ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ინტერესების დამცველის ომარ ფურცელაძის განცხადებით, გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით საქმის მასალებში იმდაგვარი მტკიცებულება არ მოიპოვება, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას გახდის შესაძლებელს.
ადვოკატის განცხადებით, ვაშაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და ის არსებით განხილვაზე არ უნდა გაიგზავნოს.
„საქმის მასალები მოცულობითია, ხოლო 318-ე და 319-ე მუხლებით წარდგენილი ბრალდება ძალიან მძიმე, რომელიც 15 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს.
პროკურატურის მიერ საჯაროდ, მედია საშუალებებით ვრცელდებოდა, რომ საქმეში ფარული ჩანაწერები უნდა ყოფილიყო, მათ შორის გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით. ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად მინდა აღვნიშნო, რომ არავითარი ფარული ჩანაწერი, რაც გიორგი ვაშაძის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს, საქმის მასალებში არ არის.
რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებად მოხსენიებულ მასალებს, ეს წარმოადგენს ცალკეული პოლიტიკოსების საჯარო შეხვედრებს, მათ შორის შეხვედრებს მოსახლეობასთან საჯარო სივრცეებში. სპეკულაციურია დათქმა, რომ რომელიმე მათგანი ფარული ფორმით არის ჩაწერილი და მისი გასაჯაროება არ შეიძლება.
ზუსტად ამიტომ გიორგი ვაშაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და ის არსებით განხილვაზე არ უნდა გაიგზავნოს“, - აცხადებს ომარ ფურცელაძე.
გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, რაც გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ეხება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.