დაცვის უფლება გვერღვევა - უნდა მოგვეცეს ჯეროვნად დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობა, - ამის შესახებ 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულის, გიორგი კირვალიძის ადვოკატმა, ბორის ჩელე ყურუამ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ მოსამართლემ დამოკიდებულება შეცვალოს.
„სასამართლო პროცესზე დაფიქსირდა პრობლემა, რომ როდესაც დაცვის მხარე ექსპერტს კითხავდა, ადვოკატებს არ მიეცათ შესაძლებლობა კითხვები დაესვათ, რადგან კითხვების განრიდება ხდებოდა. კითხვები მიემართებოდა ექსპერტიზის ჩატარების მეთოდოლოგიას, ასევე ექსპერტის კომპეტენციას, რომელიც აუცილებელია სანდოობის თვალსაზრისით. ასევე, პრობლემურია სასამართლოს დამოკიდებულება, როდესაც იღებს გადაწყვეტილებებს, ადამიანებს არ უხსნის და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აძევებს დარბაზიდან. ადვოკატებთან კომუნიკაციაში შემოდის ისე, რომ ბრალდებულებისთვის გაურკვეველი ხდება თუ რა ხდება პროცესზე. ორი ადვოკატის გაძევებამ და ბრალდებულების სასამართლო პროცესის პროტესტის ნიშნად დატოვებამ გამოიწვია ის, რომ პროცესი შეწყდა.
მხარეს დაცვის უფლება გვერღვევა და სასამართლოს დამოკიდებულებაც პრობლემაა. უნდა მოგვეცეს ჯეროვნად დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობა, რომ პროცესი ყველასთვის გასაგები გახდეს, მოსამართლემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება“, - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო პროცესი შეწყდა და შემდგომი პროცესი 18 თებერვალს ჩაინიშნა.
პროცესის შეწყვეტა კი მოსამართლის მიერ სასამართლო პროცესიდან 2 ადვოკატის გაძევებას მოჰყვა, რომელსაც თავის მხრივ პროტესტი მოჰყვა სხვა ადვოკატებისა და ბრალდებულების მხრიდან. ბრალდებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი შეწყდა.
ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.
მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.