მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრია და არა შინაგან საქმეთა მინისტრი, ასე რომ [გიორგი გახარიას] დაკავებას, რა თქმა უნდა, არ მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სამარცხვინოა, როცა სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
პაპუაშვილის თქმით, ეს ადასტურებს, რომ ევროკავშირის სივრცე პოლიტიკური კრიმინალების თავშესაფრად იქცა.
„გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი, რომელსაც აქვს შეფარდებული წინასწარი პატიმრობა, ის არის ძებნაში. რა თქმა უნდა, სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება აღმოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც შესაძლოა, სხვადასხვა ოფიციალური პირები იყვნენ. ეს ადასტურებს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის სივრცე იქცა პოლიტიკური კრიმინალების თავშესაფრად. ის არა მხოლოდ თავს აფარებს ბერლინს, არამედ ფულსაც იღებს. როგორც ვიცით, დანიშნული აქვს სტიპენდია. სტიპენდიის დანიშვნა, მე მგონი, პოლიტიკოსების დაფინანსების ახალ ფორმაა. ვიცით რომ დავით კეზერაშვილიც თავს აფარებს ევროკავშირის სივრცეს. ზურაბ ადეიშვილს საერთოდ, ევროკომისიაში ხელს ართმევენ. ასე რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ღირებულებით უფსკრულს, რომლიდანაც მაუწყებლობს დღეს ევროკავშირი,“ -განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, ვინაიდან, კონფერენციას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, როგორ წარმოუდგენია მათი შეხვედრა გიორგი გახარიასთან, შალვა პაპუაშვილი ასე პასუხობს:
„მაკა ბოჭორიშვილი არის საგარეო საქმეთა მინისტრი და არა შინაგან საქმეთა მინისტრი, ასე რომ მის დაკავებას იქ არ მოახდენს, რა თქმა უნდა. ზოგადად, ეს მე მგონი, უფრო შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული პირი უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს. არ ვიცი ვინ დაპატიჟა, ასეთი დაპატიჟებები ბევრი გვინახავს. მათ შორის, მამუკა ხაზარაძე რომ ამბობდა, ტრამპის ინაუგურაციაზე ვარ დაპატიჟებულიო და ქუჩაში რომ დაბორიალობდა მერე ყინვაში,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია 13-15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში (MSC) მიიღებს მონაწილეობას, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან გამართავს შეხვედრებს. კონფერენციას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.