პაატა დავითაია - დიდი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ, როცა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ექსპერტის პოზიციაზე თავისი კვოტა არ გამოიყენა - არ დაგვავიწყდეს, რომ ეუთოს წევრი ვართ და ხელი მოწერილი გვაქვს ვალდებულებებზე

„ქართული ოცნების“ ადგილას რომ ვიყო, ჩემთვის გამოსავალი იქნებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც დავითაიამ განაცხადა, ამით ხელისუფლება აჩვენებდა, რომ საზოგადოებაში ნდობა აქვს და ამას არჩევნებზე დავადასტურებთ. თუმცა, დავითაიას განმარტებით, „ქართული ოცნება" ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

„ეს პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯს არ დგამს. პირიქით, ის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მიდის იმ მექანიზმით, რასაც ხელისუფლების მითვისება ჰქვია. ეს ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო ბაზას ამზადებ ისე, რომ კონკურენტებს სპობ, ციხეში სვამ, პარტიებს აუქმებ, პრობლემებს უქმნი არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას. ყველაფერი ეს სინთეზში ბადებს გზას, რასაც ჰქვია ხელისუფლების მითვისება და კონსტიტუციის დარღვევა. ეს არის რეალობა“,- განაცხადა დავითაიამ.

მისი თქმით, ხელისუფლების ნაბიჯები მოწმობს, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს დათმობს და არ შექმნის ფონს იმისთვის, რომ არჩევნები დემოკრატიული იყოს.

„ყველაზე მძიმე ფონი იქნება - ხელისუფლების ცვლილებისთვის წესების გარეშე ბრძოლა, მაგრამ აქ „ქართული ოცნება“ ერთ რამეში ცდება, ძალიან დიდია საზოგადოების მიერ „ქართული ოცნების“ მიმართ ნეგატივი. მთავარია, ამ ნეგატივის აკუმულირება და ეს უკვე დამოკიდებულია პოლიტიკურ პარტიებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიებმა უნდა მოახერხონ შექმნან ისეთი გაერთიანება, რომელიც არჩევნებს არჩევნებამდე მოიგებს, ეს თავისუფლად შესაძლებელია“,- განაცხადა დავითაიამ.

ამასთან, მან „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლებაც შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ციხიდან გამოსვლა არაფერს ნიშნავს იმ ფონზე, რომ მათ წინააღმდეგ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ახალი ბრალია წარდგენილი.

„ნუ ვუყურებთ იმას, რომ ვიღაცები ციხიდან გამოდიან. 10 დღეში მათ ახალი პროცესი ეწყებათ. სასამართლო განხილვა დაიწყო.ეს იმას ნიშნავს, რომ განაჩენი დადგება. ხომ არავის აქვს ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გაამართლებენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა ეს სასამართლო გაამართლებთ მათ? რა თქმა უნდა, არა. თვითონ ბრალდება არის უკვე აბსურდული, რაც მათ უკვე წაუყენეს. ზეწოლა გრძელდება.ეს არის პოლიტიკური დევნა, მეტი არაფერი“,-განაცხადა დავითაიამ.

ამასთან, მან ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებაც შეაფასა და განაცხადა, რომ ექსპერტთა მისია საქართველოში სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს ან მარტის პირველ კვირას ჩამოვა. პაატა დავითაიას განცხადებით, ერთი თვის განმავლობაში დაიდება ოფიციალურად დასკვნა.

„დიდი შეცდომა დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ, როდესაც ექსპერტიზის პოზიციაზე თავისი კვოტა არ გამოიყენა. არ დაგვავიწყდეს, რომ ეუთოს წევრი ქვეყანა ვართ და ხელი მოწერილი გვაქვს ვალდებულებებზე. „ქართული ოცნების“ ტაქტიკა ცნობილია - იტყვიან, რომ უცხოელებმა შეაფასეს, ჩვენ იქ არ ვიყავით და არ ვენდობით“, - განაცხადა დავითაიამ.

მისი განმარტებით, ამ დასკვნის საფუძველზე შეიძლება საერთაშორისო გამოძიებაც დაიწყოს.

„ამას იყენებენ ზეწოლის მექანიზმად, რომ ხელისუფლებამ გადადგას სიტუაციის გაუმჯობესებისკენ ნაბიჯები. თუ ეს შანსი არ მუშაობს, მაშინ იწყება საერთაშორისო გამოძიებები. არ გამოვრიცხავ, დასკვნის საფუძველზე ევროკავშირის ან ეუთო-ს სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას. ბევრი ვარიაციაა. ყველა ვარიაცია ცუდია „ქართული ოცნებისთვის“. თუ ხელისუფლებამ არ შეცვალა თავისი მიდგომები ევროკავშირთან დაკავშირებით, ამუშავდება მეორე ეტაპი, ეს არის უვიზოს გაუქმება, რაზეც ევროკავშირმა თვითონ მიუთითა. ძალიან დაძაბული იქნება მაისი-ივნისის თვე“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!