ევროსაბჭომ საქართველოს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოცდილების გაზიარება სთხოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ისაუბრა.
მახაშვილი თქმით, ევროსაბჭოს აინტერესებს რა გამოცდილება აქვს საქართველოს ამ მიმართულებით.
მისივე განცხადებით, მათ გამოცდილებას, კანონმდებლობას, ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს უკვე თავი მოუყარეს და ევროსაბჭოს უკვე მიაწოდეს.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყინული დაიძრა. როგორც იქნა ევროპის საბჭომ აღიარა, რომ ეს [უცხოური ჩარევა] არის პრობლემა. ეს არ არის ცალკეული პოლიტიკური პროცესებიდან ნაკარნახევი ხელოვნურად შექმნილი საკითხი, არამედ არის რეალური პრობლემა, რომლის წინაშეც არამხოლოდ საქართველო, არამედ ევროპის საბჭოს ბევრი წევრი სახელმწიფო დგას. ის, რომ თითოეული ქვეყანა სხვადასხვა პროცესში იმ პრობლემის წინაშე დგას, რომ სხვა ქვეყნები მანიპულაციებით, დეზინფორმაციით და სხვა ხერხებით პირდაპირ ერევიან, ეს შემდგარი ფაქტია, რასაც ევროპის საბჭოს ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს. ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, მოიკვლიოს, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ევროპის საბჭოს ფარგლებში და საუბარია იმაზე, რომ ამ სახელმწიფოებს კონკრეტული მექანიზმები შესთავაზოს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რომელიც ერთი მხრივ, პატივს სცემს კონსტიტუციურ წეს-წყობილებას, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივაც გამართული იქნება. სწორედ ამ კონტექსტში მოგვმართა საქართველოსაც და აინტერესებს, რა გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით - არის ბევრი ჩამონათვალი საბოტაჟიდან დაწყებული, არჩევნებში ჩარევით დამთავრებული და ჩვენ ჩვენს გამოცდილებას, კანონმდებლობას, ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს თავი მოვუყარეთ და მივაწოდეთ”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით რა გამოცდილებაც ჰქონდათ - „გამჭვირვალობის კანონიდან“ დაწყებული უკანასკნელი კანონპროექტებით დასრულებული, ევროსაბჭოს გაუზიარეს.
„ჩვენ გადავუგზავნეთ საქართველოს გამოცდილება უცხოურ გავლენებთან გამკლავების და ბრძოლის მიმართულებით. რაც კი იყო კანონმდებლობა - გამჭვირვალობის კანონიდან დაწყებული უკანასკნელი კანონპროექტებით დასრულებული. გადავუგზავნეთ გამოცდილება იმის შესახებ თუ როგორ ებრძვის საქართველო ამ კონკრეტულ პრობლემას. ზოგჯერ იმავენაირად, ზოგჯერ სხვანაირად სხვა ქვეყნებიც ებრძვიან ამ საკითხს, ზოგ საკითხში საერთო ხედვა გვაქვს, ზოგში განსხვავებული. დანარჩენი ევროპის საბჭოს გადასაწყვეტია, ნახონ რა იქნება საუკეთესო გამოცდილება მათთვის ისეთი, რაც ევროპის საბჭოს სხვა ქვეყნებმაც შეიძლება გამოიყენონ”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მახაშვილის თქმით, კრიტიკის მიუხედავად, ახლა გამოჩნდა, რომ გარე ჩარევები მხოლოდ საქართველოსთვის არ არის რეალური და სისტემური პრობლემა.
„ჩვენ როდესაც კრიტიკას ვისმენდით, პრობლემასაც კი არ აღიარებდნენ და არ ამბობდნენ რომ ეს პრობლემა არსებობს. ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ ებრძვით ცარიელ ქარიშხალს, რეალურად სხვა მიზნები გამოძრავებთო. ახლა გამოჩნდა, რომ ეს რეალური და სისტემური პრობლემაა არამარტო საქართველოსთვის. ეს პრობლემა კიდევ უფრო სერიოზული და მძიმე გახდება ევროპის საბჭოს ქვეყნებისთვის. ევროპის საბჭოს ექსპერტების გადაწყვეტილებაც ეს არის, რომ ამას უფრო სისტემურად, მასშტაბურად და სერიოზულად მიხედონ პრობლემის აღიარებით”, - განაცხადა მახაშვილმა.