ლაშა ტუღუში - შავი ზღვისა და ოკეანის იქეთ ბუნჩულა, ფაფუკი, ბამბა და მურაბა ადამიანები კი არ ცხოვრობენ - მოთმინების ფიალა მათაც აქვთ! როდესაც  გაუთავებელ რეჟიმში ანტიდასავლური რიტორიკა გაქვს, ცხადია, ამას რეაქცია მოჰყვება, მაგრამ ამით ქვეყანა დაზიანდება!

შავი ზღვისა და ოკეანის იქეთ ბუნჩულა, ფაფუკი, ბამბა და მურაბა ადამიანები კი არ ცხოვრობენ - მოთმინების ფიალა მათაც აქვთ და საზღვარი არსებობს! როდესაც უწყვეტ, გაუთავებელ რეჟიმში ანტიდასავლური რიტორიკა გაქვს, ცხადია, ამას რეაქცია აუცილებლად მოჰყვება, მაგრამ ამით ქვეყანა დაზიანდება! - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ ორგანიზაცია “ლიბერალური აკადემია - თბილისის“ ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა.

ტუღუშის შეფასებით, საქართველომ დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში ძალიან დიდი შანსები და შესაძლებლობები დაკარგა.

მისივე თქმით, ყველა კარტი, რომელიც ახლა გვიჭირავს, გაჭრილია.

“ვნახეთ, ირანის სახელმწიფო დროშის ფერებში გაფერადებული თბილისის ანძა - ასეთი რამ ხომ უნდა მოიფიქრო და როგორი მეზობლური ურთიერთობაც არ უნდა გქონდეს ირანთან, მაშინ როდესაც ირანის რეჟიმს ათობით ათასი მოქალაქე ემსხვერპლა, ანძა ამ ქვეყნის დროშის ფერებში გააფერადო!

გარდა ამისა, არ იღლებიან ანტიდასავლური განცხადებებით. თუ ადრე კონკრეტულ პიროვნებებსა და პოლიტიკოსებზე საუბრობდნენ, ახლა უკვე ქვეყნებზე გადავიდნენ. მათ ვერბალურ გამოხატულებებში უფრო და უფრო მეტი ესკალაცია შემოვიდა - სადამდე დავიდნენ, როცა პირდაპირ ქვეყნებთან შეტევაზე გადადიან! რა თქმა უნდა, ამას რეაქცია აუცილებლად მოჰყვება.

სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ჩამოვიდა და როცა გაჩნდა შანსი იმისა, რომ აფხაზეთისა თუ ცხინვალის მიმართულებით კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით ახალი დინამიკა გაჩენილიყო, საქართველო საერთოდ ამოვარდა კონტექსტიდან. სად არის ამაზე დისკუსია?! - მოგვარდა და არ არსებობს ეს ამბავი?! როგორ მზარდად შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში აშშ-ი და სად არის საქართველო?!

არის აშშ-ის ინტერესი სომხეთში - 9-მილიარდზეა ლაპარაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთიდან რუსული ბაზები მთლიანად უნდა გავიდეს. ფაშინიანს, რომელსაც არჩევნები აქვს, მხარი დაუჭირეს. გარანტიები მიიღო აზერბაიჯანმა და საქართველო არის ჩამალული, ბუჩქებში შემძვრალი მაშინ, როდესაც მწვავე პრობლემები აქვს. ხომ შეიძლებოდა სადღაც ჩვენც ვმსხდარიყავით?!

ჩვენ დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში ძალიან დიდი შანსები და შესაძლებლობები დავკარგეთ. დავკარგეთ შესაძლებლობა იმისა, ვყოფილიყავით ბევრად უკეთესს მდგომარეობაში, ვიდრე დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭებამდე ვიყავით. დავკარგეთ არა მხოლოდ პოლიტიკური კაპიტალი საერთაშორისო ურთიერთობებში, არამედ დავკარგეთ ეკონომიკა, ფინანსები - დავკარგეთ ბევრი რამ მათ შორის კონფლიქტების მოწესრიგების კონტექსტში. ხელიდან ძალიან სერიოზული შესაძლებლობები გავუშვით!

უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ტარდება მიუნხენში, სადაც ახალი იდეები ჩნდება, მიმდინარეობს გადანაწილება და სად ვართ ჩვენ?! - არა ვარ არსად და როცა არსად არა ხარ, აღმოჩნდები ორმოში! მიუნხენის კონფერენციაზე ახალ წესრიგზეა საუბარი - საუბარია გლობალურ ბაზრებზე, უსაფრთხოებაზე, ექსპორტ-იმპორტის ჯაჭვის გარანტიებზე, რუსეთ-უკრაინის თემაზე. ასეთ დიდი საკითხებზე მიდის მსჯელობა და ჩვენ აქ ძალიან სუსტი პოზიციებით მივდივართ. ყველა კარტი, რომელიც გვიჭირავს, არის გაჭრილი! - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ტუღუშმა უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებებიც შეაფასა და საუნივერსიტეტო რეფორმას სისტემის ნგრევა უწოდა.

ტუღუშის თქმით, ანადგურებენ იმას, რაც საუკეთესოა.

„ვერ გეტყვით, ასეთ მოქმედებებს რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს რეფორმასთან. ეს არის სისტემის ნგრევა პირდაპირი მნიშვნელობით და არანაირი კავშირი მას რეფორმასთან არა აქვს. ანადგურებენ იმას, რაც საუკეთესოა. მაგალითად ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი პირდაპირი მნიშვნელობით ნგრევაა და არანაირი კავშირი სიტყვა რეფორმასთან არა აქვს. ის, რაც საუკეთესოა აკადემიურ და კვლევით ნაწილში და რითაც ილიას უნივერსიტეტი გამორჩეულია, ანადგურებენ. ასევე, შეუძლებელია რეფორმა უწოდო, როცა ორ ისტორიულ უნივერსიტეტს უგუნურად აერთიანებდნენ. ესეც ასევე ნგრევა იყო. ყველა იდეა რაც მოვისმინეთ რეგიონებში მოქმედ უნივერსიტეტებთან დაკავშირებით ასევე არის ამ უნივერსიტეტების ნგრევა. ასევე ნგრევას ვუწოდებდი სოხუმის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ გეგმას. ეს არის კლასიკური ნგრევა!

პუშკინის სახელობის ინსტიტუტი გამახსენდა, რაც ილიაუნის ადრე ერქვა. ალბათ, სახელსაც გადაარქმევენ და რაღაცა ასეთ დაარქმევენ, რადგან იმ დროში გვაბრუნებენ. ეს არის საბჭოთა სულისკვეთება თავისი არსით, კონტროლის არსით, ნგრევის არსით და ანტიცივილიზაციური არსით, რომელიც ახასიათებს ხალხს, ვინც არის მართვის სადავეებთან.

ძალიან საგულისხმოა, თუ რამდენი პროგრამა უქმდება, რომელშიც ამხელა შრომაა ჩადებული. ქვეყანამ უნდა დაინახოს, რომ ეს არის საკითხი, რის მიმართაც შეუძლებელია იყო გულგრილი. პროტესტის გამოხატვის და ემოციების გარეშე ამ საკითხზე საუბარი ძალიან ძნელია“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ტუღუშის თქმით, „ქართული ოცნების“ არსებულმა გუნდმა მანევრირების ყველა საშუალება და რესურსი დიდი ხანია ამოწურა. ტუღუში დარწმუნებულია, რომ „ხელისუფლების ყოველდღიური უგუნური ნაბიჯებით“ მათი მომხრეებიც ფხიზლდებიან.

„ეჭვი მეპარება, რომ “ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს ფართო გაგებით ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის გადატეხვა. იმის მიუხედავად, რომ პროდასავლური საზოგადოება დაზიანდა - ადამიანები დაიჭირეს, ციხეები სავსეა პოლიტიკური პატიმრებით, ისეთი ადამიანებით, როგორც არის მზია ამაღლობელი, ახალგაზრდები, ასაკოვანი ადამიანები, ხელოვანები და სხვა სფეროს წარმომადგენლები. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ფინანსური რესურსები გადაკეტეს და აპირებენ, რომ ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის გზით გააუქმონ, პარტიული სისტემა საერთოდ მოშალონ, განდევნონ თავისუფალი აზრი მათ შორის მედიებიდან, ამის მიუხედავად არ ჩერდება პროტესტი და არც გაჩერდება. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების ყოველდღიური უგუნური ნაბიჯებით მათი მომხრეები და მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი საზოგადოება, რომელსაც ათასგვარი შეთქმულებითი ბოდვებით კვებავდნენ, ფხიზლდება“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!