სდსს-ის წარმომადგენელი 4 ოქტომბრის მოვლენებზე - დაიწყეს შემოჭრა, ფეხების და ხელების დარტყმა - ერთს სახეზე ნიღაბი ეკეთა, თავზე ჩაფხუტი ეფარა, ჩაფხუტი თავის არეში მომიქნია, ავიცილე და მომხვდა ბეჭებში, განვიცადე ტკივილი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მეორე სამმართველოს პირველი განყოფილების ხელმძღვანელის, გიორგი წეველიძის ჩვენების მიხედვით, „4 ოქტომბერს, აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შემდეგ, მათ პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარი შეძლებისდაგვარად გაამაგრეს და ურდულები დაადეს“.

როგორც მოწმემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, აქციის მონაწილეები ფიზიკურად ძალადობდნენ და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ღობის ჯანჯღარი და რყევა დაიწყეს. უშვერი სიტყვებით გვაგინებდნენ, ვისთან ხართ, ვის იცავთო. ჯანჯღარის შედეგად ღობე მოირყა....

სიტყვიერი გაფრთხილება დავიწყეთ, რომ კანონს არღვევდნენ, დაიწყეს შემოჭრა, ფიზიკური ძალადობა, ფეხების და ხელების დარტყმა, ხალხის დიდი ნაწილი გადმოვიდა. ერთს სახეზე ნიღაბი ეკეთა, თავზე ჩაფხუტი ეფარა, ჩაფხუტი თავის არეში მომიქნია, ავიცილე და მომხვდა ბეჭებში, განვიცადე ტკივილი.

ძალადობიდან ალბათ, მაქსიმუმ წუთში შსს-ს ქვედანაყოფი გამოვიდა. მათ პროპორციული ზომები მიიღეს, აქციის მონაწილეების ნაწილმა უკან დაიხია და გადავიდნენ ეზოდან, თუმცა, მათ მეორე ნაწილი და ე.წ. ორგანიზატორები შემოუერთდნენ შეძახილებით - „სასახლე ჩვენია, უკან არ ვიხევთ“.

თავიდან ეზოს გარეთ იყვნენ და ამ მოწოდებების შემდეგ შემოვიდნენ მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძის შემოსვლა არ მახსოვს, მაგრამ შემოსული რომ იყო, მახსოვს.

ნადირაძემ და ზოდელავამ ხელი გადახვიეს ერთმანეთს, შინაარსი იყო ასეთი - უკან არ ვიხევთო. ბურჭულაძე დავინახე, რომ სპეცრაზმელებს ესაუბრებოდა, რომ უკან დაეხიათ, რომ სასახლე მათ და ხალხს ეკუთვნოდა...

ხალხის მასა ძალადობრივ ქმედებებს არ წყვეტდა, ამის შემდეგ შსს-ს ქვედანაყოფები დაემატნენ, წიწაკის სპრეი იყო გაშვებული, მაინც არ წყვეტდნენ ძალადობრივ ქმედებებს და სასახლის ტერიტორიიდან გასვლას, რის შემდეგაც წყლის ჭავლი გამოიყენეს.

პირველ ეტაპზე 15-20 კაცამდე იყო, როცა ღობე მოარღვიეს და შემოიჭრნენ, შემდეგ უკვე ნაკადი არ ჩერდებოდა“, - განაცხადა წეველიძემ.

მისივე თქმით, ბრალდებულებიდან რომელიმეს ამოცნობა ან იმის თქმა, რომელიმე მათგანი იქ იმყოფებოდა თუ არა, არ შეუძლია.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გიროას სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა