ეს შეხვედრა ცალსახად მისასალმებელია და ძალიან პოზიტიური მოვლენაა, ძალიან პოზიტიური მესიჯებია [აშშ-ის] ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან - ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება მზად არის თვისობრივად ახალი ურთიერთობებისთვის აშშ-სთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან მიხეილ ყაველაშვილისა და მარკო რუბიოს შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, „უნდა დაველოდოთ, როგორ აღდგება ის დაზიანებული ურთიერთობები, რომელიც დააზიანა წინა ადმინისტრაციამ“.
“რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ეს ძალიან კარგად არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის, ახალი ადმინისტრაციისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება მზად არის თვისობრივად ახალი ურთიერთობებისთვის აშშ-სთან.
ამ შეხვედრებში გამოსაყოფი და ხაზგასასმელია, რომ მათი მხრიდან გაჟღერდა, რომ რეალურად მათ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ, არა ზოგადად, არამედ საქართველოსთან მიმართებით.
ფაქტი არის დადებითი და პოზიტიური. დაველოდოთ თუ როგორ განვითარდება ორ ქვეყანას შორის, თამამად შემიძლია ვთქვა - ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობები და ის დაზიანებული ურთიერთობები, როგორ აღდგება, რომელიც დააზიანა წინა ადმინისტრაციამ, რაც პირდაპირ და ხაზგასმით აღნიშნეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, იტალიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე დამსწრე სახელმწიფოთა მეთაურების პატივსაცემად, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის სახელით გამართული საზეიმო მიღებისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შეხვდა. მისი თქმით, ჯერ ჯეი დე ვენსი მიესალმა, შემდეგ კი მარკო რუბიო „ცოტა მეტხანს შეჩერდა და მათი საუბარი “უფრო სიღრმისეული გამოდგა”.
აღნიშნულ დიალოგზე მან ვრცლად “იმედის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარკო რუბიოს თქმით, „საქართველოსთან მიმართებაში წინა ადმინისტრაცია უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო“ და რომ “ტექნიკურ ჯგუფს მოამზადებენ იმისთვის, რათა გაანალიზებულ რეჟიმში, ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება გახდეს შესაძლებელი.