შალვა კერესელიძე - თუ მთავრობას ეგონა, რომ ფასების პრობლემა ძალიან მარტივად მოსაგვარებელია, ეს ასე არაა - ამას სჭირდება, პირველ რიგში, ხელისუფლების ნება

ჩემი აზრით, როცა მოგებასა და მონოპოლიურ საქმიანობაზეა საუბარი, აგრარულ სფეროში დასაქმებულ ქართველ მეწარმეებს ეს არ ეხებათ. ეს ეხება იმპორტიორებს და ეს ეხებათ ქსელებს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, საპარლამენტო ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი კომისიის გუშინდელი სხდომის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს თუ ვინმეს სჭირდება მხარდაჭერა, დახმარება და წახალისება, ეს არის ადგილობრივი წარმოება და აგრარული სექტორი.

„პრობლემა ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია. თუ მთავრობას ეგონა და ან კიდევ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ძალიან მარტივად მოსაგვარებელი პრობლემაა, ეს ასე არაა. კომისიის შექმნის დღიდან მოყოლებული ვამბობდით, რომ ამას სჭირდება, პირველ რიგში, ხელისუფლების ნება. რათა ძალიან ბევრი მტკივნეული, არასასიამოვნო ნაბიჯი, მათ შორის ხელისუფლებისთვის და ხელისუფლების გუნდის წევრებისთვის გადაიდგას, რომელიც დაკავშირებულია კორუფციასთან, მონოპოლიურ თუ ოლიგოპოლიურ დამოკიდებულებასთან, კლანებთან, ნეპოტიზმთან და ა.შ. იმისთვის, რომ კონკურენციას მიეცეს შესაძლებლობა უფრო სწრაფად განვითარდეს და შესაბამისად დაიწყოს ბაზარმა ფასების რეგულირება. კომისიაზე ვინც იყვნენ, ესენი იყვნენ ქართველი მწარმოებლები. მეწარმეები იყვნენ, ვინც კვერცხს, რძის პროდუქტებს აწარმოებდნენ. პირველი და მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ყველამ ერთად აღნიშნა, ეს არის საცალო გასაღების ქსელი, ე.წ. „ქეშბექების“ პრობლემა და კიდევ სხვა დამატებითი ხარჯების პრობლემა. ასევე, მნიშვნელოვან პრობლემად წარმოაჩინეს ნედლეულისა და საკვები ბაზის პრობლემა. იყო ფისკალური პრობლემები, გადასახადები და ა.შ. მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ სამწუხაროდ, აქამდე არავინ საუბრობდა, რომ ადგილობრივი წარმოება ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ქვეყნისთვის. ეს ჩვენ არაერთხელ დავინახეთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხელისუფლება თუ ხელისუფლებები ყოველთვის ამჯობინებდნენ ფულის შოვნის მარტივი ფორმის გამო იმპორტდამოკიდებულები ვყოფილიყავით, ნაცვლად იმისა, რომ ადგილობრივი წარმოებისთვის ხელი შეგვეწყო, განგვევითარებინა, შეღავათები მიგვეცა. ეს ხდებოდა რატომღაც ფულის, გავლენების, კლანების სანაცვლოდ.

ერთ-ერთმა მეწარმემ, რომელიც ფრინველის ხორცის მწარმოებელი იყო, გუშინ მაგალითი მოიყვანა. იაფად შემოვიდა ფრინველის ხორცი ჩინეთიდანო და აქედან გამომდინარე, ჩვენი პროდუქციის გაყიდვა შეჩერდაო. იმიტომ, რომ საზოგადოების სოციალური გაჭირვებიდან გამომდინარე, დაბალ მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათ ამჯობინეს უხარისხო, მაგრამ იაფი პროდუქტი და გაუჩერდა ამ მეწარმეს რეალიზაცია. ამ დროს აზერბაიჯანში გაიტანა თავისი პროდუქცია და აზერბაიჯანმა საკუთარ ჯარს აჭამა. ჩვენ ვითომ თავს ვიწონებთ, რომ ჩვენთან კონკურენციაა, საჯაროობა, ტენდერია და ვინც გაიმარჯვებს, ის იღებს უპირატესობას. თუმცა ამ ტენდერების შედეგადაც ნახეთ არაერთი შემთხვევა, როგორ ხდება მორგება. მთავარი პრობლემები უნდა ვეძებოთ მთავრობის პოლიტიკაში, მაგრამ დღეს ამის საბოლოოდ შეფასება, რომ ვთქვათ რა არის მიზეზი და ა.შ ნაადრევი იქნება. თუმცა ეს სამი ეტაპი რაცაა: შესწავლა, პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება, სანამ ბოლო ეტაპზე მივალთ, პირველივე შეფასება რაც შეიძლება ახლა გაკეთდეს და რასაც მხარი უნდა დავუჭიროთ, ეს არის ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურად ხელშეწყობა,“ - განაცხადა კერესელიძემ.

მისივე თქმით, კომისიაში მათი მონაწილეობის მიზანი სწორედ ისაა, რომ რაღაც შედეგი იყოს.

„მთავარი, არის ხელისუფლების ნება. დღეს თუ ვინმეს სჭირდება მხარდაჭერა, ვინმეს სჭირდება დახმარება, წახალისება, ეს არის ადგილობრივი წარმოება და აგრარული სექტორი. საქართველოში ნაწარმოებს ვგულისხმობ. ეს ხალხი, ვინც გუშინ იყვნენ მობრძანებულები, ეს არიან ის ადამიანები, ქართველ მეწარმეები, განსაკუთრებით აგრო სფეროში დასაქმებული მეწარმეები, რომლებიც იმპორტიორებისგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლები მარჟით ესენი მუშაობენ. ჩემი აზრით, როცა მოგებაზე და მონოპოლიურ საქმიანობაზე საუბარი, აგრარულ სფეროში დასაქმებულ ქართველ მეწარმეებს ეს არ ეხებათ. ეს ეხება იმპორტიორებს და ეს ეხებათ ქსელებს.

მთავარი არის ნება. ხელისუფლების ნება თუ არ იქნება, აგერ ერთი კომისია, მეორე კომისია, ეს კომისიაც დადებს რეკომენდაციებს და წინადადებებს. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თუ არ თქვეს, ჩვენ მაინც გავაჟღერებთ გამოკითხვების და შესწავლის შემდეგ, რა არის პრობლემა და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. თუ ხელისუფლებამ გადადგა ის კონკრეტული ნაბიჯები პრობლემებს რომ ეშველოს და ეს პრობლემები რომ გადაწყდეს, ჩვენს მოსახლეობას შეუმცირდეს ეს სოციალური წნეხი, მაშინ კარგი იქნება და მივესალმები. თუ არ გადადგა რეალურად ეს ნაბიჯები და ამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იყოს ფარსი, დამატებითი საერთაშორისო კომპანიის მოწვევა, სამთავრობო კომისია, საპარლამენტო კომისია, რომ ეს იყოს მხოლოდ პიარი და მოჩვენებითი, ესეც გამოჩნდება, თუმცა ამის რისკები ნამდვილად არსებობს“, - განაცხადა კერესელიძემ.

გარდა ამისა, მან გადაცემაში სტუმრობისას ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე გამოთქმული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებების მოსმენის შემდეგ ალბათ ყველა დარწმუნდა, რომ „ამ ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ გადაუხვია იმ კურსს, რასაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ჰქვია“.

„კიდევ ერთი კრიტიკული შეფასება გაკეთდა ამ კომისიის სახით. ასეთი შეფასებები გვახსოვს ჩვენ. რეალურად ყველა, უკვე ვისაც პატარა დონეზე მაინც სჯეროდა, რომ ეს ესე არ იყო, ალბათ დარწმუნდა, რომ ამ ხელისუფლებამ უკვე ერთხელ და სამუდამოდ გადაუხვია იმ კურსს, რასაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ჰქვია. ეს ნათლად გამოჩნდა ასევე აშშ-ის ვიცე -პრეზიდენტის ვიზიტით, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. სადაც ჩვენს შესახებ ერთი სიტყვაც არ თქმულა, მაშინ როდესაც ჩვენ ევროინტეგრაციის კუთხით და აშშ როგორც ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, მოწინავეები ვიყავით. სწორედ საქართველო იყო, რომელმაც ათეულობით წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნაბიჯ- ნაბიჯი შექმნა და ააშენა ეს ურთიერთობა და მოიპოვა ეს ნდობა, რასაც პარტნიორული ურთიერთობა ჰქვია. მაგრამ ერთი ხელის მოსმით, არასახელმწიფოებრივი მიდგომით, მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებით, ამ ხელისუფლებამ ეს დაანგრია და მიწასთან გაასწორა. რამდენიმე წლის წინ, ვინმესთვის რომ გეკითხა, ოდესმე დადგებოდა ის დრო, სომხეთი და აზერბაიჯანი შერიგდებოდნენ, არავინ დაგიჯერებდათ. მაგრამ ამ ადამიანებმა შეძლეს ის, რომ საკუთარი ქვეყნის გულისთვის, შერიგდნენ, ხელი ჩამოართვეს და ამხელა მნიშვნელოვანი, მსოფლიო მასშტაბით პროექტების განხორციელება დაიწყეს. დაიწყო უკვე რეალურად აშშ-სთან და ევროპის სახელმწიფოებთან სტრატეგიული ურთიერთობის აწყობა და დალაგება. ანუ იმის გაკეთება დაიწყეს მათ, რაც ჩვენ წლების წინ შევქმენით და გავაკეთეთ. ჩიხურ მდგომარეობაში მყოფი ეს რეგიონი, სომხეთსა და აზერბაიჯანს ვგულისხმობ, რომლებიც რუსული გავლენების ქვეშ იმყოფებოდნენ, დღეს უკვე ერთ-ერთ სტრატეგიულ სახელმწიფოებად და რეგიონად წარმოჩინდნენ“, - განაცხადა კერესელიძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მან ისაუბრა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება იყო. როგორც კერესელიძემ აღნიშნა, „მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ამჯობინო ადამიანმა ციხეში წასვლა კომისიაზე მისვლას“.

„ნიკა გვარამიას მინდა მივულოცო გათავისუფლება. პოლიტიკური პატიმარი იქნება თუ არა პოლიტიკური პატიმარი, ციხიდან გათავისუფლება ყველასთვის მისალოცი ამბავია. რაც შეეხება კომისიაზე მისვლა არ მისვლას, ეს უბრალოდ თითოეული მათგანის გადასაწყვეტი იყო მივიდოდნენ თუ არა. ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, კომისიაზე არ მისვლის გამო ადამიანმა რატომ უნდა ამჯობინოს ციხეში წასვლა. ჩვენ სხვა გადაწყვეტილება მივიღეთ. გიორგი გახარია მივიდა კომისიაზე. გიორგი გახარიას „ქართულ ოცნებასთან“ არ უთანამშრომლია, უბრალოდ კომისიაზე მივიდა და თავისი პოზიცია დააფიქსირა. მივიდა იმიტომ, რომ ისევ საზოგადოებაში იყო ძალიან დიდი ინტერესი იმისა თუ პოზიცია ჰქონდა და რას იტყოდა. ამიტომ სხვებისგან განსხვავებით, გირაოს არ გადახდით და პატიმრობის მისჯის სანაცვლოდ, ვამჯობინეთ, რომ კომისიაზე მივსულიყავით და იქ დაგვეფიქსირებინა პოზიცია. თუმცა ეს ყველას ინდივიდუალური არჩევანია. დანარჩენმა პოლიტიკური პარტიის წევრებმა თუ ლიდერებმა ამჯობინეს ციხეში წასვლა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, არ ვიცი მათი დღის წესრიგი, რა აქვთ გეგმაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, გეგმა და ამ ჩვენი დღის წესრიგისა და გეგმის მიხედვით მივდივართ და მივყვებით. ეს საპარლამენტო მიმართულება იქნება თუ არასაპარლამენტო მიმართულება“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!