2026 წელი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი საიუბილეო წელია. ქვეყანა გაქრისტიანებიდან 1700 წელს აღნიშნავს. სპეციალურად ამ თარიღის აღსანიშნავად შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ის, რაც გვაერთიანებს“. მოძრაობის ორგანიზებით ტარდება შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები და შემოქმედებითი საღამოები. აღნიშნული აქტივობების მთავარი მიზანია საზოგადოებისთვის იმ ღირებულებების შეხსენება და გაზიარება, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ წარსულსა და ერთიანობას უკავშირდება.
ამჯერად შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობას და საზოგადოებრივი მოძრაობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
„არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი სამედიცინო დაწესებულებებში, სკოლებში, კულტურულ ცენტრებში. ეს იუბილე უნდა იყოს საერთო სახალხო დღესასწაული. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, სულიერად თუ ფიზიკურად ჩაერთვება, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის,“ - აღნიშნავს ისტორიკოსი ვალერი ვაშაკიძე.
ქვეყნის გაქრისტიანება დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენმა წინაპრებმა 17 საუკუნის წინ გადაწყვიტეს რომ ევროპისკენ ევლოთ და არა აღმოსავლეთისკენ. აქედან გამომდინარე მე დიდი სიამოვნებით და აქტიურად ვარ ჩართული ამ საზოგადოებრივი მოძრაობის აქტივობებში,“ - განმარტავს საინიციატივო ჯგუფის წევრი კახა ჩიტაია.
მოძრაობის მიზანია საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნისათვის ამ თარიღის გამორჩეული მნიშვნელობა და განიცადოს პირადი პასუხისმგებლობა, საიუბილეო წლის ღირსეულად აღნიშვნის გამო. დასახული მიზნის განხორციელებისათვის დაგეგმილია კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა სერია, მთელი ქვეყნის მასშტაბით.