სპეცრაზმელი კითხვაზე, 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეთა მხრიდან შეურაცხყოფა რაში გამოიხატებოდა - შენს ქვეყანას რომ ანგრევენ და გეუბნებიან, ჩვენკენ გადმოდიო, ესაა შეურაცხყოფა!

[აქციის მონაწილეთა მხრიდან] რაში გამოიხატებოდა შეურაცხყოფა და შენს ქვეყანას რომ ანგრევენ და გეუბნებიან ჩვენკენ გადმოდიო, ესაა შეურაცხყოფა! გვეუბნებოდნენ, გადმოდით ჩვენ მხარესო, - ასე უპასუხა სპეცრაზმელმა იოსებ როსტიაშვილმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის და ადვოკატ შოთა თუთბერიძის იდენტურ შეკითხვას, თუ რაში გამოიხატებოდა 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეთა მხრიდან შეურაცხყოფა სამართალდამცველების მიმართ.

იოსებ როსტიაშვილი, 4 ოქტომბრის საქმეზე როგორც წინა, ისე დღევანდელ პროცესზეც მოწმის სახით იკითხება. მისი თქმით, 4 ოქტომბერს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ბაზაზე, რა დროსაც შეტყობინება მიიღეს, რომ უნდა წასულიყვნენ პრეზიდენტის სასახლესთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. იოსებ როსტიაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები გამოირჩეოდნენ აგრესიით სამართალდამცველთა მისამართით, მათ შორის ისროდნენ სხვადასხვა ნივთს. სწორედ ამ დროს დაუსვეს მას კითხვები, როგორც მოსამართლემ ისე ადვოკატმაც, თუ რაში გამოიხატებოდა 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეთა მხრიდან შეურაცხყოფა სამართალდამცველების მიმართ.

ამასთან, იოსებ როსტიაშვილის მტკიცებით, აქციაზე მას მოხვდა ქვა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. მისი თქმით, ამის შემდგომ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც 2-3 საათი დაყო, ასევე დაენიშნა წოლითი რეჟიმი.

„წინა რიგში ვიყავით, ისროდნენ ჩვენი მიმართულებით. მე არ მეცვა სპეციალური საშუალება, სხვა თანამშრომლებს ეცვათ, ჰქონდათ ხელკეტი, აირწინაღი. მე არ მქონდა ხელკეტი. [აქციის მონაწილეები] ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ.

რაში გამოიხატებოდა შეურაცხყოფა და შენს ქვეყანას რომ ანგრევენ და გეუბნებიან ჩვენკენ გადმოდიო, ესაა შეურაცხყოფა!

გვეუბნებოდნენ, გადმოდით ჩვენ მხარესო... ჩემი თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გინება არ გამიგია“, - განაცხადა იოსებ როსტიაშვილმა.

მოწმე სპეცრაზმელს შეკითხვები ადვოკატებმაც დაუსვეს, მათ შორის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

„მრავალი წელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხრივ არაფერი გაუმჯობესებულა. მაინტერესებს, თუ მიგიღიათ ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, რაც უკავშირდებოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენ წეღან მორალისტური პასუხით თქვით ხალხზე, რომელიც საკუთარ ქვეყანას იცავს, „საკუთარ ქვეყანას ანგრევსო“. ეს ხალხი ვისაც ასეთად მოიაზრებთ, ან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია ან პირადად ვიცნობ.

ასევე, მაინტერესებს, წინა აქციებში ხალხის დასახიჩრებაში იღებდით თუ არა მონაწილეობას? ან თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ღონისძიებაში, ამ ქვეყნისთვის, თუ გაქვთ მონაწილეობა მიღებული? 5 წელია მუშაობთ, როგორც ვიცი", - მიმართა ბასილაიამ სპეცრაზმელს.

ადვოკატის აღნიშნული კითხვა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მოხსნა. ამის შემდგომ ბექა ბასილაიამ სპეცრაზმელს მორიგი შეკითხვა დაუსვა.

„თუ გსმენიათ თქვენ, ხუთი წელია მუშაობთ და ხუთი წლით ადრე პერიოდში სეპარატისტებმა მოკლეს გიგა ოთხოზორია საქართველოს ტერიტორიაზე. ძალიან ცოტა ხნის წინ, თქვენ რომ მუშაობდით გდდ-ში იმ პერიოდში, სალოცავთან მისვლისას ოკუპანტებმა მოკლეს თამაზ გინტური. მაინტერესებს, ან თქვენ ან თქვენს რომელიმე თანამშრომელს, თუ მიგიღიათ რაიმე დავალება, რომ მსგავსი დამამცირებელი მოქმედებისთვის რაიმე ფორმით პასუხი გაგეცათ ან ელემენტარულად ჩვენი ქვეყნის სახის შესანარჩუნებლად, რაიმე ღონისძიება გაგეკეთებინათ?

ბატონო მოსამართლე, მორალს ნუ წაგვიკითხავენ, რომ თურმე ჩვენ ვანგრევთ ქვეყანას. ქვეყანას რომ ანგრევენ, მოქალაქეებს რომ თავ-პირს ალეწავენ, ასისხლიანებენ და ოკუპანტებთან რომ სიტყვის, ოდნავ ტონის აწევის საშუალება რომ არ აქვს არავის, ამაზე ვსაუბრობ“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ამასთან, ბასილაიამ სპეცრაზმელს ჰკითხა, იღებდა თუ არა სხვა პირების დასახიჩრებაში მონაწილეობას, რაზეც სპეცრაზმელმა იოსებ როსტიაშვილმა, უპასუხა, რომ არ იღებდა.

გარდა ამისა, ბექა ბასილაიამ მოწმეს კორექტულობისკენ მოუწოდა და მიუთითა, რომ კითხვებს შესაბამისად უპასუხოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები