4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ნანა სანდერი - ორთოპედიული მატრასი კვლავ არ მიმიღია, ასევე, ვეგანი ვარ და ვეგანური კვება არ მომეწოდება

ორთოპედიული მატრასი კვლავ არ მიმიღია, ასევე ვეგანი ვარ და ვეგანური კვება არ მომეწოდება, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ნანა სანდერმა განაცხადა.

მან სასამართლოში ასევე ციხისა და ესკორტის სამსახურის თანამშრომელი მისი ნივთის დაზიანების მცდელობაში დაადანაშაულა. სანდერი ასევე, ციხის დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის მხრიდან მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

„ბადრაგმა ეკა ჯაფარიძემ და ციხის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ჩემი ნივთის მისაკუთრების სცადა და დაზიანების მცდელობა ჰქონდათ.

პოლიტპატიმარსაც მაქვს ჩემი კერძო საკუთრების დაცვის უფლება. ეს იყო სახელმწიფო სიმბოლიკის დაზიანების, შეურაცხყოფის მიყენება. სახელმწიფოს მიმტაცებლებმა უდანაშაულოდ გამოამწყვდიეს მეხუთე თვეა...

ციხის დირექტორი ნესტან ვერულაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა, ის არამხოლოდ მოძალადეა...

გამომიცხადა, რომ პროცესისთვის მოსამზადებლად სინათლეს არ ამინთებდნენ და საპირფარეშოდან შემოსული შუქით უნდა მესარგებლა.

ნესტან ვერულაშვილი აუცილებლად მოხვდება ციხეში, იქამდე ჩემს თანამებრძოლებს მინდა ვუთხრა, ნესტან ვერულაშვილი და ყველა პირი, ვინც ბოროტად იყენებს თანამდებობას, დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანონ",- განაცხადა სანდერმა.

მან აღნიშნულის შემდეგ სასამართლოში ფურცლის წარწერით - „სანქცია" დემონსტრირება მოახდინა, რის შემდეგაც მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა შენიშვნა მისცა.

„არ მიყვარს ბრალდებულის გარეშე პროცესის გაგრძელება, პროცესი მიმდინარეობს და დაბრძანდით. დადეთ ხელში რაც გაქვთ და დაბრძანდით.

რაც შეეხება განცხადებას, აღნიშნულზე რეაგირების მოსახდენად გაგზავნილი მაქვს", - განაცხადა თამარ მჭედლიშვილმა.

მოსამართლეს ნანა სანდერმა უპასუხა, რომ მუხლის სახსრების პრობლემა აქვს.

„ხან დავბრძანდები, ხან ავბრძანდები. ორთოპედიული მატრასი არ მიმიღია, ასევე ვეგანი ვარ და ვეგანური კვება არ მომეწოდება. ტკივილების შესამსუბუქებლად ორთოპედიული მატრასი არ მომეწოდება“, - განაცხადა სანდერმა.

ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას ექსპერტი აძლევს.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.

ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!