ბაკურ კვაშილავა - „ნეიტრალური საქართველოს“ სახით „ქართული ოცნება“ გველაპარაკება და ის დიდი ხანია საზოგადოებასთან დებატებშია, რომ „ევროკავშირი ცუდია“ - დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ მიზანი კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებაა

„ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია დებატებშია ჩვენი ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და უმტკიცებს მას, რომ ევროკავშირი არის ცუდი, - ასე შეაფასა „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხზე დებატებს მოითხოვს.

როგორც ბაკურ კვაშილავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ არის „ქართული ოცნების“ მარიონეტი პარტია და გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ საკუთარ იდეას ედებატოს.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ არის „ქართული ოცნების“ მარიონეტი, სატელიტი და მასზე პირდაპირ დამოკიდებული პარტია. „ნეიტრალური საქართველო“ არის „ქართული ოცნების“ პროექტი და ა.შ. „ნეიტრალური საქართველო“ არ არსებობს, როგორც საზოგადოების რაიმე ნაწილის ინტერესის გამომხატველი. ჩანასახიდანვე დაწყებული, ეს არის „ქართული ოცნების“ მეორე სახე ისევე, როგორც „ხალხის ძალა“. როდესაც ჩვენ დებატების შესახებ რაიმე დისკუსიას შევეხებით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ „ნეიტრალური საქართველოს“, ისევე როგორც „ხალხის ძალის“ სახით „ქართული ოცნება“ გველაპარაკება. „ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია დებატებშია ჩვენი ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და უმტკიცებს მას, რომ ევროკავშირი არის ცუდი. „ქართული ოცნება“ უკვე ძალიან დიდი ხანია არის პირდაპირ წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, სადაც წერია, რომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ევროინტეგრაცია. წარმოუდგენელი რამეა, როგორ შეიძლება „ქართული ოცნება“ საკუთარ იდეას ედებატოს. ეს არანაირი დებატები არ იქნება“, - განაცხადა კვაშილავამ.

ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი ამოიღოს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიზანია ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა.

„დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი სწორედ ეს არის. სწორედ ამიტომ იღებს დრაკონულ კანონებს, რომლის მსგავსი, ალბათ, თურქმენეთში ან ჩრდილოეთ კორეაში არსებობს. მიზანი არის ხელი შეუშალოს ახალი ძალების, ინტელექტუალების, პროფესიონალების პოლიტიკაში მოსვლას, ვინაიდან ეს არის ის ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს შეუძლია „ქართულ ოცნებას“ წინააღმდეგობა გაუწიოს. ქართული ოცნების“ მიზანი არის შემდეგი არჩევნების დროს მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა და მოსახლეობის 70%-ს აჩვენოს, რომ არასწორი იყო მათი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, რომ ევროკავშირი არის ცუდი და უნდა ამოვიღოთ ეს მუხლი“, - განაცხადა კვაშილავამ.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის ყოვლად უპრინციპო და უღირებულებო ხელისუფლება, რომლის ერთადერთი მიზანი არის ხალხის ხარჯზე, არალეგალურად ფულის კეთება“.

„ქართულ ოცნებას“ სჭირდება სკამი, სავარძელი და ხელისუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად. „ქართული ოცნება“ მზად არის, ეშმაკს მიჰყიდოს სული იმისთვის, რომ საკუთარი მმართველობა შეინარჩუნოს. ამ დროს, ამ მმართველობას არც მიზანი გააჩნია, არც მიმართულება და არც საბოლოო დანიშნულების ადგილი. ეს არის მმართველობა, რომელიც ორიენტირებულია ერთ რამეზე - ბიძინა ივანიშვილმა შეძლოს ქონების შენარჩუნება, დაგროვება და შემდეგ უკვე მისმა „მეფისნაცვლებმა“ ასევე მიაღწიონ პირად კეთილდღეობას“, - განაცხადა კვაშილავამ.

მან „ფარსი“ უწოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, რომ „საქართველოს სჭირდება ევროკავშირი და საქართველო სჭირდება ევროკავშირს“.

ბაკურ კვაშილავას შეფასებით, „რეალურად,ქართული საგარეო პოლიტიკა დღეს არის აბსურდის დონეზე დაყვანილი“.

„რეალურად, ეს თავიდან ბოლომდე არის ფარსი. ტყუილზე აგებული მმართველობა და უსინდისო ადამიანებისგან შემდგარი მთავრობა“, - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

როგორც მან განმარტა, საქართველო იზოლირებულია ევროპელი პარტნიორებისგან და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგანაც.

„საქართველოს მთავრობა საერთაშორისო არენაზე უკიდურესად სუსტია. ის იმალება საერთაშორისო ფორუმებზე, საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს ცდილობს, რომ შეძვრეს მაგიდის ქვეშ. რატომ? იმიტომ, რომ მას ხალხის მხარდაჭერა არ არ აქვს და არ იცის, საით მიჰყავს ქვეყანა. არის მოსაზრება, რომ თითქოს რუსეთისკენ მიჰყავს, მაგრამ არსად მიჰყავს“, - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

გარდა ამ საკითხისა, მან ეუთოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებაც შეაფასა. ბაკურ კვაშილავას შეფასებით, ეს მექანიზმი გამოიყენება ისეთი მთავრობების მიმართ, რომლებიც პრაქტიკულად, კანონს გარეშე არიან და რომელთან თანამშრომლობის იმედი დემოკრატიულ ქვეყნებს არ გააჩნიათ.

„ეს არის მექანიზმი, რომელიც მთავრობის თანამშრომლობას არ ითვალისწინებს. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა საკუთარ მოსახლეობასთან ისეთ კონფლიქტშია, რომელმაც გამოიწვია რიგი დანაშაულების ჩადენა მათი მხრიდან“, - განაცხადა კვაშილავამ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები