საერთაშორისო მნიშვნელობის გზების განვითარებისთვის ახალი სტანდარტი დადგინდება

საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე და გზისპირა ზონებში - გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს - გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული იქნება მშენებლობა.

ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი რეგულაცია მომზადებულია „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე და მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების დაცვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა და მოდერნიზაცია.

„საქართველო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალური გზების მშენებლობასა და მოდერნიზაციას, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისა და საერთაშორისო კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გზების მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტურმა და უნებართვო საქმიანობამ არ შეაფერხოს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, არ შექმნას უსაფრთხოების დამატებითი რისკები და არ დააზიანოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია.

რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა და მოდერნიზაცია. მათ შორისაა თბილისი–სენაკი–ლესელიძე, სენაკი–ფოთი–სარფი, თბილისი–წითელი ხიდი, თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი, მარნეული–სადახლო, თბილისის შემოსავლელი და სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთი. ეს მიმართულებები ქვეყნის ეკონომიკურ და საერთაშორისო კავშირებში სტრატეგიულ როლს ასრულებს, ხოლო მათი უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირება საქართველოს სატრანსპორტო სისტემის განვითარების საფუძველია.

გზისპირა ზონაში დაუკითხავი საქმიანობის შეზღუდვა უზრუნველყოფს გზების გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

ახალი რეგულაცია წარმოადგენს სისტემურ ნაბიჯს თანამედროვე ინფრასტრუქტურული მართვის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით და ემსახურება როგორც საგზაო უსაფრთხოებას, ისე საერთაშორისო მაგისტრალების თანამედროვე სტანდარტებით განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!