ტატა ხვედელიანი - პროკურატურის ბოლო ბრიფინგიდან გავიგეთ, რომ თვეების განმავლობაში ქვეყანაში შესაბამისი დაჯგუფება სჩადიოდა სასტიკ დანაშაულს და ამის შესახებ საგამოძიებო ორგანოებმა, როგორც თავად ამბობენ, „არაფერი იცოდნენ“

პროკურატურის ბოლო ბრიფინგიდან გავიგეთ, რომ თვეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი დაჯგუფება სჩადიოდა სასტიკ დანაშაულს და ამის შესახებ საგამოძიებო ორგანოებმა, როგორც თავად ამბობენ, „არაფერი იცოდნენ“ - ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო პროცესს, რომელიც ამ თემას გადაიყვანს ინდივიდუალური ტრაგედიიდან სისტემურ პოლიტიკურ განხილვაში, სადაც მსხვერპლთა ოჯახების გამოცდილება იქნება პოლიტიკის ფორმირების აუცილებელი ნაწილი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკით საგამოძიებო უწყებებიდან გამქრალია ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორი დანაშაულის პრევენციაა, მის აღმოფხვრასთან სისტემური მიდგომები და ამ ვითარებაში, პარლამენტის როლი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ შეფასებებით.

„ბოლო დღეებში, საქართველოს პროკურატურის ბოლო ბრიფინგიდან გავიგეთ უმძიმესი რამ - თვეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი დაჯგუფება სჩადიოდა სასტიკ დანაშაულს და ამის შესახებ საგამოძიებო ორგანოებმა, როგორც თავად ამბობენ, „არაფერი იცოდნენ“. არაფერი იცოდნენ იმ უწყებებმა, რომლებიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს აკონტროლებენ ქვეყნის ყველა ნაწილში, მყისიერად აკავებენ მოქალაქეებს ტროტუარზე დგომისთვის, პირბადის ტარებისთვის და კიდევ უამრავი გამოგონილი მიზეზით.

საქართველოს ძალოვანმა სისტემამ აღიარა, რომ თვეების განმავლობაში არ იცოდა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა მძიმე დანაშაულების შესახებ, რომლებიც ბავშვებს უმძიმეს მდგომარეობაში აყენებდა, ბოლოს კი სიცოცხლის ხელყოფაც გამოიწვია.

დღეს, ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2025 წელს 1473 ბავშვის მიმართ ჩაიდინეს დანაშაული. აქედან ყველაზე მეტი ოჯახური და სექსუალური ხასიათის ძალადობა იყო. ბოლო 10 წელიწადში 11 773 ბავშვი დაზარალდა.

ბოლო წლებში ქვეყანაში საშიში და ტენდენციური მდგომარეობაა შექმნილი. 2025 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 766 არასრულწლოვნის მიმართ დაიწყო, მაშინ როდესაც 2024 წელს 460 არასრულწლოვანი იყო ბრალდებული.

იანვრის თვეში დააკავეს არასრულწლოვნები, რომლებიც ფიზიკურად ძალადობდნენ თავიანთ თანატოლებზე; ბოლო გამოქვეყნებულ მასალებში სხვა არასრულწლოვნების ჯგუფი ძალადობს მათ თანატოლებზე - ეს არ არის ცალკე მდგომი კრიმინალური შემთხვევები, ეს არის სისტემური გამოწვევა ქვეყნისთვის და ტრაგედია მოსახლეობისთვის, რომელსაც “ოცნება” არაკომპეტენტური და არაპროფესიონალური მიდგომით პასუხობს.

ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკით საგამოძიებო უწყებებიდან გამქრალია ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორი დანაშაულის პრევენციაა, მის აღმოფხვრასთან სისტემური მიდგომები.

ამ ვითარებაში, პარლამენტის როლი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ შეფასებებით. ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო პროცესს, რომელიც ამ თემას გადაიყვანს ინდივიდუალური ტრაგედიიდან სისტემურ პოლიტიკურ განხილვაში, სადაც მსხვერპლთა ოჯახების გამოცდილება იქნება პოლიტიკის ფორმირების აუცილებელი ნაწილი.

ასევე, როგორც დედამ, მინდა, მადლობა გადავუხადო ღირსეულ დედას, ეკა კუპატაძეს - იმ ბრძოლისთვის, რაც მან გაიარა და იმ სამართლიანობისთვის, რომლისთვისაც ის ახლაც იბრძვის.

დღეს გვყავს კიდევ უამრავი მშობელი, რომლებიც ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას, დამნაშავეთა დასჯას. დღემდე არ არიან გამოვლენილი და დასჯილები ნიკო კვარაცხელიას მკვლელები. ჩემი მხარდაჭერა ნიკოს დედას, რომელიც წლებია ითხოვს დამნაშავეთა დასჯას და ჩემი მხარდაჭერა ყველა იმ მშობელს, რომლებიც იბრძვიან სამართლიანობის აღდგენისთვის“, - განაცხადა ხვედელიანმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!