ლევან ლორთქიფანიძე - შეხედეთ სომხეთსა და აზერბაიჯანში ჯეი დი ვენსის ვიზიტს, ეს არის ურთიერთობა და არა სადღაც კუთხეში შეხვედრა, რაც შეეხება ყულევის პორტს, საქართველოსნაირ ქვეყნებს რუსეთი იყენებს ხვრელად, რათა სანქციების კედელი გაარღვიოს

მგონია, ტყუილთან გვაქვს საქმე. შეუძლებელია, ოლიმპიურ დერეფანში, სადღაც კუთხეში, 5-წამიანი შეხვედრის დროს ამდენი საკითხი განეხილა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტსა და მიხეილ ყაველაშვილს-შეხედეთ სომხეთსა და აზერბაიჯანში ჯეი დი ვენსის ვიზიტს, ეს არის ურთიერთობა და არა სადღაც კუთხეში შეხვედრა, - ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ლევან ლორთქიფანიძე მიხეილ ყაველაშვილის განცხადებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან შეხვედრის თაობაზე.

როგორც ლევან ლორთქიფანიძე განმარტავს, შეერთებული შტატები საქართველო არ არის, რომ ადმინისტრაციის ცვლილების ფონზე, კონკრეტულ რეგიონთან მიმართებით პოლიტიკა 180 გრადუსით შეცვალოს, შესაბამისად, ამ კუთხით „არაფერ განსაკუთრებულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ“.

„მგონია, ტყუილთან გვაქვს საქმე. შეუძლებელია, ოლიმპიურ დერეფანში, სადღაც კუთხეში, 5-წამიანი შეხვედრის დროს ამდენი საკითხი განეხილა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტსა და მიხეილ ყაველაშვილს. აგერ გვაქვს მაგალითი, შეხედეთ სომხეთსა და აზერბაიჯანში ჯეი დი ვენსის ვიზიტს, ეს არის ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა და არა სადღაც კუთხეში შეხვედრა. საქართველოსა და აშშ-თან ურთიერთობის საკითხი დამოკიდებულია, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინასთან. ჩვენ უკრაინის კონტექსტში განგვიხილავენ და არა სამხრეთ კავკასიის კონტექსტში.

საქართველო არის იზოლაციაში, გარიყული, აღიქმება რუსეთის „პროქსი ძალად“. დასავლეთი მას მოკავშირედ არ აღიქვამს. ეს არის უდიდესი უბედურება. კარგი ამბავია ის, რომ აშშ ჩვენი რეგიონით დაინტერესებულია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, რუსეთის და ირანის წინაშე მარტო არ დავრჩებით. ამ რეგიონში დასავლური ინტერესიც არსებობს. მარტო გეოპოლიტიკური კი არა, ეკონომიკური საკითხებიც განიხილება ჯეი დი ვენსის ვიზიტის დროს. ვხედავთ სომხეთს, რომელიც იზოლაციის კედლებს არღვევს, ახერხებს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის გატარებას. ჩვენ შეგვიძლია გვშურდეს ჩვენი მეზობელი ქვეყნის“, - აღნიშნავს ლევან ლორთქიფანიძე.

გარდა ამისა, მან საგარეო საქმეთა მინისტრის უნგრეთში ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგარეო უწყების „მემილიონე ვიზიტია უნგრეთში, ვინაიდან მეტი წასასვლელი არ აქვთ და მეტი პარტნიორიც არ დარჩათ“.

„ეს არის კორუფციაში ჩართული ქვეყანა, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ქვეყანა, სადაც ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს ავიწროებენ, ორბანი კი თავის ოლიგარქიას აშენებს. უნგრეთს აქვს ფუფუნება ბრიუსელს დაუპირისპირდეს. ის არის ევროკავშირის წევრი, „თავი ქუდში აქვს“, მისი მეზობელია ჩეხეთი და ასე შემდეგ. საქართველოსნაირ ქვეყანას, რომელიც რუსეთის მეზობელია და 20% ოკუპირებულია, ხიდი აქვს ჩატეხილი ბრიუსელთან და კიდევ მიწა მიაყარო ამ ურთიერთობებს და ცეცხლი წაუკიდო, ამის ფუფუნება ჩვენნაირ გაუბედურებულ და საშინელ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას არ აქვს. ბოჭორიშვილი ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს ბრიუსელში“,- აღნიშნავს ლორთქიფანიძე.

გარდა ამისა, მან გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირმა რუსეთის სანქციებში მე-20 პაკეტში შესაძლოა, საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს. როგორც ლორთქიფანიძე განმარტავს, „მკვდარი ეკონომიკის“ კიდევ ერთი ასეთი ლოჯისტიკური სატრანსპორტო ცენტრის დაბლოკვა კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენთან მდგომარეობას.

„იმედია ყულევის ტერმინალი არ დასანქცირდება, ჩვეულ რიტმში განაგრძობს მუშაობას. ისედაც მკვდარი ეკონომიკა გვაქვს და კიდევ ერთი ასეთი ლოჯისტიკური სატრანსპორტო ცენტრის დაბლოკვა კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენთან მდგომარეობას. რაც შეეხება მიზეზს, საქართველოსნაირ ქვეყნებს რუსეთი იყენებს ხვრელად, რათა სანქციების კედელი გაარღვიოს, მცირე მოგება მიიღოს“, - აღნიშნავს ლევან ლორთქიფანიძე.

რაც შეეხება განათლების სისტემაში დაანონსებულ რეფორმას, მათ შორის ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილების შეცვლას, როგორც ლევან ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ხელისუფლება ნებისმიერ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით იღებს.

„საქმე ძალიან მარტივად არის, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. უპრეცედენტო წინააღმდეგობა გამოხატეს საუნივერსიტეტო წარმომადგენლობითმა ორგანოებმა. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ შესულიყო კონფლიქტში აკადემიურ პერსონალთან და უნივერსიტეტებში ახალი პროტესტის კერები არ შეექმნა. როდესაც ხელისუფლება ერთხელ მიდის კომპრომისზე, ამით სურს დაასაბუთოს თავისი უკომპრომისობა სხვა შემთხვევებში. ვვარაუდობ, მომავალში, საქართველოს ხელისუფლება სრულიად შეუვალი იქნება, როდესაც მსჯელობა დაიწყება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე. იქ გვეტყვის, რომ აი, დავთმე სტუ-ს საკითხი, გაერთიანების საკითხი, მაგრამ აქ ფეხს არ მოვიცვლი უკან და ბოლომდე გავატარებ რეფორმას.

საქართველოს ხელისუფლებას სურს ილიას უნივერსიტეტი გადააქციოს მონოპროფილურ, ერთ ან ორ დარგზე ორიენტირებულ სასწავლებლად და ის მიმართულებები, რაც წლები აშენდეს, გაუქმდეს. ძალიან ძლიერი საბუნებისმეტყველო სკოლა, ეკოლოგიური ლაბორატორიები აქვთ და ხელისუფლება ამბობს გავანადგუროთ ის. ასევე არის პოლიტიკური ასპექტი, ზოგადად, ეს არის ოპოზიციურად განწყობილი სასწავლებელი და პოლიტიკური ნიშნით შეავიწროებენ მას. ხელისუფლების მოტივაცია განათლების რეფორმა და ხარისხის გაუმჯობესება რომ იყოს, შეიძლება ნებისმიერ საკითხზე ვიმსჯელოთ. ხელისუფლება ნებისმიერ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით იღებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხი კი არ აინტერესებს, არამედ ის, როგორც თავშესაფარი მისი ბევრი მოწინააღმდეგის, ამიტომ ეს თავშესაფარი უნდა დაინგრეს“, - აღნიშნავს ლევან ლორთქიფანიძე.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!