მოსამართლემ გრიგოლ ლილუაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ლილუაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა და მისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. ამის შესახებ პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაგრძელებულიყო წინასასამართლო სხდომის ვადა. პროცესის მიხედვით, საკითხი მოითხოვს შემდგომ უკვე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას. ვინაიდან ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს შეფარდებული აქვს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, სასამართლომ იმსჯელა მის პროპორციულობაზე, რელევანტურობაზე, ბრალდების მხარემ წარუდგინა პოზიცია, რომ საფრთხეები, რაც არსებობდა, კვლავ ძალაშია. დაცვის მხარემაც მისი პოზიცია დააფიქსირა სასამართლოს წინაშე. დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პატიმრობა ძალაში დაეტოვებინა“,- განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ მოცულობითი ინფორმაცია არის გამოძიების მიერ მოპოვებული.

„რა თქმა უნდა, არსებობს საქმეში პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, თუმცა ამ ეტაპისთვის, ვინაიდან ჩვენ ჯერ გამოძიება დასრულებული არ გვაქვს, იმისთვის, რომ გამოძიებას საფრთხე არ შეექმნას და სრულყოფილი შედეგი მივიღოთ ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ვერ მოგახსენებთ იმ მოწმეების შესახებ, რომლებიც საქმეზე არიან გამოკითხულები და თავისთავად ვერც შინაარსზე ვერ ვისაუბრებ“,-განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ბრალის დამძიმება, ეს მტკიცებულებების ერთობლიობაზე იქნება დამოკიდებული.

„მტკიცებულებების ერთობლიობა, რა მოცემულობასაც მოგვცემს, იმის მიხედვით ხდება გადაწყვეტილების მიღება. არც ეს საქმე არის გამონაკლისი. თუ შესაბამისი მტკიცებულები იქნება, შესაძლოა, ბრალი დამძიმდეს, ამას უკვე გამოძიება გვიჩვენებს“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში