პრეზიდენტის სასახლის ეზოში ვიყავი და მურთაზ ზოდელავას ხმა მესმოდა. ამბობდა, „უკან არ დავიხიოთ, სასახლე ჩვენია“. მურთაზი ირაკლი ნადირაძესთან ერთად იყო,- ამის შესახებ 4 ოქტომბერის საქმეზე სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელმა, გიორგი წეველიძემ განაცხადა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა.
გიორგი წეველიძის განმარტებით, მისი დანაყოფი უშუალოდ პრეზიდენტის სასახლეს იცავს, რომელსაც სასახლის კონტროლი და უსაფრთხოება აქვს ჩაბარებული. მან ადვოკატების კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ „4 ოქტომბრის აქციის დღეს პრეზიდენტის სასახლეში სპეცრაზმი იმყოფებოდა".
გიორგი წეველიძის თქმით, აქციის მონაწილეების მისვლამდე „სასახლის ღობე ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყო” ხოლო უშუალოდ აქციის დროს, დაინახა, რომ „დაახლოებით 6-7 კაცი სასახლის ღობეს ეჯაჯგურებოდა...სასახლის ღობის ჯერ შუა ნაწილი დაზიანდა, შემდგომ ეტაპობრივად”.
ამასთან, მოწმის თქმით, აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა შეძახილები „ბოლომდე, ბოლომდე“, ისროდნენ ნივთებს. მისი თქმით, დაზიანდა როგორც თვითონ, ისე დაზიანდნენ მისი თანამშრომლებიც. გიორგი წეველიძის თქმით, მას რკინის კონსტრუქცია მოხვდა.
„აქციის მონაწილეებს ორგანიზატორები მიმართავდნენ ჟესტიკულაციით, ასევე მოგვმართავდნენ ჩვენ, რომ მიგვეცა [სასახლის] გასაღები.... სასახლის ეზოში ვიყავი და მურთაზის ხმა მესმოდა. ამბობდა, „უკან არ დავიხიოთ სასახლე ჩვენია". მურთაზი ირაკლისთან ერთად იყო. მათ წუთიც არ დაუყვიათ ეზოში“,- განაცხადა გიორგი წეველიძემ.
მოწმეს შეკითხვები დაუსვეს ადვოკატებმა, მათ შორის ბექა ბასილაიამ მას შეკითხვა დაუსვა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ 4 ოქტომბრის შესახებ გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებაზე.
„პრემიერმა განაცხადა, რომ ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რა მიმართულებით შეიძლება განვითარებულიყო აქცია, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ წინასწარ არ გვემოქმედა და დავახვედრეთ სიურპრიზიო. ანუ პრემიერი ამბობს, რომ იცოდნენ აქციის განვითარების გეგმა, მაგრამ სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა და იმ დანაყოფმა, რომელიც პრეზიდენტის სასახლის დაცვას უზრუნველყოფს, ამ ინფორმაციის შესახებ არ იცოდა?“,- მიმართა ბასილაიამ მოწმეს.
თავის მხრივ, გიორგი წეველიძემ განმარტა, რომ არაფერი იცოდა.
„მე არაფერი ვიცოდი”,- აღნიშნა წეველიძემ.
ამასთან, ადვოკატის კიდევ ერთ კითხვაზე, თუ რა მოქმედება განახორციელეს ზოდელავამ და ნადირაძემ სასახლის ეზოში შესვლისას, მან ასე უპასუხა:
„მოქმედება არაფერი... ორივესგან იყო შეძახილი, მაგრამ ზუსტად რომელი, რას იძახდა, არ მახსოვს. ნადირაძეს დროშა რომ ჰქონდა შემოხვეული, ეს მახოვს“, - აღნიშნა გიორგი წეველიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროკურატურა მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.