ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026

“ჩარეცხილები”, რაც სააკაშვილის პერიოდში გამოიყენეს, კვლავ გაჩნდა - იგორ კვესელავა უნივერსიტეტების შეერთებაზე

“ოცნების” ინიციატივა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებაზე - სამართლებრივი ასპექტები და პრაქტიკული შედეგი

ყოველი მეორე ადამიანი საკრედიტო მახეშია გაბმული

* * *

“ჩარეცხილები”, რაც სააკაშვილის პერიოდში გამოიყენეს, კვლავ გაჩნდა - იგორ კვესელავა უნივერსიტეტების შეერთებაზე

“ისტორიკოსი იგორ კვესელავა თბილისის სახლმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტის შეერთებას კვესელავა უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ შესაძლოა უმაღლეს სასწავლებელში რაღაც საკითხები მოსაგვარებელი ყოფილიყო, მაგრამ ამხელა რეორგანიზაციისთვის მზად არავინაა. არც იმას გამორიცხავს, რომ ხელისუფლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდეს. “ყველამ იცის, რომ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს განათლების სისტემის რეორგანიზაცია მოხდა. იმ პერიოდშიც იქნა შეცდომები დაშვებული, მაგრამ იქ ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, როცა ამხელა დაწესებულებაზეა ლაპარაკი და სისტემის თავში მდგომი პირები ყველაფერს წყვეტენ, ასეთი ნაბიჯების გადადგმა ნამდვილად არასწორია”, - აცხადებს იგორ კვესელავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩარეცხილები”, რაც სააკაშვილის პერიოდში გამოიყენეს, კვლავ გაჩნდა - იგორ კვესელავა უნივერსიტეტების შეერთებაზე.

“თვითონ კი არ უნდა გადაწყვიტონ, არამედ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ეს წინასწარ უნდა დაიგეგმოს, თუნდაც გაზეთში გამოაცხდონ, ანუ მეცნიერ-პროფესორებისთვის უნდა გაეზიარებინათ, თუ რას აპირებდნენ, ეკითხათ აზრი. სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა და თვითნებურად ფაკულტეტების გაუქმება და ლექტორების გაყრა დაიწყო. სიტვა “ჩარეცხილები”, რომელიც სააკაშვილის პერიოდში გამოიყენეს, კვლავ გაჩნდა. იმ დროსაც ამას ცუდი შედეგები მოჰყვა. წლების განმავლობაში რომ უნივერსიტეტში ასწავლიან და მერე ქუჩაში გაყრიან, ეს ნამდვილად არ არის კარგი. ამიტომ ვამბობ, რომ წინასწარ შეიძლებოდა საკითხის განხილვა სხვადასხვა გზით და არა ასე, პირდაპირ კაბინენტების გაუქმებით. ახლა რომ ვაკვირდები პროცესებს, მთლად ეგრე არა, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში როგორც მოხდა, იგივენაირად მეორდება. მოულოდნელად მოხდა, თუმცა კი იძახიან ვიღაცეებმა იცოდნენო. თუ ამაზე ინფორმაცია ვინმეს ჰქონდა, აუცილებლად უნდა თქვას, ამის ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეთ. არც ერთ ქვეყანაში ასე არ ხდება, უცებ, ჩუმად არავინ აკეთებს. ვინაიდან ასე დაფარულად გააკეთეს, ხალხისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ამის ერ-ერთი მიზეზი ესეც იყო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.

“ამ ხელისუფლებას ვურჩევ, რომ ყველაფერი ცხადი გახადოს და საზოგადოებას განსჯის საშუალება მისცეს. ეს ძალიან მარტივი იყო. თან შუა სასწავლო პერიოდში აცხადებენ ასეთ რამეს, დამთავრებულიყო სემესტრი და მერე ეთქვათ, კაცო. ირაკლი კობახიძეა მთავრობის სათავეში და, წესით, უნდა იცოდეს, რომ შუა პერიოდში და ასე მოულოდნელად საქმე არ კეთდება. სწორედ ამიტომაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამას პარტიულ გადაწყვეტილებად აღიქვამს. კითხვა ჩნდება, საჭიროა თუ არა საერთოდ ამ ორი უნივერსიტეტის შეერთება? ჩვენ უნივერსიტეტის სხდომაზეც ვისაუბრეთ, რომ სასწავლებელი განახლებას საჭიროებს, ეს აუცილებელია. ბევრი რამე შესაცვლელია, ჯერ კიდევ ძველი მიდგომებია. მე ვეთანხმები იმასაც, რომ სტუდენტს ყველა საჭირო პირობა უნდა ჰქონდეს. ყველა პრობლემა მოგვარებული უნდა იყოს, ამაზე არავინ დაობს. თუმცა აქ ფორმაზეა საუბარი, რასაც ახლა ესენი აკეთებენ, ამის აუცილებლობა არ იყო. კიდევ ვიმეორებ, პროფესორები საქმის კურსში უნდა ყოფილიყვნენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თვითონ იძახიან, რომ დისკუსიები საჭიროა, მაგრამ არ მესმის, განათლების საკითხზე რატომ არ შეიძლებოდა დებატები გამართულიყო?! საქართველოში 19-მდე სახელმწიფო უნივერსიტეტია, ე.ი. რადგან ეს ასეა და თვითონ აფინანსებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად მათ უნდა მართონ? ამ ლოგიკას მიჰყვებიან. ე.ი., რადგანაც მე გაფინასებთ, ჩემი უნდა იყოთო და ჩემი პოლიტიკა უნდა გაატაროთო, ამას ეუბნებიან. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ეს მიდგომა მარტო პროფესორებს კი არ ეხება, არამედ სტუდენტებსაც. საქმე ისაა, რომ “ქართულ ოცნებას” ჰგონია, ყველაფერში მართალია... არაერთხელ მითქვამს, მათი ბოლო დროინდელი რეფორმები შეიძლება გამოწვეულია იმით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან”, - დასძენს იგორ კვესელავა.

“ოცნების” ინიციატივა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებაზე - სამართლებრივი ასპექტები და პრაქტიკული შედეგი

“ქართულ ოცნებას” მორიგი შემზღუდავი ინიციატივა აქვს - სანქციები და მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს და ჯგუფებს, რომლებიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას საჯაროდ არ აღიარებენ. ჯერჯერობით უცნობია “ოცნება” ამ იდეას პრაქტიკაში როდის და როგორ განახორციელებს, თუმცა ოპონენტებისგან თავშივე დახვდა მწვავე კრიტიკა. “უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება მოწესრიგდეს, როცა ადგილი აქვს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ექსტრემისტულ გამოვლინებას! - გერმანიაში ადამიანი ამბობდა, რომ იყო მეფე, ჩვენ გვყავს ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტია”, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, კანონით განისაზღვროს და სს პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც საჯარო მოწოდებას გააკეთებს კონსტიტუციური ორგანოების არცნობის შესახებ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნების” ინიციატივა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებაზე - სამართლებრივი ასპექტები და პრაქტიკული შედეგი.

“გორდულაძემ ამ განცხადებით, პარლამენტის 3 თებერვლის სხდომაზე სხდომაზე დეპუტატ ლევან მაჭავარიანს უპასუხა, რომელმაც სესიაზე დასვა კითხვა, ხომ არ უნდა იფიქროს პარლამენტმა რაიმე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ აქტივისტების მიმართ, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალის მიერ იმართება და სხვებსაც მოუწოდებენ ასეთი ქმედებებისკენ. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ “ოცნების” ეს ინიციატივა სამართლის პრინციპებს თავდაყირა აყენებს. “ეს ერთი მხრივ ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” ძალიან შეშინებულია, მეორე მხრივ კი იმას, რომ მას საერთოდ არ ესმის, რა არის კონსტიტუციონალიზმი”, - ამბობს ხმალაძე, რომლის თქმით, “მოქალაქე უნდა აღიარებდეს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ წესრიგს და არა ხელისუფალს, თუ მიაჩნია, რომ ეს ხელისუფალი არღვევს კონსტიტუციას, - აღნიშავს გამოცემა.

“ჩვენთან ხომ სწორედ ეს პრობლემაა? წლებია არ მსმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ან პირი აპროტესტებდეს იმას, რომ საქართველო კონსტიტუციით საპარლამენტო რესპუბლიკაა. ეს ხალხი აპროტესტებს იმას, რომ ხელისუფლებამ კონსტიტუცია დაარღვია, არჩევნები გააყალბა და არსებული ფაქტობრივი ხელისუფლება ამიტომაა არალეგიტიმური. ახლა ესენი გვეუბნებიან, თუ შენ იტყვი, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, მაშინ მე შენ ციხეში ჩაგსვამო. ასეთ რამეებს საბჭოთა კავშირის დროს აკეთებდნენ - ადამიანებს ასამართლებდნენ, ციხეში სვამდნენ, ქვეყნიდან აგდებდნენ იმის გამო, რომ ეს ადამიანები საბჭოთა წყობილებას სახელს უტეხავენო. განა მე - კონკრეტულ ხელისუფალს, არამედ წყობილებას უქმნიან საფრთხესო. “ოცნების” წარმომადგენლები უფრო შორს წავიდნენ, ამბობენ, რომ ვინც ჩემი ხელისუფლების კანონიერებას არ აღიარებს, ყველა დამნაშავე იქნება. აბა რაღა უნდა თქვა ადამიანმა?” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არჩევნების შესახებ კანონი არსებობს და ეს კანონი სამართლიანი უნდა იყოს და ადამიანებს ხელისუფლების მიმართ პრეტენზია უჩნდებათ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ეს კანონი დაარღვია და ისე მოიპოვა ხელისუფლება. რადგან არსებობს წესები, ეს ნიშნავს, რომ არსებობს წესების დარღვევის საფრთხეც, ამიტომ წერია კანონებში, რომ თუ ამას დაარღვევ, მაშინ ასე დაისჯები.ესენი გვეუბნებიან, რომ მე თუ დავარღვევ, ეს დასჯადი არაა და შენ თუ იტყვი, რომ ამის გამო მე ვარ უკანონო და უნდა დავისაჯო, მაშინ შენ დაგაპატიმრებ, დამნაშავე ხარო. ეს ხომ სამართლის პრინციების თავდაყირა დაყენებაა?” - დაასკვნის ხმალაძე.

“ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს “ოცნების” იდეა მოსწონს, მისი განცხადებით, საუბარია საჯარო მოწოდებების დასჯადობაზე, რომლებიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ამავდროულად, კანონებისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას: “ის, რასაც დღეს განიხილავს “ქართული ოცნება”, საბოლოო ჯამში ერთ რამემდე დადის: სახელმწიფო ცდილობს დააწესოს სისხლის სამართლებრივი ბარიერი - კონსტიტუციური ორგანოების დელეგიტიმაციისკენ მიმართული საჯარო კამპანიებისა და “პარალელური ხელისუფლების” მშენებლობის მცდელობების წინააღმდეგ (ე.წ. “ტექნიკური მთავრობა”, “კატაკომბური პარლამენტი”, “მოქმედი" ექს-პრეზიდენტები და ა.შ.). საუბარია საჯარო მოწოდებების დასჯადობაზე, რომლებიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ, კანონებისადმი დაუმორჩილებლობას ქადაგებენ და ამკვიდრებენ ლოგიკას, თითქოს „ქვეყანას მართავს გარე ძალა”- ამბობს ქართგველიშვილი, რომლის თქმით, “ამიტომ ამ ლოგიკით, ეს ხელისუფლება არ უნდა იქნეს აღიარებული~, - განაგრძობს გამოცემა.

“სანამ აგორდა ტალღა მორიგ “რუსულ კანონზე” - ძირითადი პარალელი დასავლეთთან გავავლოთ: ევროკავშირის ქვეყნებსა და უფრო ფართოდ ეუთოს სივრცეში დიდი ხანია არსებობს კონსტიტუციური წყობის დაცვის სამართლებრივი ინსტრუმენტები - და მათი დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება არავის მოსდის თავში. ისინი განისაზღვრება საკანონმდებლო ნორმებით: ანტიკონსტიტუციური ქმედებების, ხელისუფლების ფუნქციების უზურპაციისა და ინსტიტუტების ძირის გამოთხრის წინააღმდეგ. ავიღოთ გერმანიის მაგალითი: 2025 წელს იქ აიკრძალა ექსტრემისტული გაერთიანება, რომელიც არამარტო “არ აღიარებდა ხელისუფლებას”, არამედ ფაქტობრივად უარყოფდა სახელმწიფოს ლეგიტიმურობას და ქმნიდა ალტერნატიულ სტრუქტურებს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.

“ამასთან, გერმანიაში არსებობს სს ნორმებიც კონსტიტუციური ორგანოების შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციის წინააღმდეგ, ისევე როგორც ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვისთვის ძირითადი კანონის მექანიზმი - გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა მთავრობა. შემდეგი მაგალითია საფრანგეთი, იქ არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო ფუნქციის შემსრულებელი პირის შეურაცხყოფისთვის. ასევე იტალიაში მოქმედებს ნორმა რესპუბლიკისა და კონსტიტუციური ინსტიტუტების საჯარო “გინების/დამცირების” შესახებ. მათ არც ესპანეთი ჩამოუვარდება: სისხლის სამართლის დანაშაულია საჯარო ფუნქციების უზურპაცია - როდესაც ვინმე თავს ასაღებს ხელისუფლებად, იყენებს სახელმწიფო ატრიბუტიკას ან მოქმედებს სახელმწიფოს სახელით უფლებამოსილების გარეშე. ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი პირდაპირ უშვებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, თუ იგი “კანონით არის დადგენილი” და “აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” - ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით” - ამბობს რესპონდენტი.

“და სწორედ აქ ჩვენი “ოპოზიციური” რიტორიკა (თითქოს “ეს არადემოკრატიული, არადასავლური და მაშასადამე - რუსულია”) განხილვის საგნადაც კი არ ღირს: როცა მათ აწყობთ - დასავლეთი ცხადდება ეტალონად, მაგრამ როგორც კი ირკვევა, რომ ამ “ეტალონში” არსებობს მათთვის არასასურველი აკრძალვები - იწყება თეატრალიზებული შეშფოთებული აღშფოთებები. ხელისუფლების კრიტიკა შესაძლებელია და აუცილებელიცაა - ამის მკაფიო მაგალითი გუშინ პარტია “ხალხის ძალამ” გამოავლინა - მაგრამ პოლიტიკური დებატის გადაქცევა დეზინფორმაციულ კამპანიად (“კანონებს არ დაემორჩილოთ / ხელისუფლება არალეგიტიმურია / შევქმნათ პარალელური ორგანოები”), ეს უკვე დემოკრატია აღარ არის, ეს პირდაპირი დარტყმაა სახელმწიფოებრიობაზე - რაც მალე ევროპულად და დემოკრატიულად, ასევე ქართულად და სისხლის სამართლებრივად - დასჯადი გახდება”, - ამტკიცებს დავით ქართველიშვილი.

ყოველი მეორე ადამიანი საკრედიტო მახეშია გაბმული

“სესხებზე დამოკიდებულება მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. თითქმის 2 მილიონ საქართველოს მოქალაქეს აქვს მინიმუმ ერთი სესხი მაინც, იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, თუ ლომბარდი, რაც მომხმარებლისთვის დიდი პრობლემაა. ფაქტია, რომ საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს სესხი აქვს. მოსახლეობის 10% კი “შავ სიაშია”. ადამიანები განუწყვეტლივ იღებენ სესხებს როგორც ბანკებიდან, ასევე სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, პარალელურად მატულობს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც აღებული ვალდებულების გასტუმრება უჭირთ. სესხხებზე დამოკიდებულება ოჯახებს საშუალებას არ აძლევს, გააკეთონ დანაზოგი, ვინაიდან მთლიანად ვალის მომსახურებაზე არიან გადასული. ძირითადად ეს ფაქტორი განაპირობებს სიღარიბეს და შინამეურნეობები ვერ ვითარდება. “კრედიტინფო საქართველოს” 2025 წლის ბოლო, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კრედიტებზე ვადაგადაცილება მოსახლეობის 10%-ს უფიქსირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ყოველი მეორე ადამიანი საკრედიტო მახეშია გაბმული / “სასესხო დავალიანებები იზრდება და მისი მომსახურება უფრო და უფრო უჭირს მოსახლეობას”.

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საფინანსო სექტორის ვალი 1 981 761 მსესხებელს აქვს, აქედან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 369 974-ს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1664-ით გაიზარდა. “კრედიტინფოს” 2025 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 369 974-ს შეადგენდა, 2024 წლის დეკემბერში კი ე.წ. შავ სიაში 368 310 პირი იყო. მთავარი პრობლემა, რაც ვალის მომსახურებას ართულებს, ექსპერტ ლია ელიავას შეფასებით, დაბალი შემოსავლებია, ფულზე მოთხოვნა კი იზრდება, რაც პოსტპანდემიური პერიოდის ერთ-ერთი დამახასიათებელი ტრენდია და რიგ რისკებთან არის დაკავშირებული. “ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ და არ ყოფნით ფული. ამის მიზეზი დაბალი შემოსავალია. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ბევრი მიმართავს საკრედიტო დაწესებულებას. ეს არ იქნებოდა ცუდი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები რომ არ ქმნიდეს პრობლემას”, - ამბობს ელიავა, რომლის აზრით სესხების საპროცენტო განაკვეთების ზრდა გამოწვეულია ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების საკმაოდ მაღალი განაკვეთებით, რამაც იქონია კომერციული ბანკების სესხებზე გავლენა. მეორე მთავარი პრობლემა კი ინფლაციაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კომერციუული ბანკები ყოველთვის ცდილობენ დაიცვან კრედიტები ინფლაციური პროცესისგან და ზრდიან საპროცენტო განაკვეთებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკის შთამბეჭდავი ზრდის მიუხედავად, შემოსავლები არ იზრდება, ხალხს უნდა ნორმალური ცხოვრება და შესაბამისად , სესხს იღებს. სამწუხაროდ, არ აქვს ხალხს განკარგვადი შემოსავალი. რამდენი იქნება საბოლოდ მომხმარებლების დავალიანება, რამდენი სესხი დაბრუნდება და რამდენი - ვეღარ, რთულად საპროგნოზოა. ინტენსიურად ვადევნებთ თვალს და ვხედავთ, რომ სასესხო დავალიანებები იზრდება და მისი მომსახურება უფრო და უფრო უჭირს მოსახლეობას”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია ელიავა.

“აღსანიშნავია, რომ ვალაუვალობა ბანკების მიერ გამოწვეული პრობლემა არ არის და ყველაზე მეტი პრობლემური ვალდებულებები სესხის ამომღებ კომპანიებშია აკუმულირებული. პრობლემას სოციოლოგი პაატა აროშიძე ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობას უკავშირებს. მისი შეფასებით, საზოგადოებრივი დოვლათი და ეკონომიკური ზრდის სარგებელი არათანაბრად ნაწილდება, რის გამოც ხალხს ხშირად ყოველდღიური მოთხოვნების დაკმაყოფილებაც ნასესხები თანხით უწევთ. მისი თქმით, “ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 10%, ფაქტობრივად, პრობლემური სესხის ქვეშაა. ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა, მშპ-ს ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, არასახარბიელოა. “კრედიტინფო” ამ მონაცემს ყოველთვიურად აქვეყნებს, საჯაროა და წლიდან წლამდე ამ ადამიანების რაოდენობა არ მცირდება”, - განმარტავს პაატა აროშიძე, რომლის აზრით, “სამწუხაროდ, ეკონომიკური ზრდა ვერ აღწევს მოსახლეობამდე და პირველადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადაც ხშირ შემთხვევაში ადამიანებს სესხის აღება უწევთ”, - განაგრძობს გამოცემა.

“მნიშვნელოვანია, რომ გამსესხებლებმა სათანადოდ შეისწავლონ მომხმარებლების საკრედიტო ისტორია, მათი გადახდისუნარიანობა, ხოლო გრძელვადიან პერიოდში ქვეყანა უნდა იზრდებოდეს სტაბილურად და არა ერთი სექტორის ხარჯზე. არასამართლიანად ნაწილდება შემოსავლები და ეკონომიკური ზრდის სარგებელიც. სოციალურად დაუცველების უმეტესობა დღეს ლომბარდების მომხმარებელია, შეიძლება ვერ გადაიხადონ და ე.წ. შავ სიაში აღმოჩნდნენ. სოციალური ფონი არის გაუარესებული. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანმა შეიძლება ქორწინების ბეჭედი გამოიტანოს სახლიდან, თვეში 30 ლარის გადახდა უწევდეს და ვერ იხდიდეს. ბევრი ოჯახია ასეთი, მათ შორის სოციალურად დაუცველები. ის, რომ ”შავ სიაში” მყოფი მოქალაქეების რაოდენობა წლიდან წლამდე არ მცირდება, აჩვენებს, რომ სოციალური ფონი დამძიმდა. ადრე “კრედიტინფო” არ სწავლობდა სესხის ამომღები კომპანიების და ლომბარდების მონაცემებს, მათი სერვერები არ იძებნებოდა. ბოლო წლებში დაემატა და ამან უფრო რეალური სურათი დაგვანახა, რა მდგომარეობაცაა ქვეყანაში სესხების კუთხით. ყველაზე მეტი პრობლემური ვალდებულებები სესხის ამომღებ კომპანიებშია აკუმულირებული”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა აროშიძე.

“2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მსესხებლებიდან, რომლებიც კრედიტს ვერ იხდის, 95 752 კომერციული ბანკების კლიენტია, 302 148 - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი, 4 664 კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის. რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების დავალიანება ჯამში (გადაუხდელი კრედიტები 30 დღიდან) - 1.202 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების - 1.619 მლრდ ლარს, სალიზინგოების - 33.6 მლნ ლარს. ჯამში, ვადაგადაცილება 2.859 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 3.8%-ია”, - დასძენს გამოცემა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები