საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, „კავკასიური სახლის“ თავმჯდომარეს ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
- ბატონო ლევან, მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრმა გივი მიქენაძემ განაცხადა რომ მიღებულია გადაწყვეტილება თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების შესახებ, არა მარტო ამ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს აქვთ დაკარგული მოსვენება, არამედ იმათაც, ვინც ეს უნივერსიტეტები სხვადასხვა დროს აქვს დამთავრებული.
6 თებერვალს განათლების სამინისტროში განათლების მინისტრი გივი მიქენაძე თსუ-სა და სტუ-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა 5 საათზე მეტს ხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა, რექტორებმა და პროფესორების ნაწილმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს.
მინისრტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ არ გადაიხედება. ორივე უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეთახმდნენ რომ გაერთიანების ფორმებზე იმსჯელებდნენ.
არადა, ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გაცხადებული პოზიცია აქვს იმაზე რომ უნივერსიტეტეტების გაერთიანება არ უნდა მოხდეს. თუ უნივერსიტეტები გაერთიანების წინააღმდეგი არიან, სამუშაო ჯგუფში, რომლის მიზანი გაერთიანებაა, ან როგორ უნდა იმუშაონ, ან ამ ჯგუფმა როგორ უნდა იფუნქციონიროს სრულიად გაუგებარია.
თქვენ როგორ შეაფასებდით მინისტრთან უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგებს? უფრო სწორად თქვენ რა გაიგეთ ამ შეხვედრის მონაწილეთა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებისაგან?
- საქართველოს მთავრობა და განათლების სამინისტრო ძალადობენ, მათ სურთ საკითხი ძალმომრეობითა და ხელების გადაგრეხვის პოლიტიკით გადაწყვიტონ. ამასთანავე, საქმე გვაქვს უკიდურესად არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ, ორი უნივერსიტეტისა და ორი კოლექტივის დამცირების სურვილთან.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვიტა, დაჩქარებული წესით მიიღო შესაბამისი კანონმდებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს აკადემიურ პერსონალთან კონსულტაციებს. ასე მხოლოდ ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმები იქცევიან, რომელთაც არ აინტერესებთ საზოგადოების აზრი და მზად არიან, ნებისმიერი წინააღმდეგობა წელში გადაამტვრიონ.
ნორმალური მმართველი კლასი განათლების რეფორმის დაგეგმვის მიზნით ჯერ ფუნდამენტურ კვლევას ჩაატარებდა, გამოკვეთდა სისტემის ძირითად ნაკლოვანებებს, შეისწავლიდა საერთაშორისო გამოცდილებას, ერთმანეთს შეადარებდა პრობლემის გადაწყვეტის გზებს, მიღებულ მონაცემებს დაუკავშირებდა საკუთარ პოლიტიკურ პრიორიტეტებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებდა ფართომასშტაბიან კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვიტა, დაჩქარებული წესით მიიღო შესაბამისი კანონმდებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს აკადემიურ პერსონალთან კონსულტაციებს. ასე მხოლოდ ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმები იქცევიან, რომელთაც არ აინტერესებთ საზოგადოების აზრი და მზად არიან, ნებისმიერი წინააღმდეგობა წელში გადაამტვრიონ
კონსულტაციების შემდეგ გაითვალისწინებდა აკადემიური საზოგადოების ზოგიერთ შენიშვნას და სულ ბოლოს შეუდგებოდა გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს იქნებოდა რეფორმის გატარების ცივილიზებული მეთოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ცდილობს სწრაფად, უხეშად, ველურად გაიტანოს თავისი და არ ენაღვლება რამდენი ადამიანი აღმოჩნდება მისი ბულდოზერის მუხლუხოს ქვეშ. ერთი სიტყვით, ხელისუფლება უარს ამბობს რეფორმა მეცნიერული კვლევებისა და დემოკრატიული განსჯის კვალდაკვალ გაატაროს.
ამგვარ ვითარებაშიც კი, სრულიად გამაოგნებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებები. ორი ასწლოვანი უნივერსიტეტის ურთიერთშერწყმას იგი ისტორიული არგუმენტით ასაბუთებს და ამბობს, რომ ივანე ჯავახიშვილს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არსებობა არ სურდაო.
ბატონმა ივანემ სიმწრით, ტანჯვითა და ვაებით, უამრავი წინააღმდეგობის ხარჯზე ძლივს მოაგროვა ერთი ქართულენოვანი უნივერსიტეტისთვის საკმარისი პროფესიონალთა ჯგუფი. მაშინდელ საქართველოში ბევრს არ სჯეროდა, რომ ერთი სასწავლებლის გახსნისთვის საჭირო რესურსი მოიძებნებოდა. ასეთ სიტუაციაში დიდი მეცნიერი მეორე უნივერსიტეტის გახსნის პოტენციალზე წინასწარ ვერ იფიქრებდა.
ჯავახიშვილი თავის არცერთ ნაშრომში არ წერს, რომ სათანადო პირობებისა და ტექნოლოგიური განვითარების არსებობის შემთხვევაში, ის პროფილური უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნების წინააღმდეგი იქნებოდა.
ხელისუფლება უარს ამბობს რეფორმა მეცნიერული კვლევებისა და დემოკრატიული განსჯის კვალდაკვალ გაატაროს
ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებების გაყალბებისა და არაკეთილსინდისიერი მისაკუთრების გარდა, ბატონი კობახიძე იმასაც დასძენს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულმა დარგებმა ტრადიციული მიმართულებები „გერად აქციეს“.
აღნიშნული მოსაზრებაც ფაქტობრივად არაზუსტია. გადახედეთ სტუ-ს სტრუქტურას, მხოლოდ სამ ფაკულტეტს აქვს ჰუმანიტარული პროფილი, რვა მათგანი კი ტექნიკური შინაარსისაა. ამასთანავე, სტუ-ის ყველა ინსტიტუტი საბუნებისმეტყველო, საინჟინრო ან ზუსტ მეცნიერებებს ემსახურება. აქვე, ბატონ კობახიძეს უნდა შევახსენოთ, რომ ტექნიკურ სასწავლებლებში ჰუმანიტარული კათედრების არსებობა ჩვეულებრივი მოვლენაა მთელს მსოფლიოში.
ჩვენ ჰიბრიდული მეცნიერებების, ინტერდისციპლინარული კვლევების ეპოქაში ვცხოვრობთ. საგნობრივი სწორხაზოვნებითა და ჩაკეტილობით გამორჩეულმა პოლიტიკოსებმა შეიძლება არ იციან, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, ფილოსოფოსი და ენათმეცნიერი ნოამ ჩომსკი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორია.
ბატონ პრემიერ-მინისტრს ახასიათებს ნახევრად სიმართლეების თქმა. არავინ უარყოფს, რომ სტუ-შიც და მთელ ქვეყანაშიც ტექნოლოგიური და საინჟინრო ფაკულტეტები მძიმე დღეში არიან. თუმცა, პრემიერი არ სვამს შეკითხვას, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ მდგომარეობაზე?
არავინ უარყოფს, რომ სტუ-შიც და მთელ ქვეყანაშიც ტექნოლოგიური და საინჟინრო ფაკულტეტები მძიმე დღეში არიან. თუმცა, პრემიერი არ სვამს შეკითხვას, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ მდგომარეობაზე?
ტექნიკური და საინჟინრო ფაკულტეტები მოწოდების სიმაღლეზე არიან იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ინდუსტრიული პოლიტიკა ტარდება, წარმოება მუშაობს. რატომ განვითარდება სახელმწიფოში ქიმიური მრეწველობის ფაკულტეტი, როდესაც ეკონომიკის მინისტრს ჰგონია, რომ მეურნეობის მთავარი სფეროები ტურიზმი, სპეკულაციური დარგები და პრივატიზაციაა.
რა განავითარებს სატრანსპორტო ფაკულტეტს, თუ საქართველოს რკინიგზა ვალებში იხრჩობა და მოგებაზე ვერ გადის. მთავრობა საკუთარ ნაკლოვანებებზე არაფერს ამბობს და ყველაფერს გაღარიბებულ პროფესურასა და უნივერსიტეტს აბრალებს.
ბატონი ირაკლი არც ცინიზმს ერიდება, ოღონდ შორიდან, აბუ-დაბიდან, თავად პროფესორებთან შეხვედრის ძალა მას არ შესწევს. ხან დამცინავად ჰარვარდსა და ოქსფორდს ადარებს თსუ-სა და სტუ-ს, ხან კი პროფესორთა ეგოისტურ, პირად მიდრეკილებებზე სვამს აქცენტს.
გამათხოვრებულ, სტუდენტების მოტანილ ფულზე დამოკიდებულ უნივერსიტეტებს მსოფლიოს მწვერვალების დაპყრობას ვერ მოვთხოვთ
ვფიქრობ, ჩვენმა აკადემიურმა წრეებმა ღირსეული პასუხი გასცეს პრემიერ-მინისტრს. დიახ, თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ ქვეყნის განვითარებაში იმაზე გაცილებით დიდი წვლილი აქვთ შეტანილი, ვიდრე ჰარვარდს აშშ-ის ფორმირებაში.
რაც მთავარია, ბატონ კობახიძეს ყოველთვის ავიწყდება, რომ სასწავლებლები დაფინანსების სტრატეგიებითა და ოდენობითაც შეადაროს ერთმანეთს. გამათხოვრებულ, სტუდენტების მოტანილ ფულზე დამოკიდებულ უნივერსიტეტებს მსოფლიოს მწვერვალების დაპყრობას ვერ მოვთხოვთ.
ხელისუფლების შეტევა დააგვირგვინეს პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა. მათ წლებია არ გახსენებიათ საუნივერსიტეტო პრობლემატიკა, მაგრამ ახლა ყველაზე ამორტიზებულ კორპუსებში შევარდნენ და იქ არსებული სიტუაცია მთელ სასწავლებელზე განაზოგადეს. მე არ ვიცი, რა შეიძლება ეწოდოს ასეთ მუხანათობას.
- ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება სიკეთეს მოუტანს ორივე უნივერსიტეტს, მაგრამ, ბევრი მცდელობის მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ გასცეს პასუხი მარტივ კითხვებს - ვინ მუშაობდა განათლების სისტემის კონცეფციაზე, რომელიც თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას ითვალისწინებს?
პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები წარმოდგენელი სახით რეფორმის მიზნებსა და ამოცანებზე? ასევე იმაზე, სავარაუდოდ, როგორ წაადგება თსუ-სა და სტუ-ს გაერთიამება ქვეყანაში უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა?
თქვენ როგორ შეაფასებდით თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების იდეას? სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მათი გაერთიანება?
თქვენ როგორ დაინახეთ წარმოდგენილი სახით რეფორმის არსი და ის, რეფორმის მიზანი რაში მდგომარეობს?
- რეფორმის მსგავს სადამსჯელო ოპერაციას, რომელსაც ადეიშვილის აპარატში გამოწრთობილი ენმ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი უხეიროდ ხელმძღვანელობს, რამდენიმე კონკრეტული ამოცანა აქვს.
ხელისუფლების წარმომადგენლებს რატომღაც სასაცილოდ არ ჰყოფნით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული არგუმენტი, არადა თსუ-სა და სტუ-ის შენობების ხელში ჩაგდების სურვილი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა. არავინ გაყიდის უნივერსიტეტისა და ტექნიკურის მთავარ კორპუსებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, აღნიშნული სასწავლებლების ბალანსზე ათეულობით მილიონის ღირებულების საკუთრებაა.
მაგალითად, იცით თქვენ სად მდებარეობს ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი? შესანიშნავი, გრანდიოზული შენობა ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოს არის აღმართული. პატარა ინვესტიციაც კი საკმარისი იქნება იქიდან კიბერნეტიკოსებისა თუ სახელმწიფო დაწესებულებების გამოსაძევებლად, უზარმაზარი ნაგებობის მორიგ ბიზნეს-ცენტრად გადაკეთებისთვის.
ხელისუფლების წარმომადგენლებს რატომღაც სასაცილოდ არ ჰყოფნით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული არგუმენტი, არადა თსუ-სა და სტუ-ის შენობების ხელში ჩაგდების სურვილი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა
სამშენებლო კომპანიებმა უკვე ალყაში მოაქციეს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი ნაფეტვრების გზაზე. ასამდე ასეთი მაგალითის დასახელება შემიძლია. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს მთავრობასთან დაახლოებული დეველოპერების დაუცხრომელი მადა უპრობლემოდ გაილაშქრებს უფუნქციობისთვის განწირული უძრავი ქონების ხელში ჩასაგდებად.
რეფორმის მეორე მიზანი გახლავთ საუნივერსიტეტო დემოკრატიისა და ავტონომიის მოსპობა. ორი უნივერსიტეტის შერწყმის შემთხვევაში ორივე სასწავლებელში პრაქტიკულად უქმდება აკადემიური საბჭო, სენატი, თანამდებობას კარგავენ არჩეული რექტორები. ხელისუფლება ერთპიროვნულად დანიშნავს შერწყმის შედეგად წარმოქმნილი მონსტრის მართვაზე პასუხისმგებელ ორგანოს, მის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული ახალი, მცირე საბჭოს დაკომპლექტებაც.
მაშასადამე, რეორგანიზაციის შედეგად მრავალ სტრუქტურაში გაბნეული შიდა საუნივერსიტეტო ძალაუფლება მთავრობის მიერ შერჩეული, მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელში აღმოჩნდება. დაანონსებულია წამყვანი პროფესორის თანამდებობის შემოღებაც, ისინი კათედრებზე ფაქტობრივი დიქტატორები იქნებიან.
ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ მინი-დიქტატორების დაწინაურების დროსაც „ქართული ოცნება“ პარტიული მიზნებით იხელმძღვანელებს. შედეგად მივიღებთ სახელმწიფო კანცელარიიდან ერთპიროვნულად მართულ უნივერსიტეტს, ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების გარეშე.
რეფორმის მეორე მიზანი გახლავთ საუნივერსიტეტო დემოკრატიისა და ავტონომიის მოსპობა. ორი უნივერსიტეტის შერწყმის შემთხვევაში ორივე სასწავლებელში პრაქტიკულად უქმდება აკადემიური საბჭო, სენატი, თანამდებობას კარგავენ არჩეული რექტორები. ხელისუფლება ერთპიროვნულად დანიშნავს შერწყმის შედეგად წარმოქმნილი მონსტრის მართვაზე პასუხისმგებელ ორგანოს, მის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული ახალი, მცირე საბჭოს დაკომპლექტებაც
მაგრამ ხელისუფლების მთავარი მიზანი სულ სხვაა. „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილების ოჯახს არ სჯერათ, რომ ოდესმე საქართველო შეიძლება იქცეს ინდუსტრიულ, მაღალი ტექნოლოგიებით მომუშავე, მდიდარ, მწვანე და სოციალურად სამართლიან სახელმწიფოდ. მათ არ სწამთ ჩვენი ხალხის პოტენციალის. ისინი ფიქრობენ, რომ მალე ქვეყანა სასიცოცხლო ენერგიისგან დაიცლება და უბრალო დერეფნად, ტურისტულ ფუნდუკად, კაზინოებისა და ფულის გათეთრების ცენტრად იქცევა.
ასეთ ქვეყანას კი სამთო გეოლოგები, მეტალურგები, მანქანათმშენებლები და გამოთვლითი მათემატიკის სპეციალისტები არ სჭირდება, არც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში გათვითცნობიერებული მოქალაქეები.
ივანიშვილის თვალით დანახულ მომავალ საქართველოში მხოლოდ დაბალკვალიფიციური და დაბალანაზღაურებადი მუშახელი თუ შეძლებს ტანჯვით ცხოვრებას. ამგვარ სიტუაციაში კი უნივერსიტეტთა არსებობა აზრს კარგავს.
- თსუ-ს სენატმა განათლების სამინისტროს მოუწოდა შეაჩეროს თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების პროცესი.
ამ თემაზე საუბრისას თსუ-ს პროფესორების საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებები საკმაოდ კრიტიკული იყო, მეტიც, ისინი ღიად საუბრობდნენ იმაზე რომ ხელისუფლების მხრიდან ამგვარი ჩარევით ხელისუფლება არღვევდა არა მხოლოდ უნივერსიტეტის ავტონომიას, არამედ სამეცნიერო-აკადემიური წრეების თავისუფლებას.
მათივე მტკიცებით, განათლების რეფორმა გრძლვადიანია პროცესია, რომელიც კონსენსუსზე უნდა იყოს დამყარებული.
სტუ-ს პროფესურის რეაქცია საკმაოდ თავშეკავებული იყო, რადგან მათ წერილით მიმართეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმკდომარეს ბიძინა ივანიშვილს და ამ წერილში იმედი გამოთქვეს რომ იგი, მისი „მხარდაჭერების აზრს“ გაითვალისწინებდა და ასე შემდეგ.
ორივე პოზიციაზე ხელისუფლების რეაქცია ასეთი იყო - „ხელისუფლებას აქვს კორექტივები შეიტანოს უმაღლესი სკოლის საქმიანობაში“.
ორივე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ამ თემაზე 6 თებერვალს განათლების მინისტრ გივი მიქენაძესთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ამ შეხვედრის შედეგებზე ურთიერთგამომრიცხავი შეფასებებიც მოვისმინეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ რომ გადაწყვეტილება მიღებულია, იყო მოლოდინი, რომ განათლების სამინისტრო ორივე უნივერსიტეტის პროფესურასთან კონსულტაციებს გააგრძელებდა, მეტიც, უარს იტყოდა გაერთიანების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
თქვენ როგორ შეაფასებდით ორივე უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრის შედეგებს, ან იმ წინადადებებს, რომელიც მინისტრმა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გააჟღერეს?
- მინისტრი მოვალეობის მოხდის მიზნით ხვდება პროფესურას. შესაძლებელი რომ იყოს, თავსაც არ შეიწუხებდა ამგვარი თავყრილობებისთვის. ჩვენ ვნახეთ კიდეც, რომ პირველი დისკუსიების დროს პოლიციის პოლკოვნიკი მიქანაძე ისრაელში გაიქცა.
საერთოდ, ძალიან ცუდი მენეჯერის შთაბეჭდილებას ტოვებს. რეორგანიზებისთვის აუცილებელი კანონების ერთ პაკეტად მომზადება და ეფექტიანი კომუნიკაციის დაგეგმვაც კი ვერ შეძლო.
მოლაპარაკებებით ხელისუფლებას აზრს ვერ შევაცვლევინებთ. აუცილებელია აქტიური მოქმედება. ორივე უნივერსიტეტების პროფესორებმა უნდა ჩამოაყალიბონ საინიციატივო ჯგუფი და დაგეგმონ ერთიანი მასშტაბური ღონისძიებები. აუცილებელია, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პროფესურას, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს მასობრივი, მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარებისკენ მოუწოდონ. საფრანგეთში ან გერმანიაში ამგვარი მოპყრობის შემთხვევაში უნივერსიტეტები მასობრივ გაფიცვას გამოაცხადებდნენ.
მოლაპარაკებებით ხელისუფლებას აზრს ვერ შევაცვლევინებთ. აუცილებელია აქტიური მოქმედება. ორივე უნივერსიტეტების პროფესორებმა უნდა ჩამოაყალიბონ საინიციატივო ჯგუფი და დაგეგმონ ერთიანი მასშტაბური ღონისძიებები
დიდი საპროტესტო გამოსვლისა და გაფიცვის გარეშე ხელისუფლება აზრს არ შეიცვლის. პროფესორებს უნიათო, არაფრის მაქნისი, დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტიების გარეშე, დამოუკიდებლად შეუძლიათ წინააღმდეგობის ორგანიზება და საკუთარი ღირსების დაცვა ერთადერთი მოთხოვნით - შეწყდეს ორი ასწლოვანი უნივერსიტეტის ძალადობრივი შერწყმის პროცესი.
სტუ-ს ხელის ერთი მოსმით განადგურება, თსუ-სთვის ავტონომიის ჩამორთმევა აკადემიურმა წრეებმა არ უნდა დაუშვან.
- მმართველ პარტიაში ამბობენ, ორ უნივერსიტეტს იმიტომ ვაერთიანებთ, რომ საერთაშორისო რეიტინგებში გვინდა უკეთესი ადგილი გვქონდესო. მაგრამ, საერთაშორისო რეიტინგებში უკეთესი ადგილისათვის აუცილებელია, რომ საერთაშორისო სტუდენტები ჰყავდეს უნივერსიტეტს. რეფორმა კი უცხოელი სტუდენტების მიღებას კრძალვას.
ფილოსოფოსი გიგა ზედანიას განცხადებით - „თუ საერთაშორისო სტუდენტების შესახებ გადაწყვეტილება არ შეიცვალა, სამი წლის შემდეგ ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო რეიტინგებში შეიძლება საერთოდ ვერ მოხვდნენ, ან, თუ მოხვდებიან - ბევრად უფრო დაბალ საფეხურზე".
იმის გათვალისწინებით თუ რა კანონის მიღებაა ნავარაუდევი გრანტებთან დაკავშირებით, იგულისხმება კანონი „გარნტების შესახებ“, გაუგებარია საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში განათლება როგორ უნდა მიიღონ ჩვენმა ახალგაზრდებმა. ან კვლევები როგორ უნდა ატარონს აქაურმა მეცნიერებმა, რომლებსაც საკმაოდ დიდ ხანია ჰყავთ პარტნიორები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სრესტიჟულ უნივერსიტეტებში.
შესაძლოა, ვცდები, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ დაანონსებული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სავარაუდოდ იყო ქართული საუნივერსიტეტო სივრცის საზღავარგარეთელ არსებული საუნივერსიტეტო სივრციდან დისტანცირება. დაახლოებით ისე, როგორც საქართველოში სკოლადამთავრებულების საკმაოდ მცირე ნაწილს ექნება ევროპასა და აშშ-ში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ამ თემებზე გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები....
- არ ცდებით, თქვენი ვარაუდი აბსოლუტურად ადეკვატურია. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ. მათი მიზანია, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი. არ უნდა არსებობდეს არცერთი საერთაშორისო კრიტერიუმი, რომლითაც განათლების სისტემას შევაფასებთ.
დღევანდელი გადმოსახედიდან წინ მოვლენების განვითარების სამი ეტაპი გველის. თუ საუნივერსიტეტო საზოგადოებამ წინააღმდეგობის ორგანიზება ვერ შეძლო, მივიღებთ ორი უნივერსიტეტის შერწყმის დაუგეგმავ, გაუგებარ, ქაოტურ პროცესს. შერწყმის შემდეგ კი ნელ-ნელა დაიწყება მასობრივი შემცირება.
შეამცირებენ პროფესორთა, სტუდენტთა და ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობას, შემცირდება საუნივერსიტეტო ქონების მოცულობა. სწორუპოვარი ლადო კახაძის სიტყვებით თუ ვიტყვით, შეუძლებელია ორი ლაინერის დაჯახების შედეგად ყველა გადარჩეს და არავინ დაზარალდეს.
დღევანდელი გადმოსახედიდან წინ მოვლენების განვითარების სამი ეტაპი გველის. თუ საუნივერსიტეტო საზოგადოებამ წინააღმდეგობის ორგანიზება ვერ შეძლო, მივიღებთ ორი უნივერსიტეტის შერწყმის დაუგეგმავ, გაუგებარ, ქაოტურ პროცესს. შერწყმის შემდეგ კი ნელ-ნელა დაიწყება მასობრივი შემცირება
მესამე ეტაპზე კი მივიღებთ უცხოელი სტუდენტების, საერთაშორისო გრანტებისა და გაფართოების პოტენციალის არმქონე, ცენტრალიზებულ უნივერსიტეტს, რამდენიმე საჩვენებელი ლაბორატორიით. დაწესებულება მთლიანად მოწყვეტილი იქნება ევროპული საუნივერსიტეტო თანამეგობრობისგან.
იმედი მაქვს, რომელიმე საფეხურზე „ქართული ოცნების“ დესტრუქციული განზრახვა ჩაიშლება.
- გასული კვირა იმით იყო საინტერესო რომ პარლამნეტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „გრანტების შესახებ“, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას და პოლიტიკურ აქტივობებს ეხება.
იურისტების აზრით, ცვლილებების საფუძველი კანონში „გრანტების შესახებ“ ანტიკონსტიტუციურია. მეტიც, მსგავსი კანონი არა თუ ავტორიტარულ ქვეყნებში, არამედ დიქტატორ მმართველებსაც კი არ მიუღიათ.
საუბრობენ იმაზე, რომ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ პოტენციურ დამნაშავედ შეიძლაბა იყოს მიჩნეული ძალიან ბევრი მოქალაქე, ვისაც დანასაული ჩანედა არ უფიქრია.
ახლა ბევრი იმაზე საუბრობს, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლების მიერ მიღებულმა წინა კანონებმა არ უმუშავა, იგულისხმება ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, არც 5 ათასიანმა ჯარიმებმა არ იმუსავა, არც ტროტურაზე დგომის გამო არა მარტო დაკავებებმა, არამედ იმან, რომ ტროტუარზე დგომის გამო იქნენ დაკავებული მოქალაქეები.
თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის ბოლო დროის საკანონმდებლო საქმიანობას?
- „გრანტების შესახებ“ კანონში მორიგ ცვლილებებს ერთადერთი მიზანი აქვს - ხელისუფლებას სურს, რომ მთლიანად მოსპოს ყველა ის სოციალური ჯგუფი, რომელიც მასზე ფინანსურად არ არის დამოკიდებული. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ყელში დანა გამოუსვას ყველას, ვინც მისგან არ საზრდოობს.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვეღარ იმუშავებენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, შეეშინდებათ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის, ვერ მიიღებენ ჰონორარს დასავლეთში გამოქვეყნებული სტატიებისთვის, გაუჭირდებათ გამგზავრება კოლეგებთან შესახვედრად, ვერ გახდებიან პოლიტიკური პარტიის წევრები. უმცირესი ნაბიჯის გადასადგმელადაც კი სახელმწიფო კანცელარიის ნებართვა იქნება საჭირო.
„გრანტების შესახებ“ კანონში მორიგ ცვლილებებს ერთადერთი მიზანი აქვს - ხელისუფლებას სურს, რომ მთლიანად მოსპოს ყველა ის სოციალური ჯგუფი, რომელიც მასზე ფინანსურად არ არის დამოკიდებული. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ყელში დანა გამოუსვას ყველას, ვინც მისგან არ საზრდოობს
როდესაც ხელისუფლებას მოუნდება, რეგულაციებს მარტივად გაავრცელებს რიგით მოქალაქეებსა და ნათესავთა მიერ უცხოეთიდან გადმორიცხულ თანხებზე.
აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ მისგან დამოუკიდებელ სოციალურ ჯგუფებს ეუბნება - ან წადით ქვეყნიდან, ან წადით საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან, თუ რომელიმე საჯარო, აქტუალურ საკითხზე საკუთარი აზრი გექნება, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს შენს გასაგუდად და გასანადგურებლად.
თვე არ გავა, რომ „ოცნებამ“ რომელიმე კანონი არ გაამკაცროს. მთავრობის ქმედებები მიანიშნებს იმაზე, რომ ლიდერებს ყელში ამოუვიდათ წინააღმდეგობა და სურთ ერთხელ და სამუდამოდ დაადუმონ აქტიური მოქალაქეები. შესაბამისად, მომავალში უარესს უნდა ველოდოთ.
„ქართული ოცნება“ მისგან დამოუკიდებელ სოციალურ ჯგუფებს ეუბნება - ან წადით ქვეყნიდან, ან წადით საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან, თუ რომელიმე საჯარო, აქტუალურ საკითხზე საკუთარი აზრი გექნება, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს შენს გასაგუდად და გასანადგურებლად
„ქართულ ოცნებას“ წინ კედელი უნდა ავუშენოთ, სხვაგვარად ის გაჩერებას არ აპირებს.
- გასულ კვირას გავიგეთ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ. კერძოდ, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა - „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციურ ორგანიების ლეგიტიმიზაციას და საჯაროდ მოუწოდებს სხვას ანალოგიური ქმედებებისკენ“.
თუ ამას იმასაც დავუმატებთ რომ მმართველი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული სამი პარტიის აკრძალვისთვის ემზადება, ქვეყანაში საშინაო პოლიტიკაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით კარგი არაფერი ელოდება.
ამგვარი კანონების მიღების შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები საშინაო პოლიტიკაში?
- საუბედუროდ, საქართველოში იურიდიულ მეცნიერებას სათანადო დონეზე ვერ ასწავლიან. შედეგად ვიღებთ სამართალმცოდნეებს, რომელთაც თავიანთი პროფესიის შემოქმედებითი აღქმის უნარი უკიდურესად დაქვეითებული აქვთ. მათ ჰგონიათ, რომ არსებობს მხოლოდ ის რეალობა, რომელიც კანონებშია აღწერილი. ასეთი ვიწრო თვალსაწიერის ადამიანები ვერ ამჩნევენ ირგვლივ არსებულ სამყაროს.
ივანიშვილმა სწორედ ამ ტიპის იურისტები მოგვახვია თავზე. პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული მისტერ ინკოგნიტო არჩილ გორდულაძით დამთავრებული, ყველანი არიან სპეციალისტები, რომლებიც შესანიშნავად ხვდებიან რა წერია ადმინისტრაციული კოდექსის მეათასე პრიმა მუხლში (პირობითად ვამბობ), მაგრამ ასჯერ რომ წაიკითხონ „გლახის ნაამბობი“, მაინც ვერ გეტყვიან თუ რის შესახებ დაწერა გენიალური მოთხრობა ილია ჭავჭავაძემ.
რაც არ უნდა ჩაწერონ კანონში, როგორი სანქციებიც არ უნდა დაგვიწესონ, ამ ქვეყანაში ლეგიტიმაციას ვერასდროს მოიპოვებს ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, რადგან მას თავისი ცოდნით, გამოცდილებით, სამოქალაქო ღირსებითა და თავდადებით, ზრდილობითა და კულტურით, ამჟამინდელი პრაქტიკული საქმიანობით არ დაუმსახურებია უძველესი ქრისტიანული ერის პირველი პირის სტატუსი.
თუ „ქართული ოცნება“ ამგვარი კანონების მიღებას გააგრძელებს, საკუთარი ამომრჩევლების თვალშიც კი კომიკურ მოვლენად გადაიქცევა, ან ისეთ შეცდომას დაუშვებს, რომელიც გააუბედურებს ამ ქვეყანასაც და პარტიის წევრებიც სამუდამოდ აღიბეჭდებიან კიდევ ერთი მძიმე ცოდვის ნიშნით
ლეგიტიმაცია მხოლოდ კანონით და პროცედურებით, ჯანო და ტოტოშა ბაგრატიონებთან დანათესავებით არ იზომება. უნდა გენდობოდნენ, პატივს გცემდნენ, თანამდებობისთვის შესაფერისად უნდა მიიჩნეოდე. სხვათაშორის ვერც არჩილ გორდულაძე მოიპოვებს ლეგიტიმაციას, რადგან ორი კვირის წინ მასაც არავინ იცნობდა და რა მიღწევების გამო მოხვდა ეს კლერკი პარლამენტში, ღმერთმა უწყის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება წყალს ნაყავს და ხალხის დასაპატიმრებლად მორიგ მიზეზს ეძებს.
თუ „ქართული ოცნება“ ამგვარი კანონების მიღებას გააგრძელებს, საკუთარი ამომრჩევლების თვალშიც კი კომიკურ მოვლენად გადაიქცევა, ან ისეთ შეცდომას დაუშვებს, რომელიც გააუბედურებს ამ ქვეყანასაც და პარტიის წევრებიც სამუდამოდ აღიბეჭდებიან კიდევ ერთი მძიმე ცოდვის ნიშნით.
- დამვვირვებელთა ნაწილი თვლის რომ კანონებმა არა მარტო იმუშავა, ხალხი შეშინებულია და „რუსი ოლიგარქი ხალხს უგებს, ბრძოლა წაგებულია“.
აქ იგულისხმება ის რომ ივანიშვილის ტაქტიკა - „ხალხი დაიღლება“, პრაქტიკულად დიდი ალბათობით ასეცაა. თუმცა, „დაღლა“ არა მგონია განმსაზღვრელი იყოს, რადგან ხელისუფლების მიერ გადადგმულმა სადამსჯელო ნაბიჯებმა ბევრი თვალსაზრისით, „წარმატებით იმუშავა“.
სწორედ ასეთ ფონზე ჯერ დაანონსა მმართველმა გუნდმა საჯარო სივრცეში დებატები, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით დებატების ის ფორმა და ფორმატი, რაც ვიხილეთ.
თუმცა, დებატებში მონაწილეებთაგან 5-დან ოთხს მაინც, რა ჰქონდათ ერთმანეთთან საკამათო გაუგებარი დარჩა.
როგორც კი საჯარო სივრცეში დებატების დაწყების იდეა გააჟღერა ხელისუფლებამ, ბევრმა მაშინვე გამოთქვა აზრი რომ არაა გამორიცხული დებატების დაწყების მიზანი ყოფილიყო ისეთი საკითხზე მსჯელობა როგორიცაა საქართველოს ნეიტრალიტეტის თემა. რუსთავი-2-ის ეთერში გამართულმა პირველმა დებატებმა ამგვარი ვარაუდი დაადასტურა.
„ინტერპრესნიუსთან“ წინა წლის ბოლოს მიცემულ ინტერვიუში თქვენ ასეთი აზრი გამოთვით - „ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ“.
თუ პროცესები იმ სცენარით განვითარდა, როგორც ის უკანასკნელი თვეებია მიმდინარეობს, თქვენი პროგნოზით, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებასა და ქვეყანას?
- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს ოჯახის წევრებთანაც კი კონფლიქტი აქვთ. ფუფუნებას მიჩვეული და დასავლეთში გაზრდილი შვილები ხანდახან საყვედურობენ ხოლმე მათ. ხელისუფლების წევრებს იზოლაციონისტური პოლიტიკისა და ძალადობის გამო ხშირად მეგობრებიც კი კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ.
ცხადია, მათ სურთ, რომ ტალახი ჩამოირეცხონ და ამიტომ დაიწყეს ფსევდოდისკუსიების ორგანიზება. ყალბ და სუსტ ოპონენტებთან დაპირისპირებით ისინი ცდილობენ თავიანთი „სიმართლის“ დამტკიცებას საზოგადოებისთვისაც და ახლობელთა წრისთვისაცთვისაც.
პარალელურად, ცხადია, ჩვენ საქმე გვაქვს ვერაგ ექსპერიმენტატორებთან. ივანიშვილის შერჩეული პოლიტტექნოლეგები ქმნიან მედიალაბორატორიას, სადაც ნებისმიერი იდეის დატესტვა იქნება შესაძლებელი. თავდაპირველად, მცირე დოზით წამოჭრიან ზოგიერთ საკითხს, შემდეგ ნელ-ნელა გაზრდიან ინექციას, ბოლოს კი ახალ ბოროტებას შეაპარებენ პროპაგანდაზე დამოკიდებულ, ლუმპენიზებულ საზოგადოებას. არ არის გამორიცხული, რომ მორიგი ამგვარი იდეა კონსტიტუციის 78-ე მუხლის გაუქმება იყოს.
- 6 თებერვალს გავრცელდა ცნობა, რომ ტვ.იმედის ფლობელმა ირაკლი რუხაძემ, როგორც თავად ამბობს. პარტნიორებთან განძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება „დამშვიდობებოდა ტვ.იმედს“.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ ასეთი ნაბიჯით რუხაზეს სურს თავიდან აიცილოს სანქციები, რომელიც დიდი ალბათობით მასა დაუწესდება. სხვა იმაზე ამახვილებს ყურდაღებას, თუ ვის შეეძლო ტვ.იმედი შეეძინა, რადგან ამ ტელეკომპანიას 500 მილიონი ლარის მხოლოდ დავალიანება აქვს. არადა, 10 წელზე მეტია ტვიმედი სახელისუფლებო პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარი ფლაგმანი იყო და ხელისუფლებასთან დალაგებულ-აფელირებულ ბიზნესებს რეკლამა სწორედ ამ ტელეკომპანიაში მიჰქონდათ.
არადა, ბევრის აზრით, ტვიმედს უდიდესი როლი მიუძღვის იმაში რომ ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილში ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობების შექმნაში.
რას შეიძლება ნიშნავდეს ირაკლი რუხაძის მიერ ტვ.იმედთთან „დაშორება“?
- ირაკლი რუხაძემ საკმარისი სარგებელი უკვე მიიღო ტელეკომპანია „იმედისაგან“. წამგებიანი ტელევიზიის დაფინანსებით მან საკმარისად გაიმაგრა პოზიციები ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში. პატარკაციშვილის მემკვიდრეობის საფუძველზე, მის მიერ შეკოწიწებული რვაფეხა მეურნეობის ყველა უბანზეა მოდებული, საკომუნიკაციო ბიზნესიდან დაწყებული სამშენებლო მასალების წარმოებით დასრულებული.
ამჟამად, რუხაძეს ეშინია, ეშინია სანქციების, ეშინია პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების, ამიტომ გემიდან გარბის. იმედი მაქვს, რომ რუხაძეს „იმედის“ წილების დათმობის მიუხედავად დასავლური სტრუქტურებისგან პასუხი მაინც მოეთხოვება.
ამჟამად, რუხაძეს ეშინია, ეშინია სანქციების, ეშინია პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების, ამიტომ გემიდან გარბის. იმედი მაქვს, რომ რუხაძეს „იმედის“ წილების დათმობის მიუხედავად დასავლური სტრუქტურებისგან პასუხი მაინც მოეთხოვება
მომავალში კი აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ, თუ რამდენად კანონიერად მოახერხა მან ამხელა ქონებისა და კაპიტალის დაგროვება საქართველოში. არა მგონია, რომ მისი წარმატების საწინდარი მხოლოდ უსამანო ნიჭიერება და კანონების განუხრელი დაცვა ყოფილიყო.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი