოების ქართული და გერმანული ტრადიციების თავმოყრისა და გაგრძელების ადგილს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნატალი ნოზაძე აღნიშნავს, „არემჯისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით პროექტების ხელშეწყობა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილობრივი მეღვინეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ გერმანულ კვალთან და ტრადიციებთან, რომელიც ამ ადამიანებმა ბოლნისში გასული საუკუნის წინ დატოვეს. ვფიქრობ, სწორედ ამ კვალის გაცოცხლებას, მის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიტანას ემსახურება ეს ფილმი. სურვილი გვაქვს ბოლომდე ჩავერთოთ პროცესში და ხელი შევუწყოთ როგორც ფოტო ნეგატივების შესწავლას, ასევე მათ სხვადასხვა სივრცეებში გამოფენას,“ - აღნიშნავს ნატალი ნოზაძე.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „არემჯი“, 2018 წლიდან ახორციელებს ბოლნისური მეღვინეობის მხარდაჭერის პროგრამას, რომლის მიზანია ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია და ადგილობრივი მცირე მარნების განვითარების ხელშეწყობა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს ბოლნისში გაიხსნა „ქართულ-გერმანული ღვინის სახლი“, რომელიც მულტიფუნქციურ სივრცეს წარმოადგენს და ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციასთან ერთად, ბოლნისის, მთლიანად ქვემო ქართლის მდიდარი ისტორიის გაცნობას ემსახურება.