ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორი განმარტავს, რა მტკიცებულებების საფუძველზე წარედგინა ბრალდება რვა პოლიტიკოსს.
როგორც პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ისე ძალაში შესული განაჩენებით დადგენილია, რომ ხუთი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ადგილი ჰქონდა მასშტაბურ ძალადობას - ცეცხლი გაუჩნდა პარლამენტის შენობასა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, დაზიანდნენ ადამიანები და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა როგორც მუნიციპალიტეტს, ისე პარლამენტის შენობას.
პროკურორის თქმით, საქმე სამი მუხლით არის კვალიფიცირებული.
„ეს კონკრეტული საქმეები უკავშირდება სამ მუხლს. პირველი არის საბოტაჟი, როდესაც ყველა ბრალდებული იყო აქციაზე და საქვეყნოდ ჰქონდათ გარკვეული მოწოდებები, რომლებიც ჩვენი აზრით, შეიცავდნენ დანაშაულის ნიშნებს. ამის პარალელურად მოქმედებს შემდეგი ჯგუფი, ეს არის ე.წ. სანქციების თემა, რაც არის 319-ე მუხლი და მესამე მუხლი ეს არის საბოტაჟის მატერიალური მხარდაჭერა. შესაბამისად, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულებისთვის მიგვითითებდა იმისკენ, რომ წარმართულიყო ერთიანად. სხვათა შორის, არც ბრალდებულებს და არც ადვოკატებს, არ ჰქონიათ რამე შუამდგომლობა როდესაც მოსამართლემ კითხვა დასვა, ჰქონდათ თუ არა სხვა შუამდგომლობა.
რაც შეეხება მტკიცებულებებს. როგორც მტკიცებულებებით არის დადგენილი, ასევე ძალაში შესული განაჩენებით დადგენილია, რომ 5 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი იწვოდა, იწვოდა პარლამენტის შენობა, იწვოდა ინფრასტრუქტურა, დაზიანება მიიღეს ადამიანებმა და კონკრეტული ზიანი მიადგა როგორც მუნიციპალიტეტს, ასევე პარლამენტის შენობას. იმ პირობებში, როდესაც პარლამენტის შენობას ცეცხლი უკიდია და გარეშემო - რუსთაველის გამზირზე ცეცხლი უკიდია ყველა ინფრასტრუქტურას, შესაბამისად ხუთი დღის განმავლობაში კონკრეტული ბრალდებული იდგნენ და ძალადობისკენ მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საჯაროდ მიმართვები როგორც აქციის მონაწილეების მიმართ, ასევე ეთერებში გაკეთებული განცხადებები საქმეში მოიპოვება.
გარდა ამისა, ამას ემატება კონკრეტული პირების ჩვენებები, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ. ყველაფერი ერთობლიობაში და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ბრალდება წარვუდგინოთ“, - აცხადებს პროკურორი.
ამასთან, პროკურორს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გერმანიის საელჩოს პასუხთან დაკავშირებით წერილზე, რომლითაც დაცვის მხარემ ცხრა ქვეყნის საელჩოს მიმართა და მოითხოვა, დაესახელებინათ რა საფუძვლებით ხდებოდა სანქცირება.
პროკურორის თქმით, გერმანიის საელჩოდან წარმოდგენილი წერილის შინაარსია, რომ სანქციებთან დაკავშირებით მარტო გერმანია არ იღებს გადაწყვეტილებას, ასევე, მასში დაზუსტებულია, რომ საელჩო არ ფლობს ინფორმაციას გიორგი ვაშაძე მონაწილეობდა თუ არა გადაწყვეტილების მიღებაში.
„გერმანიის საელჩოდან წარმოდგენილი პასუხია. გამოგზავნილი წერილი ასეთი შინაარსის არის: კონკრეტულად სანქციებთან დაკავშირებით მარტო გერმანია არ იღებს გადაწყვეტილებას. წერილში წერია, რომ სანქციები, როგორც წესი მიიღება გაეროსა და ევროკავშირის მიერ. ამავე დროს, დაზუსტებულია, რომ „საელჩო არ ფლობს ინფორმაციას, რომ გიორგი ვაშაძე მონაწილეობდა თუ არა გადაწყვეტილების მიღებაში“, - აცხადებს პროკურორი.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.