გია ვოლსკი - აშშ-სთან გარდამავალი ურთიერთობები გამოწვევაა, მაგრამ დღეს რაც გვაქვს, გვაძლევს საფუძველს, ოპტიმისტები ვიყოთ, რომ ჩვენი ურთიერთობები კვლავ დაუბრუნდება სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს

[აშშ-სთან] გარდამავალი ურთიერთობები, გარკვეულწილად, გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ დღეს რაც გვაქვს, გვაძლევს საფუძველს, ოპტიმისტები ვიყოთ - ჩვენი ურთიერთობები კვლავ დაუბრუნდება სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის „ნეტგაზეთისთვის“ მიცემული კომენტარი შეაფასა.

ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მასალით, „ნეტგაზეთმა“ „გარკვეული „მეისჯი“ გაუგზავნა იმ ადამიანებს, ვინც პროტესტით არის ქუჩაში გამოსული და დღეს საკმაოდ ცუდ ხასიათზე არიან“.

მისივე თქმით, საქართველო არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც.

„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არ ყოფილა. „ნეტგაზეთმა“ სახელმწიფო დეპარტამენტის რაღაც დონეზე იკითხა და მიიღო ეს პასუხი. ვისგან მიიღო [პასუხი], როდის მოხდა ეს საუბარი, არ ვიცით, თუმცა იმას სრულად ვეთანხმებით, რომ აშშ-სთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს და ეს ურთიერთობა სხვადასხვა იყო. იყო ძალიან პოზიტიური ეტაპები, რამაც მოგვიყვანა სტრატეგიულ პარტნიორამდე. იყო საკმაოდ მძიმე ეტაპიც, როდესაც აშშ-ის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან 45 მლნ დოლარი იქნა შემოტანილი წინასაარჩევნო პერიოდში კონკრეტული მიზნით, რაც, მადლობა ღმერთს, ახალმა ადმინისტრაციამ გამოავლინა და აკრძალა კიდეც. ასე რომ, ეს გარდამავალი ურთიერთობები, გარკვეულწილად, გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ დღეს რაც გვაქვს, გვაძლევს საფუძველს, ოპტიმისტები ვიყოთ - ჩვენი ურთიერთობები კვლავ დაუბრუნდება სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს.

რაც შეეხება „ნეტგაზეთს“,მე არ გამოვრიცხავ, დიდი ალბათობით, გარკვეული „მესიჯი“ გაუგზავნა იმ ადამიანებს, ვინც პროტესტით არის ქუჩაში გამოსული და დღეს საკმაოდ ცუდ ხასიათზე არიან, მხედველობაში მაქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. არა თუ ცუდ ხასიათზე, ისტერიკაში არიან იმის გამო, რა ურთიერთობები ვითარდება. ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება. აქედან გამომდინარე, ეს განცხადება, გარკვეულწილად, შეშველებას ჰგავს იმ რწმენისა, რომ“ნუ გეშინიათ, ჩვენ მაინც აშშ-სთან გვაქვს ის ურთიერთობა, რომ საქართველოს კვლავ დასჯიან, როგორც უპირებდნენ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ნუ გეშინიათ, ჩვენ აქ ვართ“. მე როგორც ვხედავ, ეს არის „ნეტგაზეთის“ ინტერესი. ვნახოთ როგორ განვითარდება [მოვლენები],“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ნეტგაზეთმა“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ჰკითხა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველო-ირანს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობებს აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობებზე და უფრო ფართო რეგიონულ პოლიტიკურ საკითხებზე.

პასუხში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის".

„ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის.

სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობისა და კეთილდღეობისგან, რომელსაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პასუხში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი