ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე ახლო ბაზარი, თუმცა იქ არსებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ხარჯებს - ამის შესახებ კომპანიის „ყვარლის ბაგა“ დირექტორმა ნათია გარგულიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გარგულიამ განმარტა, მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისა სოფლის განვითარების სააგენტოსთან, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება, რაც თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს.
„ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე ახლო ბაზარი, თუმცა იქ არსებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ხარჯებს.
იმპორტს ჩვენ თვითონ ვახორციელებთ - მომწოდებლებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით. იმპორტის წილი მთლიანობაში დაახლოებით 70%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საკუთარი მიწები, სადაც ვამუშავებთ და ვაწარმოებთ საქონლისთვის საჭირო საკვებს, ეს რაოდენობა საკმარისი არ არის და ძირითადად სილოსის წარმოებისთვის გამოიყენება. რაც შეეხება მარცვლეულს - ის 100%-ით იმპორტით შემოგვაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სახელმწიფო მხარდაჭერა და აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან, ჩვენს შემოსავალთა დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე მოდის. ანუ, თვითღირებულების 16% სწორედ ფინანსურ ვალდებულებებს უკავშირდება. ფასები არაფერზე არ მცირდება, ფასები იზრდება და ეს შესაბამის გავლენას ახდენს საბოლოოდ ნედლეულის ღირებულებაზე“, - განაცხადა გარგულიამ.
ამასთან, დეპუტატების კითხვაზე, რამდენად სარწმუნოა ის ფაქტი, კომპანიის მიერ წარმოებული რძე არის საიმედო, სუფთა და პირუტყვი არ არის ქათმის ნაკელით გამოკვებილი, გურგულიამ უპასუხა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული რძისგან მიღებულ პროდუქტს ის თავად მოიხმარს და არის სანდო.
„ამ კომპანიაში 2010 წლიდან ვმუშაობ. მყავს სამი შვილი. ჩემს შვილებს ვაჭმევ მხოლოდ ჩვენი რძით ნაწარმოებ პროდუქციას. ჩვენი რძე სანამ დახლამდე მივა, გადის ხარისხის კონტროლს, ჯერ კიდევ მიმღებ კომპანიებთან და იქ რომ რამე იყოს, დამერწმუნეთ, ჩვენ ერთ ლიტრსაც ვერ გავყიდით. ასე რომ, მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ თქვენც და თქვენს შვილებსაც აჭამოთ“, - განაცხადა გარგულიამ.