ყაველაშვილი და ბოჭორიშვილი ასკინკილით ჩავარდნენ მილანში ოლიმპიადაზე, რომ რაღაცნაირად ხელის ჩამორთმევის ფოტო მოეპოვებინათ - ესენი არიან აღიარების მოპოვების მიზნით ფოტოს და გამარჯობას დახამებული ადამიანები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ ყაველაშვილისა და მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან შეხვედრის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, აღნიშნული ვითარება მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო სრულ იზოლაციაშია, რადგან „საერთო ფორუმებზე ხელის ჩამორთმევის შესაძლებლობა დიპლომატია კი არა, ზრდილობაა“.
„ორმხრივ შეხვედრებს არავინ არ უკეთებს ცივილიზებულ სამყაროში და ასკინკილით ჩავარდნენ მილანში ოლიმპიადაზე, რომ რაღაცნაირად ხელის ჩამორთმევის ფოტო მოეპოვებინათ. ესენი ჰგვანან ორ ფეხზე მდგომებს? ესენი ჰგვანან დამოუკიდებლებს, ამაყებს და სუვერენულებს? ესენი არიან დაბეჩავებული, იზოლირებული, ჩამორჩენილი, აღიარების მოპოვების მიზნით ფოტოს და გამარჯობას დახამებული ადამიანები. რა დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს ამ რეჟიმთან, ეს უკიდურესად სამწუხაროა. ჩემთვის ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ვხედავ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს უწევს მსოფლიოსთვის წრეების დარტყმა ასკინკილით იმისთვის, რომ ოლიმპიადაზე მაინც გამოიჭიროს ვიღაც ფოტოს გადასაღებად. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს ქვეყანა მათ პირობებში დახურულია - ეს მეტყველებს სრული იზოლაციაზე და არა რაიმე საწინააღმდეგოზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავამ გადაცემაში ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაღაც ნაწილი თუ მაინც შეძლებს გაერთიანებას და ამით ადამიანებს ცვლილებების იმედს და ნდობას აღუდგენს, ესეც მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება.
„ავტოკრატიასთან ბრძოლა გაცილებით უფრო ეფექტურია ერთიანობის პირობებში. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში რაღაც ტიპის გამსხვილება მაინც იქნება შესაძლებელი, ყოველ შემთხვევაში მე ამის იმედს არ ვკარგავ. ზურა ჯაფარიძე მუდმივად საუბრობს ამაზე, გიორგი ვაშაძეც ყოველთვის მომხრე იყო გაერთიანების, რაღაც ტიპის გაერთიანება, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეს არ უნდა იყოს ისევ იგივე ძველი სახეების გადაჯგუფება, მარტო სახელების გამოცვლა კი არ უნდა იყოს, სიახლის, ახალი ენერგიის, ახალი იმედის, ნდობის აღდგენა უნდა იყოს საზოგადოებასთან. ამას გარკვეული დრო და ძალისხმევა სჭირდება. [აქამდე] ყველა დატყვევებული იყო. ის ადამიანები, რომლებიც არიან თავისუფლებაზე, ვისურვებდი, რომ მეტი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ ამ გაერთიანების აუცილებლობას, მაგრამ თუ მართლა არ მოხერხდა, რაღაც მომენტში ალბათ მენტალური ბოლო ვადა უნდა განვსაზღვროთ. რაღაც ნაწილი თუ მაინც შევძლებთ და გავერთიანდებით, ადამიანებს თუ აღვუდგენთ ცვლილების იმედს და ნდობას პოლიტიკური პროცესების მიმართ, ესეც მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.