შალვა პაპუაშვილი - ველით, რომ სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის - ჩვენ არ ვეჭიდებით წითელ ხალიჩებს, არ არის საკითხი იმაში, ვინ ვის ჩამოართვა ხელი

ველით, რომ გარდა სამუშაო შეხვედრებისა და სხვა მხრივ კონტაქტებისა, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ეს ჩვენი ბრალი არ არის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის ბრალი, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს გაესაუბრნენ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აქვს მოლოდინი, რომ „ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ტრამპის ადმინისტრაცია გამოასწორებს“.

„ჩვენ ველით, რომ გარდა სამუშაო შეხვედრებისა და სხვა მხრივ კონტაქტებისა, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს ჩვენი ბრალი არ არის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის ბრალი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინა ადმინისტრაციის პირობებში გაიფუჭა ქართველ ხალხთან ურთიერთობა და საქართველოსთან. ქვეყანა, რომელიც ყველაზე მძიმე პირობებში გაჰყვა ნატოს, აშშ-ს მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად. საქართველო პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე დაღუპული ჯარისკაცები რაოდენობით ავღანეთში. ეს არის ქართული მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც ვაჩვენეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს არ დააფასა. ნაცვლად იმისა, რომ გვენახა გვერდში დგომა, ვნახეთ ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრის მცდელობა. ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციის კიდევ ერთი დანაშაულია, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოასწოროს. იმედი გვაქვს გამოასწორებს. ჩვენ მზაობა გვაქვს. ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. გეოპოლიტიკურ ძვრებს ვხედავთ, რაც სამყაროში ხდება. ჩვენი უპირველესი ამოცანაა უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში, ასევე ვაჩვენოთ მზაობა სტრატეგიულ პარტნიორობაზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არასდროს შეწყვეტილა საგარეო უწყებებს შორის სამუშაო შეხვედრები.

„ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო 2022 წელს, ჩვენ არ ვეჭიდებით წითელ ხალიჩებს. არ არის საკითხი იმაში, თუ ვინ ვის ხელი ჩამოართვა. ჩვენთვის შინაარსია მნიშვნელოვანი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღვადგინოთ, რომელიც იქნება წინასწარ განსაზღვრული, ერთმანეთის ინტერესებზე დამყარებული ურთიერთობა. სამუშაო შეხვედრები არც არასდროს შეწყვეტილა საგარეო უწყებებს შორის, დიპლომატიურ წარმომადგენლებს შორის. [ფოტო და ინფორმაციის გავრცელება] არის მოსახლეობის ინფორმირება, რომ გარკვეული კონტაქტები არის. როდესაც საჭიროა გარკვეული შინაარსის გაჟღერება, ამასაც ვაჟღერებთ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა