ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მხრივ, ვფიქრობ, ჩვენ ორივენაირი გამოცდილება გვაქვს - ჩვენ ჩვენი გამოცდილება ამ მხრივ გავუზიარეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროსაბჭოს მხრიდან უცხოური ჩარევის საწინააღმდეგოდ ბრძოლის გამოცდილების გაზიარების შესახებ საქართველოსთვის მომართვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი და ქვეყნის სხვა უწყებები ჩართული არიან იმაში, რომ საქართველოს რეკომენდაციები და გამოცდილება ევროსაბჭოს გაუზიარონ.
„ევროსაბჭო მუშაობს და მინისტრთა კომიტეტს ჰყავს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუშაობს უცხოურ საინფორმაციო ჩარევის საკითხებზე. ამ მხრივ ექსპერტთა ჯგუფმა შექმნა გარკვეული დოკუმენტი, რომელზეც მოსაზრებების წარდგენა სთხოვა მინისტრთა კომიტეტის წევრებს. შესაბამისად ჩვენ, ისევე როგორც სხვა უწყებები, ჩართული ვართ იმაში, რომ ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება ევროსაბჭოს გავუზიაროთ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მხრივ, ვფიქრობ, ჩვენ ორივენაირი გამოცდილება გვაქვს. ერთი მხრივ, როგორც უცხოური საინფორმაციო და ზოგადად, ჩარევის სამიზნეს და მეორე მხრივ, როგორც ქვეყანას, რომელსაც ყველაზე კარგი გამოცდილება აქვს იმის შესახებ როგორ ვებრძოლოთ ამგვარ ჩარევას. ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ჩვენს შიდა პოლიტიკაში ხდება ჩარევა, დეზინფორმაცია და სიძულვილის ენის დათესვა, რომელიც სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ბრიუსელის დაფინანსებით ხდება. [ჩანს] ამ სიძულვილის წაქეზებით და დეზინფორმაციით როგორ მიჰყავთ ადამიანების გარკვეული ჯგუფი შემდეგ ძალადობამდე და ქვეყნის დემოკრატიის ძირის გამოთხრამდე. ეს გამოცდილებაც ვნახეთ, როგორ ხდება ამგვარი მავნე ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება. ამავე დროს ვაჩვენეთ, როგორ შეიძლება ქვეყანა ამგვარი ჩარევების წინააღმდეგ იყოს მედეგი როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ისე საკანონმდებლო რეგულაციებით. ჩვენ ჩვენი გამოცდილება ამ მხრივ გავუზიარეთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.