ნუგზარ წიკლაური - ყველა, ვინც ახლა აქ არის და სასჯელს იხდის, ეს არის მათი ბრძოლა, ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა და ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ეპიზოდები - ნიკა გამოდის, მაგრამ ცხადია, რომ აქ რჩებიან ადამიანები

ნიკა გვარამია გამოდის, მაგრამ ცხადია, რომ აქ რჩებიან ადამიანები - ყველა, ვინც ახლა აქ არის და ვინც სასჯელს იხდის, ეს არის მათი ბრძოლა, ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა და ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ეპიზოდები, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა რუსთავის ციხესთან განაცხადა, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ელოდებიან.

როგორც მან აღნიშნა, ბრძოლა მხოლოდ მაშინ იქნება გამარჯვებული, როცა ყველა პოლიტიკური პატიმარი დატოვებს ციხეს.

„ყველა, ვინც ახლა აქ არის და ვინც სასჯელს იხდის, ეს არის მათი ბრძოლა, ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა და ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ეპიზოდები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ხელისუფლებას. ნიკა გამოდის, მაგრამ ცხადია, რომ აქ რჩებიან ადამიანები. სანამ აქ იქნებიან ეს ადამიანები: სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები... ყველა ღირსეული ადამიანი არის ციხეში, ამიტომ ჩვენი ბრძოლა გამარჯვებული იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ეს ადამიანები გათავისუფლდებიან და შემდეგ საქართველოში ჩატარდება ისეთი არჩევნები, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დასრულდება. ადამიანურად, მეგობარია და რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ეს ერთი უსამართლობა დასრულდება და შევხვდებით ერთმანეთს, შეგვეძლება, რომ გავცვალოთ აზრები“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გარდა ამისა, მან ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე გამოთქმული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები ქვეყანას აღარ უტოვებს ცივილიზაციური სამყაროსკენ გზას.

„საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები, როგორც ორიენტაციული თვალსაზრისით, საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის თვალსაზრისით, ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილებებით, საქართველოს აღარ უტოვებს ცივილიზაციური სამყაროსკენ გზას. ეს გამოხმაურებები გნებავთ ჰელსინკის კომისიის, ევროპის კავშირის, ეს არის იმის ასახვა, რასაც დღეს აკეთებს „ქართული ოცნება“. ამიტომ თუ საქართველოს უნდა, რომ კვლავ დაიბრუნოს რეგიონული ლიდერის ადგილი, ჰქონდეს ევროპული პერსპექტივა, უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რომელსაც მას სთხოვს როგორც ქართველი ხალხი, ასევე საერთაშორისო პარტნიორები. ბოცვანასთან, ერაყის ქურთისტანთან, თურქმენეთთან ურთიერთობები შეიძლება კარგი იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ჩამოვყალიბდებით ევროპულ ქვეყნად, მაგრამ უარი ვუთხრათ იტალიას, საფრანგეთს გერმანიას, ინგლისს, აშშ-ს და ავირჩიოთ ჩინეთი, ირანი, ბოცვანა და ერაყის ქურთისტანი, ალბათ ყველას ესმის, რომ ღალატია არამხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ იმ ისტორიული არჩევანის, რომელიც ჩვენს ქვეყანას უკვე საუკუნეებია აქვს“,- განაცხადა წიკლაური.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც პოლიტიკოსი გამოეხმაურა ის მოლოდინებია, რასაც ქვეყანა შეიძლება ელოდოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმისგან“. როგორც მან აღნიშნა, ისინი საქართველოს ხელისუფლებისთვის „ძალიან მძიმე შედეგებს ელიან“.

„ველოდები ძალიან მძიმე შედეგებს საქართველოს ხელისუფლებისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ვერ მოხდება სუს-ით, "დუბინკებით", ადამიანების ჩაგვრით, ციხეში გამოკეტვით, სინდისის პატიმრების გაჩენით. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს საქართველო საწყის წერტილთან დაბრუნებას, თუ ხელისუფლება გააცნობიერებს, რომ მან უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რომელსაც მისგან ელის ქართველი ხალხი. რამდენად ეყოფა ახლა ამის გონიერება, ძალიან ძნელია საუბარი. თუმცა ამ კრიზისის გადაწყვეტის სხვა მექანიზმები არ არსებობს. მოუსმინოს საერთაშორისო მეგობრებს, ორგანიზაციებს, ჩვენს პარტნიორებს და რაც მთავარია, უნდა მოუსმინონ ქართველ ხალხს“, - განაცხადა წიკლაურმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!