ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026

სანდრო თვალჭრელიძე - “მე, მეცნიერების დოქტორს, იმაზე ნაკლები ხელფასი მაქვს, ვიდრე ძიძას...”

რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი

“სასკოლო ფორმა, ეტაპობრივად, მაღალკლასელებისთვისაც სავალდებულო გახდება”

“ოცნება” მუშაობს კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივაზე - როგორ განხორციელდება ეს პრაქტიკაში

გია ხუხაშვილი - “იმედი” ირაკლი რუხაძემ ვალებთან ერთად მოიშორა”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “მე, მეცნიერების დოქტორს, იმაზე ნაკლები ხელფასი მაქვს, ვიდრე ძიძას...”

“არავინ დაობს, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებები აუცილებელია, თუმცა ის გზა, რასაც ხელისუფლება ადგას, იმ უმწვავეს პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, რაც ამ სისტემაშია. მე, როგორც უნივერსიტეტის ცხოვრებაში კარგად ჩახედული ადამიანი, ჩამოგითვლით რამდენიმე უმწვავეს პრობლემას და შემდგომ მათ მოგვარების პერსპექტივაში შევხედოთ ამ ვითომ რეფორმას. ინტერვიუში უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - მე, ადამიანს, რომელიც ვარ თსუ-სთან არსებულ ინსტიტუტში განყოფილების გამგე, მეცნიერების დოქტორი, საბუნებისმეტყველო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, იმაზე ნაკლები ხელფასი მაქვს, ვიდრე ძიძას ვუხდით. დღეს ადამიანური ცხოვრებისთვის სრული პროფესორის ხელფასიც კი არ არის საკმარისი. ამიტომ თითქმის ყველა, ვისაც ეს შეუძლია, 5-6 ადგილას მუშაობს. ეს ვითარება სრულიად გაუმართლებელია. კიდევ ერთი მწვავე პრობლემა ის არის, რომ ჩვენს უნივერსიტეტებში არ არის დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემული ინტერვიუში, სათაურით “მე, მეცნიერების დოქტორს, იმაზე ნაკლები ხელფასი მაქვს, ვიდრე ძიძას...”

“მაგალითად, საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს ნორმალური, ელექტრონული მიკროსკოპი. არ არსებობს ნორმალური მასსპექტრომეტრი, ელექტრონული, ემისიური და ლაზერული მიკროანალიზატორები და ა.შ. ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით როგორ შეიძლება ასწავლო სტუდენტს თანამედროვე მეთოდებით?! მესამე პრობლემა ის არის, რომ არ არის გამართული კურიკულუმები. ისმის კითხვა, ვინ ასწავლის დღეს უნივერსიტეტში? ძირითადად, ძალიან მოძველებული განათლების მქონენი. მინახავს 21-ე საუკუნეში წინა საუკუნის კონსპექტებით რომ ხელმძღვანელობენ. არაფერი იცვლება - თანამედროვე განათლებამიღებული ახალგაზრდები საუნივერსიტეტო სისტემაში არ მიდიან, არადა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში ტვინების დიდი გადინება მოხდა ქვეყნიდან. ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ, პირველ რიგში მათ ჩამოყვანაზე უნდა ვზრუნავდეთ. ამის ნაცვლად, ამას წინათ გვითხრეს, რომ თურმე უცხოეთში პენსიაზე გასულ ლექტორებს ჩამოიყვანენ და დაასაქმებენ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“სხვათა შორის, 2012 წელს ივანიშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ამაზე ლაპარაკობდა და თითქოს სცადა კიდეც. გახსოვთ, გია დვალის ჩამოსვლა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამ პროცესს უნივერსიტეტის პროფესურა ისე მედგრად გადაეღობა წინ, ყველაფერი ჩაიშალა. ძალიან შეეშინდათ კონკურენტული გარემოს შექმნის, რადგან იცოდნენ, რომ ადგილებს დაკარგავდნენ. აბსოლუტურად ვიზიარებ იმ აზრს, რომ თუ ქვეყანაში საუნივერსიტეტო განათლების ხარისხის ამაღლება გვინდა, პროფესორ-მასწავლებლების კადრებს უნდა გადავხედოთ, მაგრამ ეს პრობლემა ორი უდიდესი უნივერსიტეტის მექანიკური შერწყმით ვერ გადაწყდება. ამას სჭირდება წლების პერსპექტივაში გათვლილი და კარგად გაწერილი გეგმა. ის, რასაც ესენი გეგმავენ, რეფორმა არ არის. ეს არის ფასადური ცვლილებები საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარების მიზნით. მერწმუნეთ, ამგვარი გაუთვლელი ნაბიჯი ორივე უნივერსიტეტს დააზარალებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საქმე ის არის, რომ ამ ორი უნივერსიტეტის მიზანი ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავდება - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა ამზადებდეს ფართო მსოფლმხედველობის, ფართო განათლების ადამიანებს, რომელთა დიდი ნაწილი სამეცნიერო საქმიანობაში გააგრძელებს მუშაობას, ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანი კი არის კონკრეტულ დარგებში ღრმად განსწავლული ადამიანების - ინჟინრების მომზადება, რომლებმაც უნდა იმუშაონ წარმოებაში. ყოველივე ამას ასე ზუსტად იმიტომ გიხსნით, რომ ორივე დაწესებულებიდან მყავს დოქტორანტები. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ისინი ჩემამდე კარგად მომზადებულები მოვიდნენ - მათ პირველივე კურსიდან არასწორად აქვთ მიწოდებული განათლება, მაგრამ ახლა ამას დავანებით თავი, მხოლოდ ვიტყვი, რომ ამ უნივერსიტეტებიდან მოსულ დოქტორანტებს შორის არსებობს მსოფლმხედველობრივი განსხვავებები, სრულიად სხვადასხვაგვარად უდგებიან საკითხებს. ვიმეორებ, ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არ შეიძლება. ამის შედეგად ჩვენ მივიღებთ რაღაც კრეატორებს, რომლებიც არც მეცნიერები იქნებიან და არც ინჟინრები”, - განმარტავს ექპერტი.

“მაგალითად, როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტი, ასევე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი განთავსებულია ბოსტონის შემოგარენში, ქალაქ კემბრიჯში, მაგრამ მათი გაერთიანება თავში არავის მოსვლია... ვიმეორებ, რეფორმა აუცილებელია. დიახ, მეც მიმაჩნია, რომ შტატები შესამცირებელია, მაგრამ უპირველესად სასწავლო პროცესია მისახედი, შესაცვლელია კურიკულუმები და მოსაძიებელია ის კადრები, ვინც დღეს არსებულ პროფესორ-მასწავლებლებს ჩაანაცვლებენ, თან მათ უნდა ჰქონდეთ იმგვარი ანაზღაურება, რომ მთელი დრო სტუდენტებს დაუთმონ და არა ლუკმაპურის შოვნაზე ფიქრს. კობახიძეს ვეთანხმები, რომ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელს 1 000 კი არა, 10 000 ლარი უნდა ჰქონდეს ხელფასი, მაგრამ ამ თანხის გამონახვა ორი უნივერსიტეტის მექანიკური შეერთებით არ გამოვა. არ შეიძლება უნივერსიტეტის ბუღალტერიაში 138 კაცი მუშაობდეს, სულ სხვა გამართული სისტემა უნდა შეიქმნას. ის, რასაც ეს მთავრობა აპირებს, რეფორმა კი არ იქნება, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი სისტემის სრულ ჩამოშლას გამოიწვევს”, - ამტკიცებს სანდრო თვალჭრელიძე.

“კიდევ ერთ პრობლემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. დღეს ქვეყანაში ქართული მეცნიერების სრული დეგრადაცია მიდის. თავის დროზე საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იყო მსოფლიო დონის მეცნიერი ნიკო მუსხელიშვილი, დღეს ვინ არის? - როინ მეტრეველი... წარმოიდგინეთ, უმწვავესი ცვლილებები იგეგმება საგანმანათლებლო სისტემაში, მთელი ქვეყანა ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე ლაპარაკობს და მეცნიერებათა აკადემია ხმას არ იღებს. დიახ, დღეს მეცნიერებათა აკადემია გადაიქცა პანოპტიკუმად, ფაქტობრივად არაფრისმაქნისი არ არის. თითზე ჩამოსათვლელი დარჩა მსოფლიო დონის მეცნიერი, ყველა გაქცეულია ქვეყნიდან. ვიმეორებ - სახელმწიფო ინტერესებზე მოფიქრალი მთავრობა უპირველესად ამ საკითხზე დაფიქრდებოდა. რეალურ რეფორმებს სჭირდება უდიდესი გამბედაობა და პროფესიონალიზმი. რეფორმა უნდა დაგეგმონ და გაატარონ პროფესიონალებმა და არა პოლიტიკურმა კრეატორებმა. ჩვენი განათლების მინისტრი ასე დიდგულად რომ გველაპარაკება, საიდან არის მოსული? - ძალოვანი სისტემიდან. რა იცის მაგან განათლების შესახებ?! - ამბობს რესპონდენტი.

“ისტორია საბოლოოდ ყველას და ყველაფერს მიუჩენს ადგილს. “ქართულ ოცნებას” რა სურს, ქართული განათლების დამანგრევლის სახელით შევიდეს ისტორიაში?! ამ ე.წ. რეფორმის მიზნად სხვადასხვა რამ სახელდება, მათ შორის შენობა-ნაგებობები და მათი მიმზიდველი მდებარეობა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი ნეობოლშევიკური მიდგომის შედეგია, რისი მიზანიც განათლების სისტემის ტოტალურ კონტროლში მოქცევაა. ვერ იტანენ ახალგაზრდობის მკვეთრად კრიტიკულ განწყობას. სურთ გაზარდონ რობოტები, რომლებიც მთავრობის ნებას უსიტყვოდ დაემორჩილებიან. ისეთი განათლების სისტემის აშენება უნდათ, როგორი პარლამენტიც ჰყავთ - ერთი იტყვის და, ყველა თანახმაა. ბოლო დროს ლაპარაკიც კი აღარ უნდათ, მიდიან, მორიგ საშინელ კანონს მისცემენ ხმას და 15 წუთში დაიშლებიან, როგორც კომუნისტების დროს იყო. ძალიან გაიმარტივეს ცხოვრება - როგორც კი დაინახავენ რაღაც პრობლემა ექმნებათ, მაშინვე წერენ კანონს. ეს უკვე სასაცილოა... ჩვენმა ახალმა თაობამ უკვე იგემა თავისუფლების გემო და ჩემი აზრით, მას არ შეელევიან, პროტესტს ვერ ჩაახშობენ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დამყარებას ხელისუფლება კარგა ხანია ცდილობს, ჩემი აზრით, “ქართულ ოცნებაში” ხვდებიან, რომ ახლოვდება დრო, როდესაც აშშ მოიცლის საქართველოსთვის და ეს ძალიან აშფოთებთ. აშშ, განსაკუთრებით ისეთი ხისტი მმართველის ხელში, როგორიც ტრამპია, საკმაოდ არაპროგნოზირებადია. თუ როგორი უმწვავესი ზომების გატარება შეუძლია ტრამპს, კარგად ხედავენ - ვენესუელის მაგალითი თვალწინ აქვთ. ხელისუფლების კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ პროცესების გაანალიზება და სწორი დასკვნების გამოტანა არ შეუძლიათ. დაიჯერეს, რომ ტრამპი თუ ევროპას ლანძღავს, ეს მათაც შეუძლიათ. არა, ბატონო, აშშ-სა და ევროპას შორის რაც არ უნდა უთანხმოება იყოს, ისინი ერთი სივრცის ნაწილი არიან, ბოლოს და ბოლოს, არიან ნატოს შემადგენლობაში, შესაბამისად, საერთო ენას ყოველთვის გამონახავენ. ამიტომ ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ გჯეროდეს, თუ ტრამპივით დაუპირისპირდები ევროპას, ამით მის გულს მოიგებ. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. მეტიც, ამან შეიძლება მეტად გააღიზიანოს აშშ-ის პრეზიდენტი, რომლის გულმოწყალების იმედიც აქვთ. ჩემი აზრით, თუ უკრაინაში ომთან დაკავშირებით გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, მიმაჩნია, რომ აშშ გაზაფხულზე უკვე მოიცლის საქართველოსთვის”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი

“ქვეყანაში კვლავ პროტესტია, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მარშიც შედგა, თუმცა, ოპოზიციონერი ლიდერები კვლავ თავს იკავებენ და არ აქტიურობენ ისე, როგორც ადრე. ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, დადგეს დრო და წინა პლანზე პოლიტიკოსები ვიხილოთ, ნაწილს კი მიაჩნია, რომ უკვე ოპოზიციური პარტიების საქმიანობა აქციების ბედ-იღბალზე თითქმის გავლენას არ ახდენს და პროტესტანტები მათ ლიდერებს ასპარეზს არ დაუთმობენ. 8 თებერვალს მონუმენტთან “საქართველოს მატიანე” აქციაზე დაკავებულების მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებსაც თან ჰქონდათ ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. წინა დღით, 7 თებერვალს, ფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მარში გაიმართა, ლოზუნგით “დაიცავი განათლება”. მარშის მონაწილეები მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს შეუერთდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი.

“რატომ არ აქტიურობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები? როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, ჩანს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გააქტიურებას აპირებენ. “ჩანს, რომ პოლიტიკოსების ნაწილი პროტესტში ერთვება, გუშინ მარშზე რამდენიმე პოლიტიკოსი იყო. ამასთან, ჩანს, რომ უფრო აქტიურად ჩართვას აპირებენ”, - განაცხადა მან. კითხვაზე, რატომ ერიდებოდა ოპოზიცია პროტესტის სადავეების ხელში აღებას, ჩიტაძემ გვითხრა: “თითქოს უფრო სამოქალაქო სექტორს მიანდეს და ახლაც ასეა. ოპოზიციონერები აქციებში მონაწილეობენ, ოღონდ ძირითადად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. ერთი პერიოდი, ხალხმრავალი გამოსვლებისას ინტერესთა კონფლიქტი იყო, რომ პოლიტიკოსების გამოსვლები არ გვინდაო. მოსახლეობის ნაწილი ერთ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს, ნაწილი მეორეს და სამოქალაქო სექტორზე ეს პრობლემა არაა. არ გამოვრიცხავ დადგეს დრო, რომ პოლიტიკოსები მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ, ვიცი, რომ მოლაპარაკებები მიდის ერთიანი ფრონტით ბრძოლის თაობაზე”, - განაცხადა ჩიტაძემ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ჯერჯერობით თავს იკავებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე მგონი ჯერჯერობით თავს იკავებენ, როგორც ოპოზიციონერები, ისე პროტესტიდან აღმოცენებული ლიდერები. აქციები თბილისში უკვე ტრადიციად იქცა და მის დასაწყისში მგონი ოპოზიციონერებს აგდებდნენ კიდეც - ვაშაძე გააგდეს. აქციის მონაწილეების მხრიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიუღებლობა არის და არ გამოვრიცხავ, რომ არც ამ პოლიტიკოსებს ჰქონდეთ დიდი სიმპატია აქციებისადმი. მიუღებლობის მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, ყველა ქვეყანაში და ყველა დროს პატივმოყვარე ადამიანია და როცა აქცია ისე მიდის, რომ პოლიტიკოსებს გარიყავს, ეს ნიშნავს, რომ მათი სახელისთვისაც და სახრავისთვისაც მათ მიმართ პატივისცემა ამ აქციებს არ აქვთ და მათთვის ეს პროტესტი არ გამოდგება, ანუ შიდა კონკურენცია იქმნება პოლიტიკოსებსა და აქციებს შორის. პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ აქციების მართვის სადავეები პოლიტიკოსებმა აიღონ. აქციებს თუ საიმისოდ გაუჭირდება, რომ პოლიტიკოსები მოიმხრონ, მაშინ შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ თუ აქციები აგრძელებენ ისე ყოფნას, როგორც არიან, მაშინ პოლიტიკოსები მათ არ სჭირდებათ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ახლა პროტესტის მომატებაც და დაკლებაც პოლიტიკოსებთან არაა დაკავშირებული, ან თარიღია, ან ამინდია, ან ვიღაც ჩამოვიდა. უკვე პოლიტიკოსების საქმიანობა აქციების ბედ-იღბალზე თითქმის გავლენას არ ახდენს და რატომ უნდა დაუთმოს აქციებმა პოლიტიკოსებს ასპარეზი? რაც შეეხება პროტესტს გაზაფხულზე, მოგეხსენებათ, გაზაფხულზე ყველაფერი ყვავდება და ალბათ აქციებიც აყვავდება. ყველა ქვეყანაში აქციების რესურსი უამრავია. ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება არჩევნებით მოდის, იქაც არის მეორე ნაწილი, რომელიც შედეგებმა გაანაწყენა - აშშ-ში რესპუბლიკელების მოსვლამ დემოკრატები გაანაწყენა. ქვეყანაში აქციების მომწყობთა რესურსი ყოველთვისაა, გააჩნია განწყობილებას, ტალღას, მთლიანი საზოგადოების ტენდენციას”, - დაასკვნის საყვარელიძე.

“ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე პროტესტი გააქტიურდება, თან თუ ამას გარე და შიდა ფაქტორებიც დაემატა. “ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე პროტესტი უფრო გააქტიურდება, ეს დამოკიდებულია ასევე საგარეო ფაქტორებზე, ირანის და რუსეთის პოზიციების დასუსტების ფონზე. ქვეყნის შიგნითაც საჭიროა ახალ ლოზუნგებზე მუშაობა, მოსახლეობასთან შეხვედრა და ძირითადად სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება. სწორი სტრატეგია-ტაქტიკის ქონისა და კარგი ლოზუნგების შემთხვევაში, შიდა ტალღა მოიმატებს. მარტო ძირს ოლიგარქია და ივანიშვილის რეჟიმი საკმარისი არაა. ბევრს ივანიშვილის რეჟიმი არ მოსწონს,რაც მუნიციპალური არჩევნების დროს გამოჩნდა, მაგრამ ხალხი აგიტაციის ქვეშაა. კითხვები აქვს - ოპოზიცია რომ მოვიდეს, უკეთესობისკენ რა შეიცვლება”, - თვლის ჩიტაძე, რომლის აზრით, “საჭიროა ძლიერი ალტერნატივა და სწორი სტრატეგია-ტაქტიკა” , - დასძენს გამოცემა.

“სასკოლო ფორმა, ეტაპობრივად, მაღალკლასელებისთვისაც სავალდებულო გახდება”

“მომავალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ვალდებული იქნებიან გაკვეთილებზე სასკოლო ფორმებით გამოცხადდნენ. “ზოგადი განათლების შესახებ” კანონს დაემატა ახალი, მე-19 პრიმა მუხლი, რომელიც საჯარო სკოლაში სასკოლო ფორმის ტარებას შეეხება. ცვლილებების თანახმად, დაწყებითი საფეხურის მოსწავლე ამ ვალდებულებისგან შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამინისტროსთან საჯარო სკოლის წერილობით შეთანხმებული გადაწყვეტილებით. სხვა საპატიო მიზეზების შესახებ დოკუმენტში არ არის საუბარი არც იმ შემთხვევაზე, თუ რა ზომები შეიძლება მოჰყვეს მოსწავლის მიერ მიღებული წესის დარღვევას”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “სასკოლო ფორმა, ეტაპობრივად, მაღალკლასელებისთვისაც სავალდებულო გახდება”.

“დაწყებითი კლასების მოსწავლეთა სასკოლო ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებები 2026 წლის 1-ლ ივნისამდე უნდა დასრულდეს. VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის მსგავსი ვალდებულება არ იმოქმედებს. საჯარო და კერძო სკოლებს უფლება ექნებათ დააწესონ სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდონ მოსწავლისა და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა შესაძლოა არჩევანის თავისუფლება მხოლოდ დროის საკითხი იყოს და უახლოეს მომავალში სავალდებულო ფორმების ტარება ყველა კლასის მოსწავლეს შეეხოს. კანონის ამჟამინდელი ვერსიით VII-XII კლასის მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, რომელთა ოჯახებიც სოციალურად დაუცველია და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 60 000 ქულით ან ნაკლებით, სასკოლო ფორმას სახელმწიფო შეუძენს, სხვა შემთხვევაში მშობლებს ფორმების შეძენა თავად მოუწევთ.”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მმართველი გუნდი განმარტებით ბარათში წერს: “სასკოლო ფორმა ხელს შეუწყობს სწავლაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, სასწავლო დაწესებულების მიმართ მიკუთვნებულობის განცდას, მოსწავლეთა შორის სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების ვიზუალურად გამოხატვის შესაძლებლობის შემცირებას”. ამ არგუმენტების საპასუხოდ კითხვები დაიბადა: ხომ არ არის ეს განათლების სისტემაში არსებული პრობლემების ფასადური მოგვარება? რატომ ფიქრობს სახელმწიფო ვიზუალურ ნაწილზე და არა შინაარსობრივ ცვლილებაზე? რამდენად მართებულია მოსწავლეები დაავალდებულო ატარონ სასკოლო ფორმა, როცა სასკოლო კვების, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სასკოლო რესურსების სიმწირის გამო არაერთი პრობლემაა? შეუწყობს თუ არა ხელს სასკოლო ფორმა მოსწავლეებში თანასწორობის შეგრძნების გაჩენას, მით უმეტეს, თუკი მისი ყიდვა მშობელს დაეკისრება? საზოგადოების ნაწილმა ცვლილებებში თვითგამოხატვის შეზღუდვა დაინახა, ნაწილმა კი დისციპლინის მხარდაჭერა. აზრი ორად იყოფა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებშიც”, - განაგრძობს გამოცემა.

“განათლების საკითხების მკვლევარი, ისტორიისა და საგნის “მოქალაქეობის” პედაგოგი შალვა მინდაძე მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მეასეხარისხოვანია, როცა ბავშვები შიმშილობენ. “სასკოლო ფორმა იშვიათად არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, მით უმეტეს, თუკი მიზნად გვაქვს აკადემიური შედეგებისა და დისციპლინის გაუმჯობესება, ბულინგის შემცირება, თანასწორობისა და ემპათიის ზრდა. ფორმის პოლიტიკა ხშირად არ იძლევა სისტემურ და სტაბილურ ეფექტს, რეალური შედეგები ზოგჯერ ნულოვანია, ზოგჯერ მცირე, ხოლო სადაც გაუმჯობესებაა, ხშირად რთულია დადგენა, ეს ფორმამ განაპირობა თუ სხვა თანმხლებმა ფაქტორებმა, მაგალითად, სკოლის მართვამ, ზედამხედველობამ თუ სხვა ნებისმიერმა სოციალურმა­ მხარდაჭერამ. ფორმა მეასეხარისხოვანია, როცა ბავშვები შიმშილობენ, სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემები და რესურსების სიმწირეა”, - თვლის მინდაძე, რომელიც ოპონენტების მიერ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ევროპული გამოცდილების მოშველიებას პასუხობს”, - დასძენს გამოცემა.

“ევროპაში ერთიანი პრაქტიკა არ არსებობს. სავალდებულო უნიფორმები რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში გვხვდება. კონტინენტურ ევროპაში ეს იშვიათი შემთხვევაა. ევროპულ სივრცესთან დაახლოება არ ნიშნავს უნიფორმის ასლის გადმოტანას. პირიქით, ევროპული მიდგომა არის: უფლებრივი ბალანსი, ხარჯების კონტროლი, მოქნილი დრესკოდი, რელიგიური თუ ეროვნული ინკლუზია. ევროპული პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა კონტექსტის გარეშე ხდება, რაც ყოველთვის უშედეგოა. მე მაინც მგონია, სასკოლო ფორმები პრაქტიკაში ვერ იმუშავებს რამდენიმე მიზეზით: - ბავშვი ან მშობელი სავალდებულო ფორმას ხშირად აღიქვამს თვითგამოხატვის შეზღუდვად. “საკანონმდებლო მაცნეში” წერია, რომ სკოლას შეუძლია დააწესოს ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს აქვთ დასაბუთებული უარის თქმის უფლება - ახლა რომ ფორმა შემოგაქვს სავალდებულოდ, თავადვე არღვევ შენივე მიღებულ კანონს?!”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა მინდაძე.

“ეკონომიკურ ტვირთს, რომელსაც ფორმის სეზონურობის მიხედვით შეძენა-შეცვლა ქმნის, ჩვენი ქვეყანა ვერ აიტანს. შედეგად შეიძლება გაჩნდეს ახალი უთანასწორობა, ვის აქვს ერთი ფორმა, ვის რამდენიმე და ვის უფრო ხარისხიანი; მესამე - რა ხდება მაშინ, თუკი წესს არღვევ და ფორმას არ იცვამ? გაკვეთილიდან გაგდებენ თუ გიჩერებენ მოსწავლის სტატუსს? განათლების ხარისხის სახელით ზღუდავ განათლებაზე წვდომას?! მეოთხე - გასათვალისწინებელია ჯანმრთელობისა და ფიზიკური ფაქტორები. თანამედროვე კვლევები გვიჩვენებს, რომ სტანდარტულმა ფორმამ შეიძლება შეამციროს ფიზიკური აქტივობა, რადგან სკოლის ფორმა მოქნილი არ არის” - დაასკვნის მინდაძე.

“ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის სკოლის დირექტორის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე “მოქალაქეობის” პედაგოგის ლევან ყაულაშვილი თქმით, მოსწავლე ფასდება იმით, თუ რას ფიქრობს და რას აკეთებს და არა იმით, რა აცვია. “ჩვენს სკოლაში სასკოლო ფორმების სავალდებულო ტარების წესი შარშან დამკვიდრდა. რაც შეეხება სირთულეებს, მთავარი კითხვა, რომელიც მშობლებმა დასვეს, იყო: იქნება თუ არა ფორმა კომფორტული და ხელმისაწვდომი. თუმცა, როდესაც მშობლებთან ერთად შევარჩიეთ დიზაინი და შევთანხმდით, როგორი უნდა ყოფილიყო სკოლის უნიფორმა, ეს წინააღმდეგობები ნდობით იცვლება. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ფორმა სკოლებში ამცირებს ვიზუალურ ეფექტებს, მოსწავლე უფრო კონცენტრირებულია სწავლაზე და რა იმაზე, თუ რა ჩაიცვას”, - ამბობს ყაულაშვილი, რომლის აზრით, მნიშვნელოვანია სოციალური თანასწორობის საკითხი - სკოლაში არ უნდა იგრძნობოდეს ოჯახების სოციალური მდგომარეობა”, - წერს სტატიის ავტორი.

“მშობლებს აღარ უწევთ ფიქრი, შვილი როგორ გამოაწყონ. გარანტირებულია უსაფრთხოებაც - სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირის იდენტიფიცირება მარტივია. მნიშვნელოვანია ფორმა იყოს ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული, რათა მოსწავლეებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ეს ცვლილება მოსწავლეთა თვითგამოხატვის შეზღუდვაა, გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს მხოლოდ სამოსს. პირიქით, როცა ჩაცმულობა უნიფიცირებულია, მოსწავლეს უჩნდება სტიმული თავისი ინდივიდუალიზმი და პიროვნული უპირატესობა გამოხატოს ცოდნით, შემოქმედებითობით, არგუმენტირებული მსჯელობით. მოსწავლე ფასდება იმით, თუ რას ფიქრობს და რას აკეთებს და არა იმით, რა აცვია. ჩვენი მიზანია ბავშვებს ვასწავლოთ, რომ მათი მთავარი ღირებულება არის მათივე ინტელექტსა და პიროვნულ თვისებებში და არა ბრენდულ სამოსში”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ყაულაშვილი.

“ოცნება” მუშაობს კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივაზე - როგორ განხორციელდება ეს პრაქტიკაში

“ქართული ოცნება” უკვე მუშაობს მისი დეპუტატების ინიციატივაზე, რომ სანქციები, მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს და ჯგუფებს, რომლებიც კონსტიტუციური ორგანიების ლეგიტიმაციას საჯაროდ არ აღიარებენ. პრემიერი ირაკლი კობახიძის სურვილია, რომ პარლამენტმა “რაც შეიძლება მალე მიიღოს შესაბამისი კანონი”. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოსალოდნელი ცვლილებები პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად, საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად. “პირველი მოსმენით ეს დებულება უკვე მიღებულია, რაც შეეხება კონსტიტუციური წესრიგის, ორგანოების არაღიარებას, მეორე მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება, თუ რა კონკრეტული ქმედება არის დასჯადი და რა სანქციები იქნება - სისხლისსამართლებრივი”, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” მუშაობს კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივაზე - როგორ განხორციელდება ეს პრაქტიკაში.

“პაპუაშვილის თქმით, “ეს პირველი მოსმენით სისხლის სამართლის კოდექსშია. აქ საუბარი არ არის მიხეილ ყაველაშვილზე ან კონკრეტულ ადამიანზე, აქ საუბარია საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე, მის აღიარებასა და მისი კონსტიტუციური ორგანოების აღიარებაზე. ჩვენი ქვეყნის აღიარება ზოგიერთ უცხოელს ხაჭაპურის აღიარება ჰგონია”... ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ “ოცნება” კანონს ადვილად მიიღებს, თუმცა პრაქტიკაში განხორციელება გაუჭირდება. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ იმ განცხადებისთვის, რომ ადამიანს სხვა შეხედულება აქვს, ეს არ უნდა ისჯებოდეს. მისი თქმით, უნდა ისჯებოდეს მოწოდება. “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად, ეს უფრო საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად, ისევე როგორც სხვა ცვლილებები, რომლებიც ამ პაკეტში შედის, მათ შორის, საერთაშორისო დაფინანსების მიღების აკრძალვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოცნებას” პრობლემა არ აქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს და დააკანონოს - მას მორჩილი უმრავლესობა ჰყავს. პრობლემაა სხვა მხრივ - სხვა კანონების მსგავსად, ამ კანონის მიღების შემდეგაც მისი იმპლემენტაცია უნდა დაიწყოს, ანუ ამის რეალურ ცხოვრებაში გატარება - შეძლებს კი “ოცნება” მიღების შემდეგ კანონი აამოქმედოს? დღეს ვინც ამბობს, რომ არალეგიტიმურია ხელისუფლება, ის არალეგიტიმურს აღარ ახსენებს და იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა, რის შედეგადაც მივიღეთ ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს უფლება ქვეყნის სათავეში იყოს. აქ ხომ სიტყვების თამაშზეა ლაპარაკი - ეს ერთი და მეორეც, დავუშვათ არავინ ლეგიტიმაციას არ ახსენებს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში განწყობა შეიცვლება? ამ მხრივ აბსოლუტურად არაფერი შეიცვლება არც ქვეყნის შიგნით, არც გარეთ. ჯერ სანახავია, როგორი იქნება ინიციატივის ფორმულირება, თუმცა, დავუშვათ ისევ არალეგიტიმურობაზე გაგრძელდა ლაპარაკი, შეძლებს კი “ქართული ოცნება” რომ ყველა დააპატიმროს, ვინც არალეგიტიმაციას დაასახელებს? მისი ცხოვრებაში გატარებაა პრობლემა და აქ მემგონი პრობლემები შეექმნება. “ქართული ოცნება” ძალიან ჩქარობს და სწრაფად უნდა რაღაც თემები გადაწყვიტოს და მოაგვაროს, მაგრამ ამის შესაფერისი გარემო ჯერჯერობით ქვეყანაში არაა, რომ მან ასეთი მეთოდებით რაიმეს რეალურად შეცვლა შეძლოს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“როდესაც არის მოწოდება შემდეგი შინაარსისა და ადამიანი ამბობს, რომ მე მთავრობის კანონიერებას და კონსტიტუციას არ ვცნობ და ყველას მოვუწოდებ, რომ დავამხოთ, ეს ისჯება, მაგრამ, როცა ცალკეული ადამიანი ამბობს, რომ მე არ ვიზიარებ ამ პრინციპებს და სულაც კონსტიტუციური მონარქიის მომხრე ვარ, ამასთან შეუძლია პროტესტის ნიშნად მოქალაქეობაც კი დატოვოს, ეს არ ისჯება. მხოლოდ იმ განცხადებისთვის, რომ მე სხვა შეხედულება მაქვს, ეს არ უნდა ისჯებოდეს, ეს მიღებული არაა, ყველას აქვს უფლება, რომ რაღაცას სცნობდეს და რაღაცას არა, მაგრამ კონკრეტული მოქმედება და სხვისთვისაც მოწოდება, რომ შევცვალოთ და დავამხოთ, ეს კი. ეს განისაზღვრება სწორედ განცხადებებით, როცა აშკარაა, რომ მე ამას ვიზამ, მოუწოდებ, რომ აბა ახლა ყველანი მივდივართ პრეზიდენტის რეზიდენციისკენ!” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“მაგალითად, გერმანიაში ღრმად დაბერებული ადამიანები, საიდანაც ერთერთმა განაცხადა, რომ მონარქის შთამომავალია შექმნეს ეს წრე და დამხობისკენ ემზადებოდნენ, იქ ჩხრეკა იყო, ვიღაცას იარაღიც აღმოუჩინეს დააპატიმრეს 80 ადამიანზე მეტი და ეს გასაგებია, რადგან სახელმწიფო ყოველთვის კანონებს კონსტიტუციას იცავს... ვფიქრობ გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, თუმცა მე ინიციატივა არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, შეცდომა და არასწორი იქნება, იმის გამო დაეკისროს სანქცია, რომ ადამიანმა თქვას, რომ თუნდაც მონარქიის მომხრეა. მაგრამ თუ იტყვის, რომ მე ახლა ნებისმიერი გზით, თუ საჭიროა შეიარაღებული, ამბოხით მოგიწოდებთ ყველას, ეს უკვე არის მოწოდება ძალადობისკენ”, - დასძენს მამრაძე.

“აქვე აღსანიშნავია, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სხვადასხვა დროს ბრალდება წაუყენეს 60-ზე მეტ პირს, მათ პროკურატურა ძირითადად განსაკუთრებული მნიშვნელობის ორგანოს ხელში ჩაგდების მცდელობას, სტრატეგიული ობიექტის ძალადობით დაკავებას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. შესაბამისად, კითხვაზე, მსგავსი ქმედება თუ ისედაც დასჯადია, მაშინ რა მიზანი აქვს ინიციატივას, მამრაძემ გვითხრა: “მეც მაგას ვამბობს, რომ ძალადობისკენ მოწოდება ისედაც დასჯადია, ისმის კითხვა - ახლა რაღა უნდათ? მე ეს არ ვიცი”. იაგო ხვიჩიას აზრით, არსებული კანონმდებლობითაც ხელისუფლებას ყველაფრის უფლება აქვს, რადგან სასამართლო ჯიბეში უზის და რასაც უნდა, იმას გააკეთებს, მაგრამ ასეთი ტიპის ცვლილებები და ამასთან გამოწვეული ხმაური უკავშირდება იმას, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ჩვენი მკაცრი მთავრობა არ ხუმრობს და ყველას დასჯას აპირებს. “მგონია, ეს არის მესიჯი, თორემ ბოლო წლების განმავლობაში რისი უფლება არ ჰქონიათ და არ მიუცია სასამართლოს მათთვის?” - ამბობს ხვიჩია”, - წერს სტატიის ავტორი.

გია ხუხაშვილი - “იმედი” ირაკლი რუხაძემ ვალებთან ერთად მოიშორა”

_ “ირაკლი რუხაძე არასოდეს ყოფილა ტელეკომპანია “იმედის” რეალური მფლობელი, მხოლოდ ნომინალური მფლობელი იყო, რასაც ყველა კარგად აცნობიერებდა. თუმცა ამ ნომინალურ პოზიციაში რუხაძემ მნიშვნელოვანი სარგებელი ნახა, ბიზნესების განვითარებისთვის საჭირო “მწვანე შუქი” მიიღო და მაქსიმალურად გამოიყენა თავისი ინტერესებისთვის. “იმედის” შენახვა რუხაძეს ბევრი არაფერი დაუჯდა, ხელისუფლება რეგულარულად უხდიდა ვალებს, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ვალები მაინც ძალიან იზრდებოდა. დღეს, როდესაც “იმედი” ფაქტობრივად პროპაგანდისტულ კონგლომერატად გადაიქცა, რუხაძემ ვალებთან ერთად მოიშორა... “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მე მქონდა მორალური ვალდებულება ბადრის მიმართ, რომელიც უნდა შემესრულებინა. პირველი მნიშვნელოვანი საკითხი `იმედის~ ოჯახისთვის დაბრუნება იყო და ჩემი ინიციატივით ასეც მოხდა. მაშინ ბადრის მეუღლეს, ინას, ვუთხარი, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი ტელევიზიის გაკეთება, რომელიც ბადრის ძეგლს დაუდგამდა...” - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “იმედი” ირაკლი რუხაძემ ვალებთან ერთად მოიშორა”.

“მე მას შევპირდი, რომ ტელევიზია პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იქნებოდა. ერთი თვის შემდეგ ბიძინამ შეხვედრა მთხოვა. როდესაც მასთან მივედი, მითხრა, რომ ღარიბაშვილი ჩემზე საჩივრით მისულა. საქმე ის იყო, რომ “იმედის” ერთ-ერთ ჟურნალისტს ღარიბაშვილისთვის გაუგზავნია კითხვები, რომლებიც მას არ მოეწონა. ღარიბაშვილმა ბიძინას შესჩივლა, “იმედი” მებრძვის, ამ ტელევიზიას კი ხუხაშვილი აკონტროლებს და შესაბამისად, ხუხაშვილი მებრძვისო. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტური აბსურდი იყო და ბიძინასაც განვუმარტე, რომ არც ღარიბაშვილს ვებრძოდი და არც “იმედს” ვაკონტროლებდი. ვუთხარი, რომ “იმედზე” კონტროლის მოპოვებას არასოდეს ვეცდებოდი, ამას არც ბადრის ხსოვნას ვაკადრებდი, არც მას და არც საკუთარ თავს. იცით, ბიძინამ რა მიპასუხა? ძალიან ცუდია, თუ არ აკონტროლებო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“მეორე დღეს მთავრობის სხდომიდან პრესცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დამირეკა და მკითხა, ხომ მშვიდობა გაქვთო? მე გაოგნებულმა იქით შევაგებე კითხვა, რა ხდება-მეთქი? როგორც მისგან გავიგე, ბიძინას, რომელიც მაშინ პრემიერი იყო, მთავრობის სხდომაზე განუცხადებია, ხუხაშვილმა იჩქარა, “იმედი” რომ ბადრის ოჯახს დაუბრუნაო. როგორც ხედავთ, ბიძინამ ტელევიზიის კონტროლზე უარის თქმა შეცდომად ჩათვალა და მედიაში გავლენის მექანიზმები ისე დაალაგა,­ როგორც საჭიროდ მიიჩნია.. ილია მიქელაიშვილზე ბევრი არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრობისთვის იბრძოდა და “ქართული ოცნების” შავ საქმეებს აკეთებდა. როგორც ჩანს, დაასაჩუქრეს, თუმცა კი გამკვირვებია, მან ან დანარჩენმა ჟურნალისტებმა როგორ აიღეს საკუთარ თავზე 500 მილიონი ვალი, რაზე ფიქრობენ? ხვალ შეიძლება სახლების გაყიდვამ მოუწიოთ. დავიჯერო, მაგალითად, ირაკლი ჩიხლაძეს, რომლის წილად “იმედში” 10 პროცენტია, 500 მილიონი აქვს?...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხელისუფლების ლოგიკა ნათელია, ისინი ინარჩუნებენ ერთგვარ ავტორიტარიზმს და ცდილობენ ყველა შესაძლო რისკი წინასწარ გაითვალისწინონ. მხოლოდ იმას კი არ ცდილობენ, რომ პროტესტი სამზარეულოებში გამოკეტონ, არამედ ისეთი სიტუაცია შექმნან, რომ სამზარეულოშიც სახიფათო იყოს ხელისუფლებაზე უკმაყოფილების გამოხატვა... ჩვენი ხელისუფლება ცნობილია მანიპულირებით. კანონში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რას ნიშნავს “არცნობა”. არის ორი ვარიანტი: პოლიტიკური არცნობა, როცა რიტორიკის დონეზე უარყოფენ არჩევნების შედეგებს, ლეგიტიმურობას და ა.შ. და მეორე ვარიანტი _ სამართლებრივი არცნობა. როდესაც კობახიძემ გერმანია ახსენა, სწორედ სამართლებრივ არცნობაზე იყო საუბარი. ე.ი. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც არ ცნობენ კანონებს, არ ემორჩილებიან ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს, თუნდაც იმიტომ, რომ მიაჩნიათ, რომ უსამართლოა. ასეთები კანონთან კონფლიქტში არიან. ჩვენს შემთხვევაში ადამიანებს აზრის გამოხატვის გამო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებენ, რაც წარმოუდგენელი სიტუაციაა”, - განმარტავს ექსპერტი.

“ყველაზე ცუდი ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებში ის არის, რომ არ არის ზუსტად გაწერილი, რა ითვლება კანონდაუმორჩილებლობად, რა შემთხვევაში უნდა დაჯარიმდეს მეწარმე და რას ნიშნავს მისი პოლიტიკაში მონაწილეობა. ბუნდოვნად ტოვებენ ამ განსაზღვრებას იმისთვის, რომ კანონმდებლობა შერჩევითად გამოიყენონ, ადამიანები დაითრგუნონ, შეშინდნენ და არ იცოდნენ, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციებში. მაგალითად, სრულიად გაუგებარია მეწარმის 20.000 ლარით დაჯარიმება იმის გამო, რომ საჯაროდ გამოხატოს აზრი იმ სფეროზე, სადაც არ მუშაობს. ე.ი. მეხინკლეს ქაბაბზე საუბარი ეკრძალება? ეს განმარტებები ბუნდოვანია, მიზანი კი ის არის, რომ ადამიანები ისე შეაშინონ, რომ ხმა აღარაფერზე ამოიღონ. ძალადობით ცდილობენ ნებისმიერი ალტერნატიული აზრისა და ქმედების ჩახშობას”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითზვაზე - “ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ახალი პოლიტიკური სუბიექტების გაჩენას?” - პასუხობს:

“ეს კანონები არათუ ხელს უშლის ახალი პოლიტიკური სუბიექტებისა და პარტიების ჩამოყალიბებას, არამედ შეუძლებელსაც ხდის, რადგან არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ხელისუფლებას შეუძლია ქოთანს ყური იქით მოაბას, საითაც სურს. ამას იზამს მაშინ, როცა საფრთხეს დაინახავს, ხოლო თუ საფრთხეს ვერ დაინახავს, რეაგირება არ იქნება. მაგალითად, “გირჩის” განცხადებებზე რეაგირება არ ექნებათ, ამ შემთხვევაში დემოკრატიის მანტიას მოირგებენ, მაგრამ თუ სადმე საფრთხეს დაინახავენ, მერე ოპერატიულად იმოქმედებენ. შეიძლება ითქვას, კანონმდებლობით ხელისუფლება ხელში იღებს ოპერატიული მართვის ინსტრუმენტებს”.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა