გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები ყოველწლიურად გადაიხედება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები ყოველწლიურად გადაიხედება.

როგორც მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბაზრის კვლევა ყოვეწლიურად ჩატარდება, რაც მთავრობას მისცემს ხედვას, თუ სად არის კვოტები გასაზრდელი და სად - შესამცირებელი.

„ეს არის ის მარტივი პრინციპი, რასაც ჩვენ ვეძახით პულსზე ხელი გეჭიროს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა იხელმძღვანელონ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. მიქანაძის განცხადებით, კვოტების რაოდენობა შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს ისეთ მიმართულებებზე მიიღებს, როგორიცაა: - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე გამოცხადდება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - მედიცინის სპეციალობებზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.

სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.

ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.

ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.

ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რჩება. შესაბამისად, მიღება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით გამოცხადდება, თუმცა მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყება, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში გადაინაცვლებს.

„შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ", - განაცხადა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, გივი მიქანაძის ინფორმაციით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია თავად უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა სწორედ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ამ ბრიფინგიდან გაიგეს.

„დიახ, ამ უნივერსიტეტებმა გაიგეს ამ ბრიფინგიდან, თუმცა მათთან კომუნიკაცია მანამდეც მიმდინარეობდა. კიდევ ვამბობთ, რომ ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ყველას დაუბრუნდებოდა ის ტრადიციული მიმართულება, რომელიც მათთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ვფიქრობთ, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება და ის დამტკიცებული პრინციპი - „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“ სწორედ ამას უზრუნველყოფს,“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!