სოფო ხორგუანი - მოვუწოდებთ ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი შენარჩუნდეს იმ ფორმით, რაც დღეს აქვს - ლიკვიდაციააა, რასაც გვთავაზობენ

ამ გადაწყვეტილებით იწყება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი, რეალურად, ლიკვიდაცია ჰქვია, რასაც გვთავაზობენ - მოვუწოდებთ, ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს ეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი შენარჩუნდეს იმ ფორმით, რაც მას დღეს აქვს,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა სოფო ხორგუანმა უმაღლესი განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხორგუანი აღნიშნავს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ განათლების კერა.

„აფხაზეთი საქართველოა! გვინდა გამოვეხმაუროთ ირაკლი კობახიძის ანტიეროვნულ, ანტიქართულ გადაწყვეტილებას, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილემ გივი მიქანაძემ გაახმოვანა. ამ გადაწყვეტილებით იწყება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი, რეალურად, ლიკვიდაცია ჰქვია, რასაც გვთავაზობენ.

ირაკლი კობახიძემ დადო საჯარო დაპირება, როცა პარლამენტში იყო მოსული და ჩვენს კითხვას უპასუხა, თუ რას უპირებდა ომგადატანილ, დევნილ უნივერსიტეტს. მან თქვა, რომ შეინარჩუნებდნენ. აქვე, ყოველ ჯერზე ახსენებდნენ ისტორიული გამოცდილებით არსებულ პროფილს, მაგრამ ირაკლი კობახიძემ ამჯერადაც მოიტყუა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ განათლების კერა. ჩვენ გვყავს აფხაზეთის მთავრობა დევნილობაში, მაგრამ სოხუმის უნივერსიტეტის მნიშვნელობა ბევრად მეტია.

საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის იყო განათლების უფლებისთვის ბრძოლასთან გათანაბრებული! სოხუმში ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებას სამშობლოს მოყვარული ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. უკვე ომგადატანილმა დევნილებმა წვალებით 1993 წლის ნოემბერში აღადგინეს თბილისში და დღემდე მოიტანეს. 500-მდე პროფესორ-მასწავლებელი და 3 ათასამდე სტუდენტი ჰყავს დღეს.

ამ უნივერსიტეტის შენარჩუნებას აქვს მორალური, ჰუმანური და პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს არის მეხსიერების ადგილი, იდენტობის შენარჩუნების და გადარჩენის ადგილი, აფხაზეთთან ერთიანობის სიმბოლო. ეს არის ადგილი, რომელმაც გადაარჩინა ბევრი დევნილი იმ საშინელ წლებში. გადარჩენა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენა არ არის. ეს არის სილის გაწვნა თითოეული დევნილისთვის. დევნილისთვის, რომელიც ყოველ დღე ცხოვრობს იმედით, რომ სახლში, აფხაზეთში დაბრუნდება. რას სთავაზობენ დევნილებს?! მიზერულ დახმარებას და წლობით რიგში დგომას ბინებისთვის, ამ პროცესშიც კი პოლიტიკური კორუფცია გვაქვს. რას ეუბნება ამ გადაწყვეტილებით ირაკლი კობახიძე დევნილებს, რომლებიც ოცნებობენ შინ დაბრუნებაზე, რომ იქ ჩაიტანონ ცოდნა და გამოცდილება და წვლილი შეიტანონ სამშობლოს აღორძინებაში.

მოვუწოდებთ ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს ეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი შენარჩუნდეს იმ ფორმით, რაც მას აქვს დღეს.

და კიდევ ერთხელ, აფხაზეთი საქართველოა! როგორც ჩანს, ხშირად უნდა შევახსენოთ ძალაუფლების მიმტაცებლებს. ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში, დავიბრუნებთ აფხაზებს და ერთად ავაშენებთ ერთიან და განვითარებულ საქართველოს! საქართველო იმარჯვებს! აფხაზეთი საქართველოა!“, -აღნიშნავს ხორგუანი.

ცნობისთვის, განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას. ასევე დადგინდა კვოტები, თუ რამდენ სტუდენტს მიიღებენ უნივერსიტეტები. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს, თსუ-ში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 6650-ით განისაზღვრა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე მომდევნო სასწავლო წელს 3880 მისაღები ადგილი იქნება გათვალისწინებული, ხოლო ილიას უნივერსიტეტს, სასწავლებელში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - მედიცინის სპეციალობებზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე. ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.

ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე. ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა