ირაკლი კირცხალია - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „დიფ სთეითის“ ყველანაირი ხრიკი გათვალა და არსენალში მხოლოდ ისეთი სვლები დაუტოვა, რომლებიც ან უშედეგოა, ან მათივე ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „დიფ სთეითის“ ყველანაირი ხრიკი წინასწარ გათვალა, პრევენციული ქმედებებიც განახორციელა და არსენალში მხოლოდ ისეთი სვლები დაუტოვა, რომლებიც ან უშედეგოა, ან მათივე ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

როგორც კირცხალია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, „ქართული ოცნების“ წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და უხეში ფორმით თავის გამოჩენის მცდელობას წააგავს, რადგანაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ასევე აქვთ ჩვეულებრივი პასპორტები, რომლითაც ევროპაში გადაადგილება უვიზოდ შეუძლიათ“.

„ორწლიანი მუქარის, ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების მექანიზმში ცვლილებების შეტანისა და ხმამაღალი განცხადებების შემდეგ, დადგა დღე, როდესაც „ევრობიუროკრატიებმა“, რეალურად კი მათ უკან მდგარმა „დიფ სთეითმა“, „ქმედითი ნაბიჯების“ გადადგმა გადაწყვიტეს და არც მეტი, არც ნაკლები, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

საინტერესოა, რომ გასული წლის 27 იანვარს ევროკავშირმა დაახლოებით იმავე შინაარსის გადაწყვეტილება, რომელიც განსხვავებულ სამართლებრივ ბაზას ეყრდნობოდა, უკვე მიიღო, მაშინ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მიეცათ უფლება, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შეზღუდვები ინდივიდუალურად დაეწესებინათ, რაც 13-მა სახელმწიფომ გააკეთა კიდეც. დღეს მიღებული გადაწყვეტილება კი ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა, შესაბამისად, ერთიანად და ერთნაირად იქნება გამოყენებული.

ჩვენი ქვეყნის პირველი პირებისა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ეს მათზე გავლენას ვერ მოახდენდა. იმასთან ერთად, რომ თუკი სასწორზე ქვეყნის ინტერესები და სავიზო რიგში დგომა დევს, ეს უკანასკნელი პრობლემას არ წარმოადგენს, ითქვა ისიც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და უხეში ფორმით თავის გამოჩენის მცდელობას წააგავს, რადგანაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ასევე აქვთ ჩვეულებრივი პასპორტები, რომლითაც ევროპაში გადაადგილება უვიზოდ შეუძლიათ.

აბსურდულობის კიდევ ერთი ნიშანი ის არის, რომ, მაგალითად, თუკი ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის ერთხელ უკვე შეჩერებამ ვერ იქონია გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები რატომ ფიქრობენ, რომ მეორედ ამის გაკეთება ან, მაგალითად, დანიაში იგივე მექანიზმის ამოქმედება გარდამტეხი იქნება?

შესაძლოა, ასე არც ფიქრობენ, თუმცა სვლები, რომელთა გაკეთებაც მათ შეუძლიათ, მინიმალური რაოდენობისაა და თან, ერთი მეორეზე აბსურდულია.

გასულმა წლებმა გვიჩვენა, რომ „დიფ სთეითმა“, რომელმაც მთელი ევროპა უფსკრულის პირას მიიყვანა, საქართველოს ხელისუფლებას ვერაფერი მოუხერხა. იმაზე, რომ ევროპა ძალიან რთულ ღირებულებით კრიზისშია, უკონტროლო მიგრაციასა და თავსმოხვეულ აბსურდულ იდეოლოგიას ვერ უმკლავდება, დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის შეფასებებიც კმარა. სწორედ დასუსტებული ევროპისა და უსიტყვოდ მორჩილი ბიუროკრატების ხელით სურს „დიფ სთეითს“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელება, თუმცა გონივრული პოლიტიკისა და სწორი მანევრირების პირობებში, ჩვენი ქვეყნის სახელისუფლებო გუნდს გასაღები ვერ მოუძებნა, საბოლოოდ კი, ისეთი სულელური სვლების გაკეთების შესაძლებლობა დარჩათ, როგორიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაა.

შეგახსენებთ, რომ დიპლომატის რანგის მქონე ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამარტივებულად, უვიზოდ გადაადგილდებიან, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ წესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. გამოდის, რომ „დიფ სთეითმა“ საერთაშორისო ხელშეკრულებები და ელემენტარული ლოგიკა არაფრად ჩააგდო მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიეღო გადაწყვეტილება, რომლის გავლენაც „ქართულ ოცნებაზე“ ნულოვანია. ამაზე სულელური და კომიკური რა უნდა იყოს?

ეს ყველაფერი კი ერთადერთ რამეზე მეტყველებს: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წარმატებულად „ითამაშა“, „დიფ სთეითის“ ყველანაირი ხრიკი წინასწარ გათვალა, პრევენციული ქმედებებიც განახორციელა და არსენალში მხოლოდ ისეთი სვლები დაუტოვა, რომლებიც ან უშედეგოა, ან მათივე ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. ამიტომ, მხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირის თემით მანიპულირება გაგრძელდეს, ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ“,- წერს ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ოფისის რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი წავიდნენ.

„გადაწყვეტილება ძალაში შედის მარტის დასაწყისში“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს