თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე, მცირე ხმაური იყო.
ანდრო ჭიჭინაძემ მანდატურის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც დაკავებულებისთვის განკუთვნილი სპეციალური შემინული ადგილის წინ იდგა, სთხოვა, გაწეულიყო, რადგან ოჯახის წევრების დანახვასა და მათთან კომუნიკაციაში ხელს უშლიდა.
ამის შემდეგ, ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილს განმარტების გაკეთება მოუწია. მან მოსამართლე თეა ლეონიძეს განუმარტა, რომ მსჯავრდებულები პროცესს ხელს არ უშლიან, არ ხმაურობენ და ოჯახის წევრებს ჟესტების ენაზე ეკონტაქტებიან, რაშიც მანდატურის კონკრეტული თანამშრომელი ხელს უშლიდა.
ამის შემდეგ, მოსამართლემ განმარტა, რომ მანდატურს ვერ მიუთითებდა, სად დამდგარიყო, ვინაიდან ის ვიზუალურ კონტროლს ახორციელებდა. თუმცა, საბოლოოდ, ისე მოხერხდა, რომ მსჯავრდებულის თხოვნა გაითვალისწინეს.
დღევანდელ პროცესზე რამდენიმე ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. შემდეგი სასამართლო პროცესი 2 მარტს, 12:00 საათზე გაგრძელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს გასაჩივრებული აქვს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.
პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი საერთოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.