ერთი რამ ვიცოდეთ: - განათლებულ და მოაზროვნე ადამიანთა სიმრავლე დღევანდელი ხელისუფლების სტრატეგიაში არ შედის - როგორც „ოცნების“ წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ გვირჩია: ამდენი სტუდენტი საჭირო არ არის, ზოგიერთებმა პლასტმასის ბოთლები გაბერონო! პლასტმასის ბოთლები თვითონ აბერვინონ შვილებს, ხოლო განათლებამოწყურებულ ახალგაზრდობას განათლების მიღების საშუალება მისცენ! - ეს განცხადება “ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა კაციტაძემ განათლების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ შორის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების თემაზე საუბრისას გააკეთა.
კაციტაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება რეფორმისთვის არ დაწყებულა და პროცესი განათლების რეფორმასთან კავშირში არ არის.
„უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, რეფორმა მცდარად დაარქვეს. ვადასტურებ, რომ საჭიროა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში და სხვა უნივერსიტეტებში ცვლილებები, ოღონდ აბსოლუტურად სხვაგვარად, სხვა აქცენტების გაკეთებით და არა მექანიკურად - ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით. “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ამ პროცესს ასე უწოდა: - მსოფლიო განათლების ოკეანეში, ამ ორმა ლაინერმა კატამარანის სახით უნდა შეცუროსო. როგორც ჩანს, ფანტაზიის სიდუხჭირესაც აქვს ადგილი!
ისმის კითხვა - რაშია საქმე და რა პროცესი ეს, თუ არა განათლების რეფორმა? ეს არის ორი უმაღლესი სკოლის დამორჩილების პროცესი. შეიძლება დღევანდელი მდგომარეობით ისინი დიდი აქტიურობით და ხელისუფლების მიმართ დაპირისპირებით არ გამოირჩევიან, მაგრამ განათლებულ საზოგადოებაში ასეთი საფრთხე ყოველთვის არსებობს.
განათლებული საზოგადოება მოაზროვნე საზოგადოებას ნიშნავს. მოაზროვნე საზოგადოება ამავდროულად, კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებას ნიშნავს. იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რასაც ხელისუფლება ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ახალ-ახალი კანონების “გამოცხობით“ ახორციელებს, რაც სხვათა შორის ყველას ეხება, ხელისუფლებას ორი ამხელა მონსტრის და ორი ამხელა საფრთხის დამოუკიდებლად კონტროლი არ აწყობს. უფრო გაუადვილდება ერთი ქოლგის ქვეშ მოაქციოს, ერთი “სტრაჟნიკი“ დაუნიშნოს და მათი შესაძლო არასასურველი ნაბიჯები ასე აკონტროლოს.
განათლების სფეროს დამორჩილების მცდელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე არ გაჩერდება. ილიაუნის და კიდევ, ბარე ორს მიაკითხავენ, რადგან ყველა ეს საფრთხეა“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
კაციტაძის თქმით, ხელისუფლების კიდევ ერთი ინტერესია ქონება, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს გააჩნია.
„ეს არის დიდი ქონება დედაქალაქის პრესტიჟულ უბნებში. ამ ინტერესთან დაკავშირებით კონკრეტულ არგუმენტს გეტყვით - ფიზკულტურის ინსტიტუტი არსებობდა, რომელიც სპორტის უნივერსიტეტად გადაკეთდა. სპორტის უნივერსიტეტი ილიაუნის უნდა შეერთებოდა, მაგრამ არ შეუერთეს, სამაგიეროდ, თავისი კორპუსებიდან გამოასახლეს და ახლა სადღაც მდგმურად არის, ხოლო სპორტის უნივერსიტეტის ადგილას სერიოზული სამშენებლო დეველოპერული მოედანი გაიხსნა“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა პრემიერ კობახიძის ის განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვით, „ტექნიკური უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება გერი გახდა“.
როგორც კაციტაძემ განმარტა, დღევანდელი მდგომარეობით ტექნიკურ უნივერსიტეტში 12 ფაკულტეტია, ამ 12 ფაკულტეტიდან შვიდი ტექნიკური მიმართულების ფაკულტეტია, რომელიც გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან არსებობს, ხოლო ხუთი ჰუმანიტარული ფაკულტეტი, რომელთაც კობახიძის აზრით, ძველი ტექნიკური მიმართულებები გერად აქციეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დაფუძნდა.
კაციტაძის შეფასებით, “რასაც ვხედავთ, არის დილეტანტიზმის ზეიმი“.
“ჩამოგითვლით არატექნიკური მიმართულების ფაკულტეტებს, რომელთაც ტექნიკური მიმართულებები, კობახიძის აზრით, გერად აქცია. ეს არის აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტი, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა. სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი - 2016 წელს დაფუძნდა. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი - დაფუძნდა 2016 წელს. საინჟინრო ეკონომიკა, მედია ტექნოლოგიები და სოციალური მეცნიერებები - ფაკულტეტი 2016 წელს დაფუძნდა. ეს ფაკულტეტები მაშინ შეიქმნა, როცა ხელისუფლებაში ქართული ოცნებაა. არ დაგვავიწყდეს, რომ 2016 წელი საპარლამენტო არჩევნების წელი იყო. 2019 წელს კი - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა წელს “ქართული ოცნების“ მთავრობა მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს. აი, რა მიმართულებებმა აქცია ტექნიკური მეცნიერებები - კობახიძის ციტატის მიხედვით გერად - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართეს და რეფორმების კომისიასთან შუამდგომლობა სთხოვეს, რათა ორი უნივერსიტეტის გაერთიანება დღის წესრიგიდან მოიხსნას. მე ამას დავარქვი ტაქტიკა და პოლიტიკა - “გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“. მათ სჯერათ, რომ ქვეყნის დე-ფაქტო ხელისუფალის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება შედეგებს გამოიღებს. ვიტოვებ უფლებას, ვთქვა, რომ არ მჯერა, რომ ივანიშვილი გაერთიანების შესახებ საქმის კურსში არ იყო და მისდამი ლოიალურ, ენისმოჩლექით დამოკიდებულება კონკრეტულ შედეგზე გავა, თუმცა ნეტარ არიან მორწმუნენი! თუ ეს ტაქტიკა გაამართლებს, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩემი ფეხით მივალ, იმ პატივსაცემ ადამიანებს შევხვდები და ვეტყვი, რომ მათი ტაქტიკა წარმატებული და გამარჯვებული ყოფილა, რადგან შედეგად დარჩება ის, რასაც ტექნიკური უნივერსიტეტის სიცოცხლის დამოუკიდებლად გადარჩენა ჰქვია. ოღონდ ამ ყველაფრის ორი-სამი თვით გადავადება, ამ ხალხს კანფეტებს რომ დაურიგებ: არიქა, არ გაბრაზდეთ და მერე მოგუდავენ, ეგ გადარჩენაში არ ჩაითვლება“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.