სად არის კვლევა და ანალიზი, რასაც რეფორმა ეფუძნება? დარწმუნებული ვარ, ერთი ფურცლის ნაგლეჯიც არ არსებობს! – მათ აინტერესებთ პარტიული ძალის კონცენტრაცია უნივერსიტეტებში, - ასე აფასებს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პოლიტიკოსი, განათლების საკითხებში ექსპერტი რუსუდან თევზაძე უმაღლეს განათლებაში მიმდინარე რეფორმებს.
კერძოდ, მან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტებზე, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გადანაწილების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაანონსებულ ცვლილებებს ე.წ. რეფორმასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
„გუშინდელი დღე იყო კულმინაცია. იმის მაგივრად, რომ ჩვენ განათლების მიმართულებით გარკვეულ შინაარსებზე ვსაუბრობდეთ, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ გადამკიდე გასცდა განათლების შინაარსის ჩარჩოს და სრულად პარტიული ხასიათი მიიღო. ეს მტკივნეულია.
ეს ყველაფერი არ ეფუძნება ფართო პროფესიულ წრეებთან დიალოგს. ეს არის ძალიან მყარი არგუმენტი იმის, რომ არ აინტერესებთ შინაარსი, მათ აინტერესებთ პარტიული ძალის კონცენტრაცია უნივერსიტეტებში, რომლებიც ქმნიან კრიტიკულ აზრს და ბიზნეს ინტერესები.
გამოცხადდა გუშინ სია, „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი. კარგი, დავიჯერეთ, რომ მათი ნაბიჯი მართალია და გრძელვადიან სასარგებლო შედეგზეა ორიენტირებული, სად არის კვლევა და ანალიზი, რასაც ეს რეფორმა ეფუძნება? დარწმუნებული ვარ, არ არსებობს, შრომის ბაზრის ანალიზი.
ზოგადად, რეფორმის კეთების ჩამონათვალში ერთ-ერთი მდგენელია შრომის ბაზარი, რომელიც კრიტერიუმია. ამ ნაწილში, დარწმუნებული ვარ, ერთი ფურცლის ნაგლეჯიც არ არსებობს!
გუშინ გამოცხადდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის შემსწავლელი მეცნიერება გაუქმდება. იმ ქვეყანაში, სადაც მაღალია კატასტროფების რისკი, ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა ფართო რეგიონულ ჭრილში, აუქმებ იმ მიმართულებას, რომელიც შენს ფიზიკურ გადარჩენას ემსახურება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ღრმა ფუნდამენტური კვლევები მიმდინარეობდა ამ მიმართულებით. აქ არ არის კავშირი პროფესიულ წრეებთან, ქვეყნის საჭიროებასთან, ეს რომ იყოს იდენტიფიცირებული, ამ მიმართულებას არ გააუქმებდნენ“,- აღნიშნა რუსუდან თევზაძემ.
ამასთან, რუსუდან თევზაძე განმარტავს, რომ რაც ხდება მეტი განგაშის ზარს საჭიროებს. ის მიმართავს მშობლებს და მასწავლებლებს, თუ სად არიან, ვინაიდან, მისივე თქმით, პროტესტზე ზრუნავენ ის ვიწრო წრეები, რომლებიც მთელი წელია რუსთაველზე დგანან.
„სად არიან მშობლები?! სად არიან მასწავლებლები?! ამ პროტესტზე ზრუნავენ ის ვიწრო წრეები, რომლებიც რუსთაველზე დგანან მთელი წელია. ეს მეტი განგაშის ზარს საჭიროებს. სად არიან მშობლები, სად არიან მასწავლებლები?! ისევ ის ვიწრო წრეები, რომლებიც რუსთაველზე დგანან მთელი წელია, ისევ ისინი ზრუნავენ ამ პროტესტზე. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა საგარეო საყრდენი მოშალა, მოანგრია და ეძებს საყრდენებს, მაგრამ ვერ იპოვა. ახლა, საშინაო ველზე განათლებაა, რომელიც ერთადერთი ფუნდამენტი დარჩა, რომ საგარეო ველზეც აღადგინოს სარტყელები და მასაც ანგრევს. საბოლოოდ, იცით, როგორ მგონია შენიღბავენ? ამ ინტერვენციით „ნაცები“ გაანადგურეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ესეც ფასადური იქნება იმის ფონზე, რომ პარლამენტის 80% „ნაცს“ წარმოადგენს“,- აღნიშნა რუსუდან თევზაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ თსუ-ს, რუსუდან თევზაძემ აღნიშნა, რომ რაც არ უნდა ბევრი მიმართულება დაუტოვონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, უნივერსიტეტში პოლიტიკურ-პარტიული ძალის კონცენტრაცია იზრდება.
„თსუ არის ის უნივერსიტეტი, რომელიც ერთი შეხედვით, ყველაზე ნაკლებად დაზიანდება, მაგრამ მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა. ისე მიმდინარეობს პროცესები, რაც არ უნდა ბევრი მიმართულება დაუტოვონ, პოლიტიკურ-პარტიული ძალის კონცენტრაცია იზრდება. ჩნდება ახალი აკადემიური სამოქალაქო აქტივი, რომელი პარტიულ ინტერესზე იქნება დამოკიდებული.
თსუ-ს დედა უნივერსიტეტად გადაქცევაც არის პოპულიზმის ნიშანი. ეს გაერთიანება, რომელზე საუბარიც დაიწყო, კრახით დასრულდა. საკითხავია, შემთხვევით მოხდა, თუ შეგნებული იყო ეს ველი შეექმნათ და ამ დისკურსში გადასულიყო. თსუ-ს დედა უნივერსიტეტად გადაქცევა თუ უნდათ, არ დაიწყებდნენ დისკურს შეერთებასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა რუსუდან თევზაძემ.
გარდა ამისა, მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ ზუგდიდის, გორის, ახალციხის და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი აგრარულ მიმართულებებზე, ტურიზმსა და პედაგოგიკაზე გაკეთდება. როგორც რუსუდან თევზაძემ აღნიშნა, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ დემოგრაფიულ პრობლემებს.
„იქნებ, არ აქვს სტუდენტს შესაძლებლობა ან სურვილი, რომ დატოვოს რეგიონი. ეს გამოიწვევს ძალიან დიდ დემოგრაფიულ პრობლემებს. ისედაც ძალიან მძიმე ფონია და დემოგრაფიული უსაფრთხოების ჭრილში პირდაპირ კავშირშია ეროვნულ უსაფრთხოებასთან. განსაკუთრებით შიდა ქართლის რეგიონი, გორში ტრადიციული ისტორიის მატარებელი უნივერსიტეტი, რომელიც პოლიტიკურად მნიშვნელოვან მოწყვლად გეოგრაფიულ არეალებს ფარავს და პირიქით, განვითარების ხელშეწყობის ნაცვლად, ასე არ უნდა ავიწროებდე. სოხუმის უნივერსიტეტის საქმეც, ცდება განათლებას, ეს იყო სიმბოლური ბმა აფხაზეთთან, რომელიც ცნობიერებას ინარჩუნებდა ახალგაზრდობასთან. ეს ნიშანია, სად მიდის „ოცნების“ პოლიტიკა“,- აღნიშნა რუსუდან თევზაძემ.