გიორგი შარაშიძე - თუ ყაველაშვილს უნდა გაიგოს, რას ნიშნავს შეხვედრა, ბაქოსა და ერევანში იხილოს, მისი შეხვედრა შეხვედრა არ იყო, ეს იყო ხელის ჩამორთმევა - გამოვრიცხავ, წამებში ამდენ ნიუანსზე ყოფილიყო საუბარი

საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის რა მოლოდინი უნდა მქონდეს? - არც მე და არც საქართველოს უმრავლესობას არ სჯერა, რასაც მიხეილ ყაველაშვილი ჰყვება - შეხვედრას რომ შეხვედრა დაარქვა, მინიმუმ 15 წუთი უნდა გრძელდებოდეს, ამდენი რამის მოსწრება არარეალურია, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ მიხეილ ყაველაშვილისა და მარკო რუბიოს შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” საიმისოდ რომ აქვს საქმე, ხელის ჩამორთმევა შეხვედრად გაასაღონ და საქართველოს მოსახლეობას უთხრან, რომ ეს განსაკუთრებული შეხვედრა იყო, ეს ყველაფერზე მეტყველებს.”

“წარმოუდგენელია, ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო მიღებაზე, ხელის ჩამორთმევისას, ადამიანმა ამდენი რამის თქმა მოასწროს. შეხვედრა სხვანაირი ვიცით, შეხვედრა-შეხვედრაა, როცა ადამიანები მაგიდასთან სხდებიან და საკითხებს განიხილავენ. შეხვედრას რომ შეხვედრა დაარქვა, მინიმუმ 15 წუთი უნდა გრძელდებოდეს, ამდენი რამის მოსწრება არარეალურია. „ოცნებამ“ რა გააკეთა იმისთვის, რომ ამერიკასთან ურთიერთობა გადატვირთულიყო? - ვხედავთ, ჩვენი მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანი ამ თვალსაზრისით როგორ წინ არიან შეცვლილი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ ქვეყნებში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ელოდებიან და ეს იქნება შეხვედრა. თუ ყაველაშვილს უნდა გაიგოს, რას ნიშნავს შეხვედრა, ბაქოსა და ერევანში იხილოს. მისი შეხვედრა შეხვედრა არ იყო, ეს იყო ხელის ჩამორთმევა.

საიმისოდ რომ აქვთ საქმე, ხელის ჩამორთმევა შეხვედრად გაასაღონ და საქართველოს მოსახლეობას ისე ესაუბრონ, რომ ეს განსაკუთრებული შეხვედრა იყო, ეს მეტყველებს ყველაფერზე, თორემ, სრული იზოლაციის ფონზე ამერიკის პირველი პირების მხრიდან ნებისმიერი ყურადღება საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა ეს რეალური პროგრესი არ არის, რაზეც ხელისუფლება საუბრობს.

ფოტოგრაფი მობილიზებული იყო და ალბათ, არც ოპერატორის მობილიზება გაუჭირდებოდათ, თუ შეხვედრა იყო და ამდენი ნიუანსი განიხილეს, ეს კადრები დადონ. მე გამოვრიცხავ, რომ მიღებაზე, წამებში, ასეთ ნიუანსებზე [წინა ადმინისტრაციაზე] ყოფილიყო საუბარი”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, იტალიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე დამსწრე სახელმწიფოთა მეთაურების პატივსაცემად, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის სახელით გამართული საზეიმო მიღებისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შეხვდა. მისი თქმით, ჯერ ჯეი დე ვენსი მიესალმა, შემდეგ კი მარკო რუბიო „ცოტა მეტხანს შეჩერდა და მათი საუბარი “უფრო სიღრმისეული გამოდგა”. აღნიშნულ დიალოგზე მან ვრცლად “იმედის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარკო რუბიოს თქმით, „საქართველოსთან მიმართებაში წინა ადმინისტრაცია უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო“ და რომ “ტექნიკურ ჯგუფს მოამზადებენ იმისთვის, რათა გაანალიზებულ რეჟიმში, ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება გახდეს შესაძლებელი”.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!