ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება დროებით შეცვალა და ის ამ საკითხს მაინც დაუბრუნდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ხვედელიანის შეფასებით, განათლების სისტემაში დაანონსებული რეფორმა მიზნად ისახავს არა განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას, ისე როგორც არის კორუფციული ინტერესი.
„ყველაზე დიდი პრობლემა განათლების რეფორმაში არის ის, რომ არ ეფუძნება არცერთ კვლევას, ანალიზს, რომელიც უმნიშვნელოვანესია რეფორმის პროცესში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ვკარგავთ. უნდა ვიცოდეთ, რა შედეგებს გამოიღებს ესა თუ ის ცვლილება. შემიძლია მოგიყვანოთ უამრავი ქვეყნის მაგალითი, სადაც წლობით მიმდინარეობდა განათლების რეფორმა. „ქართულ ოცნებას“ აქ უნდა, რომ ნახევარ წელიწადში, 3-4 თვეში შეცვალონ ყველაფერი, ეს ნამდვილად ღიმილის მომგვრელია. ალბათ, ანეკდოტად იქცევა მომავალი თაობისთვის, რომ ჰყავდათ მთავრობა, რომელმაც განათლების რეფორმა დაჩქარებული წესით გააკეთა და ამას მოწმობს ის განხილვები, რომელიც საპარლამენტო ფორმატში მიმდინარეობდა.
ისიც, რომ მათ უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება შეცვალეს, არის იმის ინდიკატორი, რომ არცერთ კვლევას, არცერთ ანალიზს არ ეფუძნება მათი მუშაობა. ასე ქაოსურად ცვლიან გადაწყვეტილებებს. ეს ამჟამად ვერ გაიტანეს, მაგრამ მგონია, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად დაუბრუნდებიან, რადგან რეალურად, ამ რეფორმის მიზანი არ გახლავთ განათლების ხარისხის გაზრდა. განათლების ხარისხი მართლაც გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში და ესეც „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, მაგრამ აქ არის სხვა მიზანი - პირველ რიგში, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა უმაღლესი სასწავლებლებისთვის, კორუფციული მიზნები, შენობები, მიწები, რომლებიც ამ უნივერსიტეტებს ბალანსზე გააჩნიათ“, -განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
მისი თქმით, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროფესორ- მასწავლებლების, სტუდენტების ბრძოლა, რომლებმაც დაანახეს, რომ ბრძოლას აქვს აზრი და ის უნდა გაგრძელდეს, რადგან „ხელისუფლებას ეს შენობები კორუფციული მიზნისთვის სჭირდება“.
„რეალურად, მათ გადაწყვიტეს ნაჯახით დაეჩეხათ ჩვენი ისტორია. ასწლოვანი უნივერსიტეტი გაეუქმებინათ, თუმცა ვერ შეძლეს, იმიტომ, რომ ადამიანებმა ძალიან დიდი წინააღმდეგობა ანახეს. თუმცა, ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან ამ გადაწყვეტილებას. ყოფილა ამის პრეცედენტები, თუნდაც „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით. ისინი ახლა უკან დაიხევენ, თუმცა სხვა გზით შეძლებენ თავისი საწადელის ახდენას.
ბატონ კობახიძეს ძალიან სურდა განათლების რეფორმატორის სახელით შესულიყო საქართველოს ისტორიაში, თუმცა ის დარჩება მხოლოდ და მხოლოდ „იგლ ჰილსის“ აგენტად“, - განაცხადა ხვედელიანმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ოპოზიციონერი დეპუტატი „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ევროკავშირმა რუსეთის სანქციებში მე-20 პაკეტში შესაძლოა, საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს. ტატა ხვედელიანი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გამოძიება უნდა ჩატარდეს.
„ქართული ოცნება“ არის ანტიეროვნული, ანტიდასავლური, რომელიც საკუთარი განცხადებებით აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მნიშვნელოვან აქტორებთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყულევის პორტთან დაკავშირებით საჭიროა გამოძიება ჩატარდეს და ნახონ, რა არის რეალურად. „ოცნებამ“ ძალიან ბევრჯერ მოახდინა მანიპულაცია, ბევრჯერ მოიტყუეს სხვადასხვა შემთხვევებთან დაკავშირებით. უნდა ჩატარდეს მოკვლევა, გამოძიება და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს“, - განაცხადა ხვედელიანმა.
ტატა ხვედელიანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ყველა იმ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა და შეხვედრების მიღმაა, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს.
“სასაცილოა, როდესაც ხავსს ვეჭიდებით. ყაველაშვილმა ბატონ ვენსს ხელი ჩამოართვა და ამას ასაღებენ, როგორც შეხვედრას. ბატონმა ყაველაშვილმა ნახოს შეხვედრა, რომელიც სომხეთში, აზერბაიჯანში მიმდინარეობს და ნახავს, რა არის ნამდვილი შეხვედრა, ნამდვილი მოლაპარაკებები და რა არის, როდესაც ქვეყანა სარგებელს ნახულობს. ეს ნამდვილად ძალიან სასარგებლო იქნება სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, იქ ჩვენ არ ვიქნებით“, - განაცხადა ხვედელიანმა.
გარდა ამისა, მან სურსათის ფასებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მომდევნო სხდომა ხვალ გაიმართება. ტატა ხვედელიანის განცხადებით, „რეალურად, „ქართული ოცნების“ მიზანი არ არის ფასები შემცირება, რადგან ამ ინიციატივის გაჟღერებისთანავე გარკვეულ პროდუქტებზე ფასები ხელოვნურად გაიზარდა და შემდეგ შეამცირეს.
„მთავრობა ამ საკითხს ძალიან არაკომპეტენტურად და არაპროფესიონალურად უდგება. არ გვაქვს რაიმე მოლოდინი, რომ ამ ფრონტზე არსებული ვითარება შეიცვლება, თუმცა საპარლამენტო ფორმატში კომისია შეიქმნა, რომელშიც ჩვენ ვიქნებით. ნებისმიერ შანსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს სიმართლე დავანახოთ, შევცვალოთ მათთვის არსებული რეალობა. კომისიის შემდეგი სხდომა ხვალ არის ჩანიშნული, სადაც უკვე კონკრეტულ ქმედებებზე გადავა“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
რაც შეეხება უშუალოდ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომიტეტის შემადგენლობას, ტატა ხვედელიანი ფიქრობს, რომ უნდა იწვევდეს კითხვებს, რა შემოსავალი აქვთ კომისიის წევრებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კომისიის წევრი გრძნობდეს, ხედავდეს და ადეკვატურად აფასებდეს ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობას. ზოგადად, ამ კომისიის შექმნის მიზანი იყო ის, რომ რეალურად გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. საუბრობენ ეკონომიკურ წინსვლაზე, ორნიშნა ეკონომიკურ ციფრებზე და ამ დროს ვხედავთ, რომ ეს წინსვლა მოქალაქეების ჯიბეზე არ ისახება. შესაბამისად, პრობლემა არის ეს მოსახლეობისთვის. მნიშვნელოვანი იყო რაიმე ნაბიჯები გადაედგათ, თუმცა ეს ფასადური ნაბიჯებია ისევე, როგორც კორუფციასთან, ნარკომანიასთან ბრძოლა. მთავარი, რაც გაზრდილ ფასებში მიზეზად გვევლინება, არის კორუფცია. ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის პოულობს „ოცნება“ მოსაპარ ფულს. მათ აინტერესებთ მხოლოდ კორუფციულად მოპარული ფული, რომელიც უნდა შეინარჩუნონ“,-განაცხადა ხვედელიანმა.