სიმონ ჯანაშია - ირაკლი კობახიძე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, სტუ-ში სტუდენტების ¾ სწავლობს საინჟინრო, ტექნიკურ მიმართულებებზე - თუ მიზანია, პროგრამების უმეტესობა იყოს ტექნიკური, მაშინ გაუგებარია თსუ-ს რატომ უნდა მიუერთო, ამით რა შეიცვლება?

წარმოდგენილი გეგმით, ვერც მსოფლიო უნივერსიტეტების ხუთასეულში შევალთ და შეიძლება საერთაშორისო რეიტინგებსაც აღარ მოუნდეთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტების კვლევა გააკეთონ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, განათლების საკითხების სპეციალისტმა სიმონ ჯანაშიამ, ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანება არის მხოლოდ ერთი ნაწილი, ამის გარდა არის უამრავი სხვა ნაბიჯი, რომელიც დააზიანებს უმაღლეს განათლებას.

„ქართულმა ოცნებამ“, 1.5 წლის წინ, ირაკლი კობახიძის პირით თქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაკვალიფიცირებული პროფესორები მუშაობენ და ისინი არიან პოლიტიკურად მიკერძოებულები. ასევე, მაშინ თქვა, რომ ისეთ რეფორმებს დავიწყებთ, რომელიც არ მოეწონება საზოგადოების დიდ ნაწილს, ისევე როგორც არ მოეწონათ მაგალითად ე.წ. „გამჭვირვალობის კანონი“. ანუ თქვა, რომ როგორც არასამთავრობოებსა და მედიას ვებრძვით, ისე ვებრძვით რეალურად უმაღლეს განათლებას. ეს შედის გადამწყვეტ ფაზაში, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო. უნივერსიტეტების გაერთიანება არის მხოლოდ ერთი ნაწილი, ამის გარდა არის უამრავი სხვა ნაბიჯი, რომელიც დააზიანებს უმაღლეს განათლებას. მაგალითად: პროგრამების შემცირება 4 წლიდან 3 წლამდე; პროფესორების შემცირება, რაც მოჰყვება გაერთიანებას. მაგრამ სადაც არ გაერთიანდება, იქაც იგივე მოხდება, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მხოლოდ ის პროგრამები უნდა იყოს ქართულ უნივერსიტეტებში, რაც თვითონ მიაჩნია, რომ გამოადგება ამ პოლიტიკური მიზნის მიღწევაში. ასე რომ, სამი მიზანი აქვთ: პოლიტიკური კონტროლის დამყარება, ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტში სტუდენტების დიდი ნაწილის გადაყვანა - 30 ათასი სტუდენტის და შენობების გაყიდვა, რაც არის რამდენიმე ადამიანის კომერციული და ფინანსური ინტერესი. ეს ყველაფერი მერე იწვევს სხვადასხვა გადაწყვეტილებებს, მათ შორის უნივერსიტეტების გაერთიანებასაც. თავისთავადა ის, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო, სენატი არის ამის წინააღმდეგი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ წინააღმდეგი უნდა იყოს არამხოლოდ გაერთიანების, არამედ იმისიც, რომ პროგრამები ჩამოართვან, შეამცირებინონ პროგრამები 4-იდან 3 -წლამდე და წინააღმდეგი უნდა იყოს იმისიც, რომ სხვა უნივერსიტეტებს ელით პროგრამების შემცირება, გაუქმება და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ანუ ყველა უნივერსიტეტი თავის თავზე კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ უნივერსიტეტები ერთად უნდა ზრუნავდნენ საქართველოში განათლების განვითარებაზე.

წარმოდგენილი გეგმით ვერც ხუთასეულში ვერ შევალთ და შეიძლება საერთაშორისო რეიტინგებს აღარ მოუნდეთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტების კვლევა გააკეთონ. მაგალითად: საერთაშორისო რეიტინგების ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის კვლევა. იმისთვის, რომ კვლევითი პროდუქცია გაიზარდოს, ამას გაერთიანება ხელს არ შეუწყობს. იმიტომ, რომ გაერთიანება გამოიწვევს პროფესორების რაოდენობის შემცირებას, რომლებიც ახლა უკვე აწარმოებენ კვლევებს დამოუკიდებლად, თსუ-ში და სტუ-ში. მათი გაერთიანებით აუცილებლად გახდება მისაღები გადაწყვეტილება, რომელი შემცირდება და რომელი დარჩება. მაგალითად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ორივე უნივერსიტეტშია. ამ ორის გაერთიანებით ის კი არ მოხდება, რომ ყველა დარჩება უნივერსიტეტში, არამედ დარჩება მხოლოდ მათი ნაწილი.

ამ უნივერსიტეტების გაერთიანების მიღმა იგულისხმება, რომ ამ უნივერსიტეტების შენობების ნაწილი უნდა გაყიდონ, რაც გულისხმობს იმას, რომ ლაბორატორიები, რომლებიც ახლა გამართეს, სადღაც სხვაგან უნდა გადაიტანონ. ამას სჭირდება დიდი დრო და მომზადება. ეს არც არის გათვალისწინებული რეფორმაში. საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ვიღაცამ შეისწავლა, რა შესაძლებლობები აქვს თითოეულ უნივერსიტეტს“, - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

რაც შეეხება სტუ-სთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულებები ერთგვარ გერად იქცა“, პოლიტიკოსის თქმით, ირაკლი კობახიძე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულებების პროგრამები არის უმცირესობა და იქ სხვა პროგრამებია უფრო მნიშვნელოვანი. ¾ პროგრამების და სტუდენტების სწავლობს სწორედ საინჟინრო, ტექნიკურ, საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე. თუ მათი მიზანია, რომ გვქონდეს უნივერსიტეტი, სადაც პროგრამების უმეტესობა იქნება ტექნიკური, მაშინ საერთოდ გაუგებარია თსუ-ს რატომ უნდა მიუერთო, ამით რა შეიცვლება? ეს პრიორიტეტი როგორ გამოიკვეთება თსუ-ში? თუ მთავრობას სწორედ ეს პრიორიტეტი აქვს, რომ ტექნიკური მიმართულებები გააძლიეროს? - ტექნიკური მიმართულებები გახდება ნაწილი უნივერსიტეტის, რომელიც ცნობილია მრავალპროფილურობით.

უნივერსიტეტები საერთოდ არის მრავალპროფილური. არის გამონაკლისები ცხადია, მაგრამ მრავალპროფილური უნივერსიტეტები არის მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ ეს მრავალპროფილურობა უწყობს ხელს დისციპლინებს შორის თანამშრომლობას,“ - განაცხადა ჯანაშიამ.

ამასთან, მას აქვს მოლოდინი, რომ უნივერსიტეტების შენობები გაიყიდება, რაც ჯანაშიას შეფასებითვე, ასევე პოლიტიკური კონტროლის ნაწილია.

ირაკლი კობახიძემ თქვა, „ჩვენ უნდა გავყიდოთ შენობებიო“. მათი რეფორმის კონცეფციაში წერია: „ჩვენ უნდა გავყიდოთ შენობები“. ახლა იმის თქმა, რომ ეს არ არის მთავარი ამოცანა იმას ადასტურებს, რომ ეს არის ამოცანა. უბრალოდ რიტორიკულად მნიშვნელოვანი იყო იმის თქმა, რომ ეს არ არის პრიორიტეტი მათთვის. რეალურად, როცა თქვეს, რომ გვინდა ავამაღლოთ ხარისხი, ამის ინსტრუმენტად მოიყვანეს ის, რომ შენობებს გავყიდით ხარისხის ასამაღლებლადო. შენობებს რომ გავყიდით, იმ შენობების ფულით თურმე უნდა ააშენონ ახალი კამპუსი რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, „იგლ ჰილსის“ პროექტისთვის ფასი რომ აიწიოს, უნივერსიტეტის გვერდით იქნება და არა უბრალოდ ტრასის გადაღმა. ეს გეგმა, რომ გაყიდონ უნივერსიტეტის შენობები, ასევე პოლიტიკური კონტროლის ნაწილია. როცა ქალაქის ცენტრში არის უნივერსიტეტები, ეს ქალაქის ცენტრი არის პოლიტიკური ასპარეზის ნაწილიც. იმიტომ, რომ სტუდენტები, პროფესორები ყოველთვის არიან კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ. ურჩევნიათ რუსთავის გზატკეცილზე იყოს აქცია და არა შუაგულ ქალაქში“,- განაცხადა ჯანაშიამ.

გარდა ამისა, მან უნივერსიტეტების გაერთიანების შედეგად თანამშრომელთა ნაწილის მოსალოდნელ გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს ადამიანები მათ არა სარგებლის მიღების მოტივით, არამედ შიშის გამო ემორჩილებოდნენ.

„მათ უნდათ, რომ იყოს მუდმივი ტერორი, იმისთვის, რომ იყოს ვერტიკალური კონტროლი. ყველა უნდა ემორჩილებოდეს არა იმიტომ, რომ სარგებელს იღებს მორჩილებისგან, არამედ „ქართულ ოცნებას“ უნდა ყველა ემორჩილებოდეს იმიტომ, რომ ეშინოდეს მათი. იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება აჩვენონ საზოგადოებას, უნდა აჩვენონ ის, რომ შეუძლია დაიმორჩილონ ყველა ინსტიტუცია, მიუხედავად იმისა, იქ არიან მათი მომხრეები თუ არა. პრობლემა არის ის, რას მიიღებს საზოგადოება ამ მორჩილებით. თუ უნივერსიტეტებს დაიმორჩილებ, ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ერთ პარტიაზე. წარმოიდგინეთ, რომ პარტია შეიცვალოს და სხვა პარტია მოვიდეს, ენდომებათ ივანიშვილის მხარდამჭერებს, რომლებიც დღეს წერილებს წერენ, რომ სხვა პარტიის მორჩილები გახდნენ? - რა თქმა უნდა, არა! ამიტომ არის კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომ ინსტიტუციური ავტონომია უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება უნივერსიტეტების მრავალპროფილურობას, რაც უფრო მონოპროფილური იქნება უნივერსიტეტი, მით უფრო პრობლემურია. ამას აჩვენებს ბიძინა ივანიშვილის დაარსებული უნივერსიტეტის მაგალითი. თავიდან ტექნოლოგიური ერქვა, ახლა აღარ ჰქვია. არ შეიძლება შეიზღუდო თავი მხოლოდ ტექნოლოგიებით. მრავალპროფილურობა არის უნივერსიტეტების განვითარების კანონზომიერება. ის, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში განვითარდა ბიზნესი, სამართალი და ა.შ. ეს იყო თავისთავად მოთხოვნა, რომელსაც ვერ აკმაყოფილებდა ერთი უნივერსიტეტი. ამ მოთხოვნის ხელოვნურად მოჭრა თუ მოხდება, ქვეყნის განვითარებისთვის იქნებ პრობლემა“,- განაცხადა ჯანაშიამ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები