კაია კალასმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სხვადასხვა ლიტერატურას ეცნობა იმისთვის, რომ უფრო ჭკვიანი გამოვიდეს - როგორც ჩანს, ამ რეგიონის ლიტერატურასაც გაეცნო და ნახა, სად მდებარეობს საქართველო, რა კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მას დასავლეთისა და აღმოსავლეთის დასაკავშირებლად და გონება გაუნათდა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკომისიის კვლევის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს კვლევა არის თვითაღიარება, რომ შესაძლოა, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მყვირალა განცხადებები გააკეთოს, მაგრამ საბოლოოდ როცა რეალობასთან გვაქვს საქმე, აქ საქართველოს და მის გეოგრაფიას გვერდს ვერავინ აუვლის.
„კაია კალასმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სხვადასხვა ლიტერატურას ეცნობა იმისთვის, რომ უფრო ჭკვიანი გამოვიდეს - როგორც ჩანს, ამ რეგიონის ლიტერატურასაც გაეცნო და ნახა სად მდებარეობს საქართველო, რა კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მას დასავლეთისა და აღმოსავლეთის დასაკავშირებლად და გონება გაუნათდა.
რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი და საგულისხმო დოკუმენტია ბევრი მიმართულებით. უპირველესად იმის საჩვენებლად, რომ შესაძლოა ბევრი ალტერნატივა არსებობდეს და სხვადასხვა მიმართულებით მცდელობები იყოს, მაგრამ როდესაც დასავლეთის და აღმოსავლეთის დაკავშირებაზეა საუბარი, საქართველოს უალტერნატივო როლი და ადგილი აქვს ამ სატრანსპორტო დერეფანში. მისასალმებელია, რომ ევროკომისიამ საზოგადოებას ეს აღიარებაც დაანახა. ეს არის თვითაღიარება, რომ შესაძლოა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მყვირალა განცხადებები გააკეთოს, მაგრამ საბოლოოდ როცა რეალობასთან გვაქვს საქმე, აქ საქართველოს და მის გეოგრაფიას გვერდს ვერავინ აუვლის.
საქართველო კონსტრუქციული და სანდო პარტნიორია ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია იმ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება. ჩვენი ქვეყანა ამ დერეფნის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებს და მზად ვართ, კონსტრუქციული პოლიტიკის და მიდგომის პირობებში ეს საკვანძო როლი პირნათლად, ჩვენი ვალდებულებების გათვალისწინებით შევასრულოთ”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის კვლევაში აღნიშნულია, რომ “ჩინეთიდან ევროპისკენ გზაზე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს”
კვლევის ფარგლებში ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოების ფარგლებში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.ასევე, კვლევაში საუბარია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებაც.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში, ბათუმისა და ფოთის პორტების მოდერნიზაციას, ასევე ანაკლიას ღრმაწყლოვანი პორტის აღდგენას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რათა წყალქვეშა კაბელისთვის და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საჭირო მძიმე აღჭურვილობის გადატანა და მართვა მოხერხდეს.
ამასთან, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის პროექტები, რომელთა განხორციელების რეკომენდაციას მსოფლიო ბანკი და ევროკომისია გასცემს, მათ შორის, ქუთაისის შემოვლითი გზა, ლოჯისტიკური ცენტრი ქუთაისში, კუმისის ლოჯისტიკური ცენტრი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სარკინიგზო დამაკავშირებელი გზა და ა.შ.