ეს საქმე რაზეა იცით?! - ჩვენ რომ გავაჩეროთ ეს ბრძოლა, უარი ვთქვათ სამართლიანობისთვის ბრძოლაზე, უარი ვთქვათ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, გავჩუმდეთ და ვთქვათ, რომ საქართველოში აღარ იყოს დემოკრატია, შევეგუოთ ამას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა“ გიორგი ვაშაძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მის წინააღმდეგ მოწმეებიც კი არ არსებობენ და არც ერთი მტკიცებულება არ დევს საქმეში.
„ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის. გვჯერა, რომ საქართველოს ადგილია ევროკავშირში, გვინდა დემოკრატია ამ ქვეყანაში, გვინდა ნორმალური განვითარება, გვინდა, რომ განვითარებულ ქვეყნებს შორის ვიყოთ. ეს საქმე რაზეა იცით?!- რომ ჩვენ გავაჩეროთ ეს ბრძოლა, რომ უარი ვთქვათ სამართლიანობისთვის ბრძოლაზე, რომ უარი ვთქვათ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რომ გავჩუმდეთ და ვთქვათ, რომ საქართველოში აღარ იყოს დემოკრატია, შევეგუოთ ამას. ზუსტად ამიტომაა ეს საქმე. ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც არ უნდა ნახოს საქმე, ნახავს, რომ ცარიელი ფურცლის მეტი არაფერი არ არის, ჩემი სახელი და გვარი, ცარიელი ფურცელი და 15 წელია ამ საქმეში, მეტი არაფერია ჩადებული. ჰკითხეთ პროკურორს, ორი მტკიცებულება მაინც დაასახელოს, რაც დევს საქმეში, ან მოსმენა, ან აუდიოჩანაწერი, არც შეხვედრები არ დევს? - არაფერი დევს. 15-წლიან მუხლზე მოწმეც არ არსებობს. უბრალოდ არის ცარიელი ფურცელი და გვეუბნებიან,- შეწყვიტეთ ბრძოლა სამართლიანობისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უარი თქვით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, უარი თქვით იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ყველას აქვს თანაბარი ცხოვრების უფლება“,- განაცხადა ვაშაძემ.
ის რეგიონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი სდი ვენსის ვიზიტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რატომ ამოვარდა საქართველო ყველა პროცესიდან, როდესაც ის იყო რეგიონის ლიდერი და აშშ-ზის ყველაზე მტკიცე პარტნიორი.
„მე ძალიან გული მწყდება, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოსულია რეგიონში, იმყოფებოდა გუშინ ერევანში, დღეს ბაქოში და სამწუხაროდ, საქართველოს გვერდი აუარა. საქართველო იყო რეგიონის ლიდერი, იყო განვითარების მაგალითი, იდგა ყველაზე წინ, ამაზე უნდა გააკეთოთ მთავარი აქცენტი, რატომ ამოვარდა საქართველო ყველა პროცესიდან. ჩვენ ამერიკის ყველაზე მყარი და მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ვიყავით რეგიონში. ჩვენ გვინდა ვიყოთ რეგიონის ლიდერები, გვინდა ვიყოთ თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული, ევროკავშირის, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა. გუშინ ვენსი ჩავიდა სომხეთში და სასწაულ კონტრაქტებს მოაწერეს ხელი. ჩვენ ხომ გვინდა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, „ენვიდეა“, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია, ხსნის სომხეთში წარმოებას, საქართველოზე საუბარი არ არის, თქვენ კიდევ შვედეთზე ვზრუნავთ, რაღაც აბსურდთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.