ჩვენ მზად ვართ, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ცვლილებას. მომზადდება შესაბამისი განცხადება, რომელიც გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა, ნინო მატარაძემ განაცხადა, რითაც განათლების მინისტრის დაანონსებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.
პროფესორის განცხადებით, აკადემიური მიღწევების ერთი ხელის მოსმით განადგურება დაუშვებელია.
„დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ოთხივე ფაკულტეტის საბჭოს წევრების შეხვედრა. მას ესწრებოდნენ პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მინდა გითხრათ, რომ ყველა ერთხმად წინააღმდეგია იმ ცვლილების, რომელიც გამოცხადდა. ჩვენ მზად ვართ, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ცვლილებას. მომზადდება შესაბამისი განცხადება, რომელიც გამოქვეყნდება. უკლებლივ ყველა აცხადებს, რომ მიუღებელია ამ სახით მსგავსი ცვლილებების მიღება, ეს არღვევს უნივერსიტეტის ავტონომიურობას, მის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. ეს არის სრულიად მიუღებელი, რადგან ის აკადემიური მიღწევები, რომელიც აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც წლების განმავლობაში დაუღალავი შრომის შედეგად იქნა მიღწეული, ამის ერთი ხელის მოსმით დანგრევა დაუშვებელია და ამაში ჩვენ ყველა ერთიანი ვართ და მზად ვართ, რომ წინ აღვუდგეთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნინო მატარაძემ.
ცნობისთვის, განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - მედიცინის სპეციალობებზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.
სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.
ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში.
შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ", - განაცხადა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.